“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე უფლებამოსილების შესრულებას 9 ნოემბრიდან შეუდგება.
როგორც გიგი წერეთელმა განაცხადა, შესაბამისი ოფიციალური წერილი პირადად მან, პარლამენტმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში პარლამენტის დელეგაციამ უკვე მიიღო.
”ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოქმედი პრეზიდენტი ავსტრიაში გამართულ არჩევნებში დამარცხდა. არჩევნებში წაგების შედეგად მას ავსტრიის პარლამენტში უფლებამოსილება უწყდება და ვერც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი იქნება. შესაბამისად, ის ტოვებს ავსტრიის პარლამენტს და ასევე, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას. ასეთ შემთხვევაში, ეუთოს რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ თუკი პრეზიდენტს უფლებამოსილება ვადაზე ადრე უწყდება, მაშინ ვიცე-პრეზიდენტი, რომელსაც ეუთოს საპარლამეტო ასამბლეაში საქმიანობის ყველაზე ხანგრძლივი გამოცდილება აქვს, პრეზიდენტის პოსტს იკავებს. მოცემულ შემთხვევაში ასეთი ვარ მე, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ორი ვადით ვარ არჩეული. შესაბამისად, მე ვიკავებ პრეზიდენტის პოსტს. ოფიციალურად ჩემი საპრეზიდენტო უფლებამოსილება 9 ნოემბრიდან დაიწყება”, – განმარტა გიგი წერეთელმა.
მისივე თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხელახალი არჩევნები მომავალი წლის ივლისში გაიმართება. ”თუკი გასული წლის პერიპეტიებს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ სამართლიანობა აღდგა. მაშინ არჩევნები ძალით წამაგებინებს. ის, რაც მოხდა, კარგია და ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მსოფლიოში ყველზე დიდი საპარლამენტო გაერთიანებაა”, – აღნიშნა წერეთელმა.