„გიორგი ანწუხელიძის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის, რუსი და ოსი ნაძირალები, ბანდიტები ერთ რამეს სთხოვდნენ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო. ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე – ოფისში ჩემზე გინებით მოსულები არიან ტურები! ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან“ – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის და იმ ადამიანთა ფოტოები წარმოადგინა, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს თავს დაესხნენ და შენობა დააზიანეს:
„მე მინდა გაჩვენოთ, რა ხალხი ესხმოდა ჩვენ ოფისს. ეს არის ხალხი, ვინც ოფისს ესხმოდა და ეს არის გიორგი ანწუხელიძე (გიორგი ანწუხელიძის წამების ამსახველი ამაზრზენი ფოტო). მე ვიყავი მის სოფელში, ვნახე დედამისი და ამ ბიჭის გმირობა მართლა შემთხვევითი არ არის. ერთ რამეს სთხოვდნენ მხოლოდ, მიშა სააკაშვილს შეაგინეო, რამდენიმე წუთის განმავლობაში რუსები და ოსი ნაძირალები, ბანდიტები! ნეტავი, შევეგინებინე და ნეტავი, ამას დაეხსნა მისი სიცოცხლე, მაგრამ მან მისი ღირსება დაიცვა და სიტყვა ვერ დააცდევინეს ჩემზე.
ესენი არიან ჩემზე გინებებით ოფისთან მოსულები, ეს ტურები. ეს ხალხი, ვინც ოფისთან მოვიდა დასარბევად, ზუსტად ანწუხელიძის მკვლელები არიან. ეს ხალხი მეორედ და მესამედ კლავს ანწუხელიძეს, როდესაც ქართველებს ესხმიან თავს. ესენი არიან ის ტურები, ვინც მთლიანად მიეყიდნენ საქართველოს მტრებს და მთლიანად გაყიდეს სამშობლო, მართლა ეზიზღებათ საკუთარი ქვეყანა და საბედნიეროდ, ისინი წააწყდნენ ჩვენი ახალგაზრდობის ძალიან დიდ წინააღმდეგობას. ანწუხელიძეა ერთ მხარეს და მეორე მხარეს არიან ის ტურები. ამიტომ, ვინაიდან, ისინი ვერცერთი მათემატიკით ვერ მოიგებენ, 26 ოქტომბერი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში. ეს იქნება დღე, როდესაც აბსოლუტურად ყველა უნდა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და აუცილებლად გავიმარჯვებთ“ – განაცხადა სააკაშვილმა.
ყოფილმა პრეზიდენტმა, სასამართლო პროცესზე თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და წაიკითხა გალაკტიონ ტაბიძის ლექსი „დროშები ჩქარა“.
სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისზე მომხდარ თავდასხმას:
„გახსოვთ ისტორია, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს სპეცრაზმი გადაუსვეს, ვსაუბრობ ნიკა მელიაზე… ახლა, უკვე თავდასხმების ჩვეულებრივ მომენტად იქცა“ -განაცხადა სააკაშვილმა.