LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ანწუხელიძის მეუღლე მიმართვას ავრცელებს: „ჩემს შვილებს პოლიტიკასთან არაფერი აქვთ საერთო.. არ ვფიქრობ, სწორი იყოს მათი ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში“

265
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (8)

საქართველოს ეროვნული გმირის – გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე საკუთარ ფეისბუკგვერდზე საჯარო მიმართვას ავრცელებს და წერს, რომ გარკვეული პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავების მიზნით, მისი არასრულწლოვანი შვილების ფოტოების გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

როგორც „ფორტუნასთან“ საუბარში, მაკა ჩიკვილაძემ დააზუსტა, საუბარი აქვს ერთ-ერთ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ პოსტზე.

„მოვდივარ ჩვენი შვილების მომავლისთვის!“ – ამ სახელწოდებით არის დაანონსებული ფეისბუკგვერდზე „აი უცნობი • i ucnobi“ აქცია, ხოლო ბანერზე გიორგი ანწუხელიძის შვილის ფოტოა გამოყენებული, რაზედაც როგორც მაკა ჩიკვილაძე აღნიშნავს, მას ნებართვა არ გაუცია.

როგორც გიორგი ანწუხელიძის მეუღლე ამბობს, მის შვილებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს და დაუშვებლად მიიჩნევს თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად, მისი შვილების პოლიტიკურ დღის წესრიგში ჩართვას.

„ჩემს შვილებს პოლიტიკასთან არაფერი აქვთ საერთო.. არსად არ უნდა გამოიყენონ [ფოტოები], ჩემი აზრი ჩემს გვერდზე დავაფიქსირე და იმედია მივა ადრესატამდე“, – გვითხრა მაკა ჩიკვილაძემ.

მის საჯარო პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ამ ომში მონაწილე ჩვენი ჯარისკაცები საკუთარი სიცოცხლით, რისკის ფასად იცავდნენ სამშობლოს, ღირსებას, თავისუფლებას. ესაა ჯარისკაცის ვალი, რომელიც ჩემმა მეუღლემ ღირსეულად მოიხადა. მიუხედავად ჩემი პირადი ტრაგედიისა, არასოდეს მიფიქრია, რომ გიორგის სხვაგვარად შეეძლო მოქცევა, ან მოიქცეოდა დღეს, ცოცხალი რომ ყოფილიყო  და სამშობლოს კვლავ დასჭირვებოდა  მისი სიცოცხლე.

გიორგი ანწუხელიძე  ჩემთვის არ არის  მხოლოდ ოჯახის წევრი, ის  ჩემთვის, ისევე როგორც ბევრი ქართველისთვის, არის მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს ქვეყანა. ასეთი  მაგალითები ქმნიან  ჩვენს ისტორიას, ეროვნულ თვითშეგნებას და ვალდებულებებს.

ჩემი მეუღლის სტატუსიდან გამომდინარე, მაქსიმალურად ვცდილობ, რომ  საჯაროდ ნაკლებად დავაფიქსირო ჩემი სუბიექტური მოსაზრებები სხვადასხვა თემებზე და მხოლოდ  იმ საკითხებზე გამოვთქვა  აზრი,  რომლებიც ჩვენი  საზოგადოებისთვის საერთო, სასიკეთო  მიზნებს,  ღირებულებებს, აუცილებელ პრინციპებს ეხება.

ვცდილობ ჩემი პოზიციებით ისეთი  შეხედულებები გამოვხატო, რომლებიც  არ დატოვებს ინტერპრეტაციის საშუალებას და არ დაემთხვევა  რომელიმე საზოგადოებრივი, თუ პოლიტიკური ჯგუფის დღის წესრიგს.  მიმაჩნია, რომ მით უმეტეს, არაა მიზანშეწონილი, ვინმემ ჩემი არასრულწლოვანი შვილები, თუნდაც ირიბად, მათგან დამოუკიდებლად  ჩართოს რაიმე პოლიტიკურ დღის წესრიგში.

არ ვფიქრობ, სწორი იყოს კონკრეტულად ჩემი შვილების ფოტოების გამოყენება აქციებზე და აქციის მოწოდებებში. დღეს მათ არ აქვთ და ვერ ექნებათ ყველა ფაქტსა და მოსაზრებაზე საკუთარი შეხედულება, ამიტომ ჩემი მოვალეობაა სხვათა  მოსაზრებებისგან მათი  დისტანცირება მანამ, სანამ თავად არ ექნებათ სრულყოფილი საშუალება გადაწყვიტონ და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია სხვადასხვა თემებზე.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, ბავშვების უფლებები და ჩემი დამოკიდებულება. იმედი მაქვს,  ეს  საჯარო თხოვნა მიაღწევს  ადრესატამდე, კონკრეტული ფაქტებისა და ადამიანების დასახელების,  ზედმეტი განხილვების გარეშე“, – წერს მაკა ჩიკვილაძე.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები