„მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა – ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით“, – ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს განაცხადა.
როგორც მანვე აღნიშნა, როდესაც მის წინააღმდეგ ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, დაიწყო მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები, რის შემდეგაც, პირადი ინფორმაციის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, მისი ციხეში წამება იგეგმებოდა, ქვეყანა დატოვა.
„დღეს უფრო ცხადია ამ საქმის აბსურდულობა და ფაქტები, რომლებზეც აპელირებს ბრალდების მხარე. დოკუმენტები მიგვითითებს, რომ ეს იყო სესხი, თუმცა ბრალდების მხარე და ივანიშვილის ჩვენება მიუთითებს იმაზე, რომ ეს ფული იყო ინვესტიცია. მაშინ, რატომ არ დასვა კითხვა, თუ სად იყო ინვესტიციით მიღებული შემოსავალი?
ამ ვითარებაში ვიმყოფები 2 წელია. ეს გამოიწვია ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის აზრთა სხვადასხვაობამ, „გლობალურ ომის პარტიასთან“ დაკავშირებულ რიტორიკასთან მიმართებით და ეს რიტორიკა ჩემს წინააღმდეგ საქმის დაწყებასთან ერთად უფრო გაღრმავდა. მე უარი ვთქვი ანტიდასავლურ პროპაგანდაზე და ეს მან [ბიძინა ივანიშვილმა] ღალატად ჩათვალა.
გიორგი ბაჩიაშვილი: „ივანიშვილს ჩემგან უნდოდა ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელება, რაზეც უარი ვუთხარი, შემდეგ იფიქრა: „უი, ბიტკოინით ფულის შოვნა შეიძლება“ და ჩემი დაყაჩაღება დაიწყო – აქ არის მისი ადგილი, მოვა მაგის დროც“
„2016 წლის ნოემბერში სესხი გავისტუმრე თავის პროცენტიანად და არავის არანაირი პრეტენზია არ ქონია.“
როდესაც ულტიმატუმის ვადა ამოიწურა, რომლის მიხედვით მე ფულის დაბრუნებას მთხოვდა და წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ფულს არ დავაბრუნებდი, მისი ოდენობა გაიზრდებოდა, ამ ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ დაიწყო ჩემს წინააღმდეგ პროცესი.
შემდეგ მივიღე ინფორმაცია, რომ ციხეში შენს წამებას აპირებენო და ამიტომ ქვეყნის დატოვება მომიწია. თავზე მეშოკჩამოკიდებული ჩამომიყვანეს, ვითომ მწვანე ზონაში მნახეს და იზოლატორში მომათავსეს. ამ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა.
ამის შემდეგ, ციხეში ხდება ის, რასაც ივანიშვილი დამპირდა, ჯალათი შემომიგზავნეს, რომელმაც დაზიანებები მომაყენა. დღემდე არ მაქვს დაზარალებულის სტატუსი.
ჩემს წინააღმდეგ საქმე ძველი, მხედრიონული, 90-იანების მეთოდებით მიმდინარეობს, თავისი ციხეში წამებით. დღეს ხართ არჩევანის წინაშე, იმედი მაქვს, რომ თქვენზე ზეწოლა არ გაჭრის [ბაჩიაშვილი პროკურორს]. ვერ შემაშინებთ ვერაფრით, ვერც 11 წლიანი სასჯელით“,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაში, „2 აბზაციც არ არის ისეთი, სადაც მან არ მოიტყუა“:
„[პროკურორი] ზეწოლის ქვეშ არის და რის გამო აკეთებს ამას? ეშინია რამის? ეს წინა მთავრობის დროსაც იყო. ახლა გაქვთ შანსი, რომ არ შერცხვეთ და წლების შემდეგ არ შეგრცხვეთ შვილებისთვის თვალებში ჩახედვის.
რაც შეეხება მტკიცებულებებს, ბრალდება მტკიცებულებების მაღალ ხარისხზე საუბრობდა, თუმცა დაბალი ხარისხის ინტერპრეტაციით. ივანიშვილის ჩვენებაში 2 აბზაცსაც ვერ ნახავთ, რომ არ იტყუებოდეს“. – განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, სააპელაციო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დღეს, 12 აგვისტოს 12 საათზე გაიმართება, სადაც განაჩენი გამოცხადდება.
საქმე „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება, რაზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს ბიძინა ივანიშვილისთვის 9000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა