დღესდღეობით მსოფლიოს მრავალი წამყვანი საოპერო თეატრი პანდემიის გამო დაკეტილია. ამ ბოლო პერიოდში მხოლოდ რამდენიმემ განაახლა ცხოვრება, ისიც საკონცერტო შესრულებით. ერთ-ერთი ქვეყანა სადაც საოპერო სპექტაკლები იმართება, რა თქმა უნდა ყველა რეგულაციის დაცვით, არის ესპანეთი. ამ ქვეყანაში თავს იყრიან საოპერო ვარსკვლავები.
აღსანიშნავია, რომ გრან კანარიის საოპერო თეატრი Opera de Las Palmas თავის 54-ე სეზონს საზეიმოდ ჯუზეპე ვერდის ოპერით „მაკბეტი“ დახურავს, რომელშიც მთავარ პარტიებს მსოფლიოში აღიარებული ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე და სახელგანთქმული იტალიელი სოპრანო ანა პიროცი შეასრულებენ.
სეზონის დახურვამდე Opera de Las Palmas თეატრის ხელმძღვანელობამ მოაწყო პრესკონფერენცია, სადაც ბევრი საინტერესო დეტალი გაჟღერდა. იმდენად დიდი იყო მოთხოვნა “მაკბეტზე“ დასწრებისა, რომ გრან კანარიის თეატრის დირექციამ მიიღო გადაწყვეტილება სპექტაკლი უფრო დიდ დარბაზში – Alfredo Craus Auditorium-ში გადაეტანა, რომელშიც 2000 მაყურებელი ეტევა (რეგულაციების დაცვით 1500). Alfredo Craus Auditorium სამხატვრო ხელმძღვანელმა ულისეს ხაენმა განაცხადა:“შექსპირის დრამით შთაგონებული ვერდის „მაკბეტი“ რომ გაგვეცოცხლებინა ჩვენ საუკეთესო ვარსკვლავები მოვიწვიეთ.
მაყურებელს საშუალება ექნება მოუსმინოს გიორგი გაგნიძეს, რომელმაც მაკბეტის პარტია უდიდესი წარმატებით შეასრულა მეტროპოლიტენ ოპერაში მაესტრო ფაბიო ლუიზის ხელმძღვანელობით“.
გიორგი გაგნიძემ აღნიშნავნა, რომ მისთვის დიდი პატივია გამოვიდეს გამოჩენილი ესპანელი ტენორის ალფრედო კრაუსის სამშობლოში, თანაც მაკბეტის ურთულესი როლით, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს როგორც ვოკალური, ისე დრამატული, მსახიობური თვალსაზრისით.
მისთვის ყველაზე საინტერესო ამ მხრივ „მაკბეტის“ მესამე აქტია, სადაც გმირი რეალური სამყაროდან არარეალურში გადადის. გიორგი გაგნიძის დებიუტი ამ პარტიაში 2013 გენუის ოპერის თეატრში Carlo Felice-ში შედგა და მას პარტნიორობას უწევდა ერთ-ერთი საუკეთესო ლედი მაკბეტი – მარია გულეგინა.
Opera de Las Palmas – ში ვერდის „მაკბეტი“-ს სპექტაკლები 15, 17 და 19 ივნისს გაიმართება. სპექტაკლი ცნობილმა ესპანელმა რეჟისორმა ალფონსო რომერომ დადგა. წარმოდგენებს იტალიელი მაესტრო ფრანჩესო ივან ჩამპა უდირიჟორებს.
ფოტოგრაფი ნაჩო გონზალესი / ოპერა დე ლას პალმას
photos by Nacho González / Ópera de Las Palmas de G.C.