შვიდთვიანი პანდემიური პაუზის შემდეგ ნეაპოლის სან კარლოს თეატრში დაბრუნდა ნანატრი ცოცხალი შოუ და მაყურებლისთვის კარები გაიღო. 14 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით იტალიის უძველეს საოპერო თეატრში წარმოდგენილი იყო ყველასათვის საყვარელი ოპერა – ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“. ბარიტონის მთავარ როლზე მიწვეული გახლდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ქართველი მომღერალი გიორგი გაგნიძე, რომელმაც ჟორჟ ჟერმონის პარტია ორ სხვადასხვა შემადგენლობასთან ერთად 7 სპექტაკლში შეასრულა. მას პარტნიორობას უწევდნენ: ალესანდრა კურსაკი, აილინ პერესი, პიერო პრეტი, ივან მაგრი. სპექტაკლს ბრიტანელი მაესტრო კარელ მარკ ჩიჩონი დირიჟორობდა. რეჟისორ მარინა ბიანკის ნახევრად სცენიური დადგმა მინიმალიზმით გამოირჩეოდა.
საოცრად ემოციური იყო ეს სპექტაკლი ყველასათვის. მომღერლები მონატრებულები იყვნენ მაყურებლის გულწრფელ ემოციებს, ცოცხალ აპლოდისმენტებს, ხოლო დამსწრე საზოგადოება – ჭეშმარიტ ხელოვნებასთან უშუალო ზიარებას.
განსაკუთრებული ყურადღება იყო მიბყრობილი ცნობილი ქართველი მომღერლის გიორგი გაგნიძისადმი. მასზე სპეციალური სტატიები დაიწერა ცნობილ გაზეთებში Corriere della sera და La Repubblica.
ცნობილი იტალიური გამოცემა L’Ape Musicale წერდა: „ქართველი ბარიტონი გიორგი გაგნიძე, რომელიც ძალზედ დაფასებულია სან კარლოში, ჟორჟ ჟერმონის პერსონაჟს გამორჩეული ხმით ამკობს: ლამაზი ტემბრით, იგი დამაჯერებლად დომინირებს ტექტზე, დემონსტრირებას ახდენს საუკეთესო ლეგატოსი და ყოველთვის ადეკვატურად გვიშლის ხმის დიაპაზონს. ის არის უფრო მეტად ავტორიტეტული მამა, ვიდრე ავტორიტარული, ღირსეული, ზომიერი ინტერპრეტაციისას და მუდამ ელეგანტური სიმღერის ხაზის ჩვენების დროს. მთავარი გმირების ტრიოში გიორგი გაგნიძე იყო საუკეთესო.
აღსანიშნავია ასევე რეცენზია, რომელიც დაიბეჭდა Vesuviolive – ში: „გიორგი გაგნიძის მიერ შესრულებული ჟერმონი მამის პარტია უფრო მეტ სიღრმეს იძენს ამ გამორჩეულად ინტიმურ ვერსიაში. მასში გამოიკვეთება იერარქიული, მაგრამ ამასთანავე ნამდვილად მამობრივი გრძნობები, რომელსაც ძალუძს შეიგრძნოს მიყენებული ტკივილი. მისი სიმღერის საიუველირო ნიმუში „Di Provenza il mar, il sol“, რომელიც წარმოადგენს უშფოთველობის ნამდვილ ოაზისს ვნებების ქარცეცხლში, შესანიშნავად შეასრულა ქართველმა ბარიტონმა.”
Connessi all’Opera წერდა: „ბარიტონი გიორგი გაგნიძე მამა ჟერმონის როლის ღირსეული შემსრულებელია. მის პირველივე ფრაზაში შეიგრძნობა სტილის და ინტონაციის ღრმა წვდომის უნარი, ტემბრის მრავალფეროვნება და კეთილშობილება.“