პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობა თავიდან განსახილველი და გადასახედია.
გიორგი გახარიას თქმით, არის დარგები, სადაც საჭიროა ახალი პროგრამების შემოღება, ასევე არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები იქნება გასაუქმებელი, რადგან აღნიშნული ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება სხვა მიმართულებით იქნას გამოყენებული.
„სახელმწიფო ფინანსური მხარდაჭერის ბევრი ინსტრუმენტი არსებობს, რაც ეფექტურად მუშაობს დღეს. ეს არის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამები. ჩვენ უნდა დავსხდეთ და ამ პროგრამების ეფექტურობა თავიდან განვიხილოთ. არის დარგები, სადაც ჩვენ დაგვჭირდება ახალი პროგრამების შემოღება, არის დარგები და მიმართულებები, სადაც პროგრამები იქნება გასაუქმებელი, იმიტომ, რომ ეს ხარჯი და ფინანსური რესურსი ბევრად უფრო ეფექტიანად შეიძლება გამოვიყენოთ სხვაგან. ესეც სერიოზული შინაარსობრივი სამუშაოა, რომელიც ერთად უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
