შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, მზადყოფნა გამოთქვა, უახლოეს პერიოდში პირისპირ ესაუბროს აქციის ორგანიზატორებს და პასუხი გასცეს ყველა იმ კითხვას, რაც მათ კლუბებთან დაკავშირებით დაუგროვდათ.
“მე არ მინდა პირდაპირ ეთერში ამ საქმის დეტალებში შევიდე. ადგილზე უფრო სწორად ვთვლი ამ კითხვებზე პასუხის გაცემას. არ მინდა დამატებითი გამწვავების საბაბი შევქმნა. ვთვლი, რომ აუცილებელია პირადად გავცე კითხვებს პასუხი და მე ამისთვის მზად ვარ”, – განაცხადა გახარიამ.
გახარიამ ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, პოლიციას რუსთაველის გამზირზე, მუშაობის საშუალება მისცენ.
მე მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც დღეს, ამ წუთში შეკრებილი არიან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, დღეს მთელი დღე და გუშინ პოლიცია აკეთებდა მაქსიმუმს, რათა დაიცვას უსაფრთხოება და გამოხატვის უფლება ჩვენი მოქალაქეების. პოლიცია გააკეთებს მაქსიმუმს, რომ დაიცვას ეს უფლება და პირველ რიგში თითოეული ჩვენი თანამოქალაქის უსაფრთხოება.
მიუხედავად დაძაბული ეფექტისა, რომელიც ეკრანზე ჩანს, ადგილზე პოლიცია სრულად აკონტროლებს სიტუაციას. იმედი გვაქვს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებთან, რომლებსაც გაუჩნდათ შეკითხვები, ადგილზე გავცემთ პასუხს და კიდევ უფრო დავამშვიდებთ სიტუაციას. ერთად ვიპოვით გამოსავალს ამ კრიზისული სიტუაციიდან“, -განაცხადა გახარიამ.