“მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება,”-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით გიორგი გახარიას გადაწყვეტილება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ არის გაუგებარი და შეუწყნარებელი.
„როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს პატიმრობის შესახებ, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, მაგრამ პოლიტიკური ნაწილი შეიძლება იყოს – რა დროს და რა ფორმით უნდა მოხდეს აყვანა, რომ ზიანი იყოს ნაკლები. ამ დროს პრემიერის სიტყვა არის გადამწყვეტი და თუ ის იტყოდა, რომ – არა, ბუნებრივია, ასე არ მოხდებოდა და ამ დროს გამოხვიდე ასეთი განცხადებით, გადადგე თანამდებობიდან, არ მესმის. ამავე დროს, როდესაც ამბობს, რომ ქვეყანაში პოლარიზაცია უნდა დასრულდეს, მასზე უკეთ არავინ იცის, რომ პოლარიზაციის ავტორი არის მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ეს არის ძალა, ლიდერი, რომელთაც არ შეუძლიათ პოლარიზაციის გარეშე. ეს არის მათი ბუნებრივი გარემო და ეს კარგად დაინახა მრავალგზის.
ამ პერიოდში, ამ ფორმით წასვლა რა თქმა უნდა, იყო დამაზიანებელი და შეუწყნარებელიც ჩემი აზრით. არ შეიძლება ასეთ რამის გაკეთება გუნდის წევრისა და ლიდერისგან. მგონია, რომ მან ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება. როცა ადამიანი დგამს არასწორ ნაბიჯს, ეს მაინც აისახება მის მიმართ ნდობაზე.”-განაცხადა სუბარმა.