საქართველოს მთავარი პროკურატურა მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. საგამოძიებო უწყების ცნობით, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე ბრალდებულ გიორგანაშვილს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 24 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზატკეცილის მე-17 კმ–ზე საქართველოს შს სამინისტროს თანამშრომლების მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გაჩერებული იქნა „მერსედესის“ ფირმის რეანომობილი, რომლის მძღოლს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისგან ამოღებულ იქნა უკანონოდ შეძენილი და შენახული და საქართველოში უკანონოდ შემოტანილი განსაკუთებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 22 აბი, ხოლო მისი მართვის ქვეშ მყოფ რეანომობილში მოთავსებული სამედიცინო ინვენტარის ყუთიდან ამოღებული იქნა დამალული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 843 აბი და 2 ცალი აბის ნატეხი,” – წერია პროკურატურის განცადებაში.
განცხადების ტექსტი სრულად იხილეთ პროკურატურისა ვებ გვერდზე.