LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კალანდია: „ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას…“

38706
kalandia-urushadze-news23345

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, გიორგი კალანდია ზაზა ურუშაძის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მის პანაშვიდზე მყოფმა კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ მატერიალურად ღარიბ გარემოში ცხოვრობდა კაცი, რომელიც „ოსკარზე“ და ოქროს გლობუსზე“ იყო ნომინირებული…

გიორგი კალანდია:

„რომ არ დამეწერა, არ შემეძლო!

გუშინ საღამოს ზაზა ურუშაძის პანაშვიდზე ვიყავი, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კორპუსი, გაცვეთილი ლამინატი, გაურემონტებელი კედლები, იმ სევდიან ატმოსფეროს კიდევ უფრო მძიმეს ხდიდა ის მატერიალურად ღარიბი გარემო, რომელშიც ამ გამორჩეულმა ადამიანმა იცხოვრა, დიახ, მხოლოდ საქართველოში „ოსკარზე“ და „ოქროს გლობუსზე“ ნომინირებულ კაცს ჭამენ და გლეჯენ ცოცხლად ისინი, ვისაც კოლექტიური სახელი „კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ შეგიძლია უწოდო. ჩვენ კი საზოგადოება (თუ კი ვართ საზოგადოება) მხოლოდ მაშინ ვიღებთ ხმას როცა ძალიან გვიანია, როცა ჩვენი ვიშვი და მოთქმა მხოლოდ ლიტონი სიტყვებია! არასოდეს, არასოდეს შეგვწევს უნარი შევაჩეროთ ეს „კოლექტიური კოლტი“ და „ქაჯთა რემა“ და ვუთხრათ „არა“, არა ღვარძლისთვის, ტალახისთვის, ბულინგისთვის!

მახსენდება ერთი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ ხელოვნების სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე დავდე ჩემს მიერ გადაღებული ფილმი ხელოვნების სასახლეში დაცულ გვირგვინების კოლექციაზე და ამავე გვერდის მომხმარებელს ჩემი ფილმის ყურება მოვუწოდე, უცებ ერთი ცნობილი ფოტოგრაფის ძმისშვილი თუ დისშვილი „გამოხტა“ და მომიწოდა, საკუთარი ინტერესებისთვის არ გამომეყენებინა მუზეუმის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი, ჰოდა, დაიწყო… ატყდა ვაიუშველებელი, ლანძღვა, გინება, ბულინგი და ა.შ. ვუცქერდი ამ ვაკხანალიას და ვხდებოდი რომ ამ „კოლექტიურ კოლტსა“ და „ქაჯთა რემას“ ძალუძს უბრალოდ მოგკლას, ან მინიმუმ გულის დაავადება შეგძინოს! და მაშინ საკუთარ თავს მტკიცედ ვუთხარი, რომ ამ სიამოვნებას მათ არასოდეს მივანიჭებდი, მათ გამო არასოდეს ავიშლიდი ნერვებს…. დიახ, საქართველოში უნდა იყო მტკიცე, ვითარცა რკინა და „უშიში, ვითარცა უხორცო“, რადგან როცა უსაფუძვლოდ გლანძღავენ, დანარჩენები ისუსებიან, ან სეირს უყურებენ, ან სულაც ხალისობენ, უმეტესობას თავის ატკიება არ სურს და არც შარიანთან დაპირისპირებას ლამობს. ჰოდა, იზრდება და ფუვდება ეს კოლექტიური კოლტი და ქაჯთა რემა, ასევე ყვავიან და ხალისობენ ისინი, ვინც წარმოადგენენ პროფესიული კლანებს, საძმოებს, ჯიგრულ სადაქალო-საძმაკაცოებს. ღმერთმა არ ქნას მათ რაიმე გადაცდომაზე, დანაშაულზე ან ხარვეზზე მიუთითო, მაშინვე დაგესევა მთელი კლანი, რემა და კოლტი. შენ კი ინდივიდი, რომელიც დამოუკიდებელი პიროვნება ხარ, რომელმაც საკუთარი შრომითა და ჯაფით, პატრონებისა და მფარველების გარეშე გზა გაიკვლიე, საზოგადოებას ენდობი, თუმცა ბოლოს ხვდები რომ ეს საზოგადოება ჯერ კიდევ მაშინ დასამარდა, როცა ილიამ „ყველას მუნჯი და ყველას უტყვი“ უწოდა!

ძვირფასო ზაზა, შენთან ერთად დავტირი ჩვენს გარდაცვლილ ქართულ საზოგადოებას, რომელმაც საუბედუროდ, საკუთარი საუკეთესო შვილების გაფრთხილება, მოვლა და უბრალოდ, დაფასება არ იცის, საქართველოს ხელოვნების სასახლის კინოსადმი მიძღვნილი არქივთა აღწერილობის მე-9 ტომი შენს ხსოვნას მიუძღვენით, ნიშნად იმისა, რომ ამ ბედკრულ ქვეყანაში ჯერ კიდევ დარჩენილი იყო საზოგადოების მცირე ნაწილი, რომელსაც სიკვდილი არ სურდა და ჯანსაღი სიცოცხლისაკენ მიისწრაფოდა.

მარად შენი მეგობარი, გიორგი კალანდია“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g