გიორგი კანდელაკის ვაჟის, თარაშის ადვოკატი, შოთა მანელიძე სოციალურ ქსელში 21 წლის ბრალდებულის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ამ ფოტოზე ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდაა გადაღებული.
“უნდა დავწერო მაგარი კაცის შესახებ!!! თუმცა ის სულ რაღაც 21 წლისაა!!!
ჩემი მრავალწლიანი სამართლებრივი პრაქტიკის მანძილზე ბევრი ღირსეული ადამიანი მინახავს, თუმცა მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ამ ფოტოზე აღბეჭდილი ყმაწვილი თარაშ კანდელაკია. მასთან პირველივე შეხვედრა-საუბრისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჩემს წინაშე არა შვილის ასაკის ახალგაზრდა, არამედ უკვე ცხოვრების ავკარგ გამოვლილი უკეთილშობილესი თვისებებით შემკული პიროვნება იდგა. პიროვნება რომლის საფიქრალსაც მძიმე წუთებში არა მისი დაკავებისა და თუნდაც პატიმრობაში ყოფნის მდგომარეობა, არამედ უმთავრეს საზრუნავსა და საფიქრალს მეორე ადამიანი წარმოადგენდა. ამ ვითარების მნახველს გამახსენდა მარადიული გამონათქვამი: ,,კაცებად იბადებიან, რადგან ეს არ ისწავლება, ეს ნიჭი დასაბამიდან ღვთისგან უნდა გქონდეს მონიჭებული.”
თარაშ კანდელაკი არასოდეს არ იქნება რაიმე დაუმსახურებელი შეღავათის ძიებაში, საპყრობილეში გისოსებს მიღმა იგი საფუძვლიანი იმედით ელოდება ობიექტური და მიუკერძოებელი სამართალწარმოების შედეგს, რომლის საფუძველზე აუცილებლად უნდა გაირკვეს ყოველივე ის რასაც სინამდვილეში ჰქონდა ადგილი.
დაუშვებელია, რომ არ დადგინდეს სიმართლე!!!”
შეგახსენებთ, რომ გიორგი კანდელაკის ვაჟი გორში დააკავეს, რა დროსაც 18 წლის ახალგაზრდა ერთ-ერთ რესტორანში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაზარალდა.