19 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”აქსისის” გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე სტუმრობდა.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის სამშენებლო მასალების წარმოების ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, გიორგიმ ამავე უნივერსიტეტში მიიღო საინჟინრო მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხი. 2014 წელს კი, MBA პროგრამა გაიარა თავისუფალ უნივერსიტეტში. 1998-2000 წლებში მუშაობდა ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროში, მონაწილეობდა მსოფლიო ბანკის პროექტებში. 2001-2002 წლებში პრივატიზებულ საწარმოთა რესტრუქტურიზაციისა და მენეჯმენტის დახმარების ცენტრის საკონსულტაციო ჯგუფის ბიზნეს კონსულტანტი გახდა, 2002 წელს კი, კომპანია ”აქსისში” დაიწყო მუშაობა გაყიდვების მენეჯერად. 2003-2005 წლებში გიორგიმ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ჩაიბარა, 2005 წლიდან კი, ”აქსისის” გენერალური დირექტორი გახდა.
– რა იყო კომპანიის პირველი ინოვაცია და რა შეიძლება ჩაითვალოს დარგის განვითარების საფუძვლად?
– ”აქსისი” თავიდანვე არქიტექტურის და მშენებლობის მაღალ ხარისხზე იყო ორიენტირებული და მომხმარებელიც სწორედ ამ მახასიათებლით ცნობდა ჩვენს კომპანიას. დღესაც ასეა, მიუხედავად კრიზისისა და სხვა სირთულეებისა. ხარისხი ჩვენს კომპანიაში არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ. მართალია, მეზობელ ქვეყნებს შორის საქართველოში უძრავი ქონების ფასი ყველაზე დაბალია, მაგრამ ჩვენ მაინც ვახერხებთ მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. ვთანამშრომლობთ საკმაოდ ძვირადღირებულ უცხოურ ბრენდებთან, მათ შორის ფრანგულ კომპანია ”სენ-გობენთან”, რომელიც უკვე 350 წელია არსებობს და მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ბრენდად ითვლება თავისი ათობით მილიარდიანი შემოსავლით.
– რამდენად მომგებიანი იყო დეველოპერული ბიზნესი საქართველოში წლების წინ და რა ვითარებაა დღეს?
– მცდარია წარმოდგენა დეველოპერულ ბიზნესთან დაკავშირებით. ბევრს ჰგონია, რომ მშენებლობა ძალიან ადვილია, შემოსავალი კი – ყოველთვის გარანტირებული. სინამდვილეში, ეს საკმაოდ რთული ბიზნესია, მთავარი სირთულე კი, მისი კომპლექსურობაა, რომელიც მრავალი კომპონენტისგან შედგება და მისი მართვა დიდ გამოცდილებას მოითხოვს. თავის დროზე, რა თქმა უნდა ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით, რაც გარდაუვალი იყო, თუმცა ყველაფერი საკუთარ შეცდომებზე ვისწავლეთ.
– ზოგადად როგორია დღევანდელი ბიზნესგარემო საქართველოში?
– საკმაოდ რთული კითხვაა. ჩვენს ბიზნესგარემოზე მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა მოქმედებს, რაც ლართან დაკავშირებულ პრობლემებშიც გამოჩნდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია ბიზნესის კეთებისთვის, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ამტკიცებენ. მართალია, დეველოპერული სექტორისთვის ბაზარი პატარაა, მაგრამ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ზოგადად დეველოპმენტი რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და ეს არაა მხოლოდ საცხოვრებელი ფართები. სერიოზული დეფიციტია სასტუმროების სფეროში, მართალია აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და ჩვენც მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს, მაგრამ საკმარისი მაინც არაა, დეფიციტია სავაჭრო სივრცეების და საოფისე ფართების კუთხითაც, თუმცა პოტენციალი და მოთხოვნილება დიდია.
– რა გავლენა მოახდინა ლარის კურსის ცვლილებამ სამშენებლო ბიზნესზე?
– კრიზისი მთელ მსოფლიოს შეეხო და გამონაკლისი არც საქართველოა, ამიტომ ჩვენს ბიზნესზეც იმოქმება. მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ შარშანდელთან შედარებით, წელს 20-25 %-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ლართან დაკავშირებული პრობლემების გამო, ისევ შარშანდელი მონაცემები გავიმეორეთ. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს ბოლო პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა გვაძლევს. სტაბილური გარემო კი, უმთავრესია წარმატებული ბიზნესისთვის.
– მენეჯერობიდან გენერალურ დირექტორობამდე. როგორია გიორგი კაპანაძის მიდგომა საქმისადმი და თქვენი აზრით, რა მთავარი პრინციპები უნდა იქნას გათვალისწინებული წარმატებული ბიზნესისთვის?
– მე დღესაც მენეჯერი ვარ. გენერალური დირექტორობა არ არის განსაკუთრებული თანამდებობა. მთავარია გქონდეს მიზანი, მიზნის მისაღწევად კი, საჭიროა რისკების სწორად გათვლა, არანაკლებ მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ხედვა, რადგან ხშირად გვინახავს მოკლევადიან მოგებაზე გათვლილი ქმედებები, რაც ზოგადად ხელს უშლის მთლიანად ბიზნესის განვითარებას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია განისაზღვროს რა იქნება რამდენიმე წლის შემდეგ.
– როგორია ”აქსისის” მუშაობის პრინციპი, გუნდურად იღებთ გადაწყვეტილებებს თუ დამოუკიდებლად?
– რა თქმა უნდა გუნდურად, რადგან ეს ძალიან კომპლექსური ბიზნესია, რომელშიც მრავალი სხვადასხვა დარგია გაერთიანებული. თუ არ იქნება კომუნიკაცია, შესაძლოა მოხდეს კონფლიქტი ან აგუგებრობა. ასე რომ ”აქსისი” ერთი დიდი ოჯახია, რომელიც ყოველთვის ერთობლივად იღებს ყველა გადაწყვეტილებას.
– თქვენი აზრით, რამდენად აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია, არის თუ არა კონკურენცია თქვენთვის მოტივატორი?
– რა თქმა უნდა კონკურენციის გარეშე ვერცერთი ბიზნესი ვერ განვითარდება. ჯანსაღი კონკურენცია კი, ყოველთვის სერიოზული მოტივაციაა.
– როგორი უნდა იყოს წარმატებული კომპანია. რა არის ”აქსისის” პრიორიტეტი, კოზირი რომელიც არ აქვთ თქვენს კონკურენტებს?
– ჩვენი წარმატების მთავარ ფაქტორად ისევ ხარისხი რჩება. გარდა ამისა, კომპანია ყოველთვის ადეკვატირად უნდა მოქმედებდეს. როგორ სწრაფადაც არ უნდა იცვლებოდეს სიტუაცია, კომპანიამ მაინც უნდა შეეძლოს მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას.
– რა გეგმები აქვს ”აქსისს” სამომავლოდ?
– სანამ სამომავლო გეგმებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა შევეხო იმ პროექტებს, რომელთა ჩაბარება 2008 წლის ომის და ეკონომიკური კრიზის გამო გადაიდო. ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს კლიენტებს გადაცილებული ვადების გამო და ვუთხრა, რომ უკვე განისაზღვრა ამ ობიექტების დაფინანსების წყარო და ჩაბარების ვადები. ასე რომ მომდევნო წელს ჩვენ ყველა ვალდებულებას გავისტუმრებთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, წელს ექვს პროექტს ვასრულებთ თბილისის სხვადასხვა უბანში, მერე კი, ახალი უბნების ათვისებას ვაპირებთ. გარდა ამისა, ვიწყებთ სასტუმროების მშენებლობას, ასე რომ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი და გეგმებიც საკმაოდ ბევრი გვაქვს. აქვე მინდა ავღნიშნო ჩვენი აქციის შესახებ და მომხმარებელს 10 %-მდე ფასდაკლება შევთავაზო სხვადასხვა ობიექტებზე, რომელიც ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ცოტა ხნის წინ, საკმაოდ წარმატებით დავნერგეთ ახალი პროდუქრტი – ე.წ. ”20/80”, რომელიც მომხმარებელს მშენებარე ბინის შეძენისას მხოლოდ 20 %-ის გადახდით სთავაზობს, დარჩენილ 80 %-ს კი, ობიექტის ჩაბარების ანუ ჩვენს მიერ ვალდებლებების შესრულების შემდეგ გადაიხდის.
– თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმენისთვის ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა?
– რა თქმა უნდა, ეტიკეტი არა მარტო ბიზნესში არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც აუცილებელია. მართალია, ყველა ქვეყანას თავისი ბიზნეს ეტიკეტი აქვს და ამბობენ, რომ განსაკუთრებული თავისებურებებით აზიელები გამოირჩევიან, მაგრამ მე კონკრეტული შემთხვევა ჯერ არ მქონია.
– რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე?
– ჩემი აზრით მთავარია ნებისმიერი მოლაპარაკება პირდაპირ წარიმართოს და პარტნიორებმა თავიდანვე იცოდნენ ერთმანეთის ინტერესები.
– თქვენი აზრით როგორი ხელმძღვანელი ხართ?
– ძალიან მიჭირს საკუთარ თავზე ლაპარაკი.
– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს კარგ თანამშრომელს?
– გააჩნია თანამშრომელს და გააჩნია პოზიციას, ძალიან რთულია ასე განზოგადოება.
– როგორც წესი, სწრაფად ღებულობთ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?
– ძირითადად გააზრებულად, მაგრამ არის შემთხვევები, როცა გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღო, თორემ ბევრ რამეს დაკარგავ.
ბლიც – კითხვები
– ”აქსის დეველოპმენტის” სლოგანი?
– ”წინ!”
– რომ არა სამშენებლო ბიზნესი, სხვა რომელ ბიზნესით დაინტერესდებოდით, თქვენი აზრით რომელია ყველაზე მომგებიანი ბიზნესი?
– ყველა ბიზნესი შეიძლება იყოს მომგებიანი, მაგრამ მე ყველაზე მეტად ტურიზმი მაინტერესებს.
– რაზე ოცნებობდით ბავშვობაში?
– განსაკუთრებული ოცნება არასდროს მქონდა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცოდი ექიმი არ გავხდებოდი არასდროს.
– როგორია თქვენი დილა?
– ძალიან ქაოსური.
– პირობითი ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით?
– რატომღაც ძალიან მიყვარს გეომეტრულ ფიგურების ხატვა.
– რა გირჩევნიათ, ბარი მეგობრებთან ერთად თუ აუზი მძიმე სამუშაო დღის ბოლოს?
– ბარი მეგობრებთან ერთად.
– თქვენი აზრით რა აუცილებელი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?
– არ მიყვარს ასეთი განზოგადოება. ადამიანები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამიტომ არაა აუცილებელი ყველას ერთი და განსაკუთრებული თვისება ჰქონდეს. განსხვავებული ნატურის ადამიანები წარმატებასაც ყოველთვის თავისებურად აღწევენ.
აუდიო ჩანაწერი: