” სასტუმროების სფეროში სერიოზული დეფიციტია”, – განაცხადა ,,ფორტუნასთან’’ საუბარში სამშენებლო-დეველოპერული კომპანია ,,აქსისის’’ გენერალურმა დირექტორმა.
გიორგი კაპანაძის თქმით, საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა საოფისე ფართებსა და სასტუმროებზე. ამ მირთულებით რამდენიმე კომპანია მუშაობს, თუმცა ეს საკმარისი არ არის.
,,საქართველოში საკმაოდ ხელსაყრელი პირობებია ბიზნესის კეთებისთვის, რასაც საერთაშორისო რეიტინგებიც ამტკიცებენ. მართალია, დეველოპერული სექტორისთვის ბაზარი პატარაა, მაგრამ მოთხოვნა საკმაოდ დიდია. ზოგადად დეველოპმენტი რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და ეს არაა მხოლოდ საცხოვრებელი ფართები. სერიოზული დეფიციტია სასტუმროების სფეროში, მართალია აქტიურად მიმდინარეობს მშენებლობა და ჩვენც მოვკიდეთ ხელი ამ საქმეს, მაგრამ საკმარისი მაინც არაა, დეფიციტია სავაჭრო სივრცეების და საოფისე ფართების კუთხითაც, თუმცა პოტენციალი და მოთხოვნილება დიდია.-’’ ამბობს ,,აქსისის’’ გენერალური დირექტორი.
რაც შეეხება სავალუტო კრიზისის გავლენას სამშენებლო სექტორზე, კაპანაძის შეფასებით კრიზისი მთელ მსოფლიოს შეეხო და გამონაკლისი არც საქართველოა, ამიტომ მათ ბიზნესზეც იმოქმედა.
,,შარშანდელთან შედარებით, წელს 20-25 %-იანი ზრდა გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ლართან დაკავშირებული პრობლემების გამო, ისევ შარშანდელი მონაცემები გავიმეორეთ. თუმცა ოპტიმიზმის საფუძველს ბოლო პერიოდში ლარის კურსის სტაბილურობა გვაძლევს. სტაბილური გარემო კი, უმთავრესია წარმატებული ბიზნესისთვის.’’- აღნიშნა გიორგი კაპანაძემ.