LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჟურნალისტი, რომელსაც ხელი პირდაპირ ეთერში სთხოვეს, მყუდრო ქორწილზე ოცნებობს: „სიურპრიზის დაგეგმვაში დიდი წვლილი კოკო როინიშვილს მიუძღვის… მე და გიორგის სულ გვქონდა იდენტური გრძნობა, რომ აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით…“

2125
ნინიკო გიგაური

„მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ახლახან ორმაგად ბედნიერი დღე ჰქონდა – მას საკუთარ დაბადების დღეზე პირდაპირ ეთერში რჩეულმა, გიორგი კაპანაძემ ხელი სთხოვა. ეს ტელეჟურნალისტითვის ერთდროულად სრულიად მოულოდნელ და დაუვიწყარ მომენტად იქცა, რომელიც, როგორც fortuna.ge-სთან ამბობს, ცხოვრების საუკეთესო ეპიზოდად ემახსოვრება. მაყურებელმა წყვილთან ერთად სიამოვნებით გაიზიარა მათი ბედნიერება…

ვიდეო: „ამ ბიჭს აქ რა უნდა?“ – „მთავარი არხის“ ჟურნალისტს ნინიკო გიგაურს ხელი პირდაპირ ეთერში, მოულოდნელად სთხოვეს

ნინიკო, გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს!.. მოგვიყევით, როგორი ემოციები დაგეუფლათ, როცა პირდაპირ ეთერში ხელი გთხოვეს? ეს ყველაფერი თქვენთვის აშკარა მოულოდნელობად იქცა…

დიახ, პირველ რიგში, ეს ნამდვილად მოულოდნელობა იყო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული და ემოციები, მაგრამ ვერ წარმომედგინა და არ ველოდი გიორგისგან, რადგან მას ძალიან არ უყვარს საჯარაოობა და ფოტოების გადაღებაც კი… ვხვდები, როგორი რთული იყო მისთვის ამ ნაბიჯის გადადგმა და ასეთი საჯაროობა, აქედან გამომდინარე გახდა ჩემთვის ასეთი მოულოდნელი ეს ყველაფერი. დიდი რამ გადალახა საკუთარ თავში იმისთვის, რომ ჩემთვის ეს ნაბიჯი გადაედგა. შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ პრინციპებზე, კარგი გაგებით, უარი თქვა, რომ ეს სიურპრიზი მოეწყო… ეს დღე მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება…

რა ხდებოდა ეთერის შემდეგ?

ეთერი რომ დამთავრდა, გავჭერით სადღესასწაულო ტორტი (იღიმის). შოკში ჩამაგდო იმან, თუ როგორ დაიგეგმა ეს ყველაფერი.

მაინც ვინ იყო ის მთავარი პერსონა დილის გადაცემის გუნდიდან, რომელმაც სიურპრიზის დაგეგმვა საკუთარ თავზე აიღო?

ეს იყო კოკო როინიშვილი, მას მიუძღვის ყველაზე დიდი წვლილი მთელ გუნდთან ერთად. გიორგი სწორედ კოკოს დაუკავშირდა, მოუყვა საკუთარი გეგმის შესახებ, კოკომ კი, გუნდთან ერთად, ყველაფერი დაგეგმა. ძალიან გახარებული ყოფილა, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერსო, გიორგის შეჰპირდა და მართლაც სიურპრიზი გამოუვიდათ…

ნინიკო, დაბადების დღე და ხელის თხოვნა ერთ დღეს – ორმაგად გაბედნიერდით, ხომ?

საერთოდ, არსებობს მოსაზრება, რომ დაბადების დღეს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი და ხელის თხოვნას – თავისი, მაგრამ ეს ჩემთვის დაბადების დღის ყველაზე დიდი საჩუქარი იყო. დაბადების დღე გიორგიმ კიდევ უფრო მეტად გამილამაზა…

რადგან მას არ უყვარს საჯაროობა, პირდაპირ ეთერში, ალბათ, ძალიან ინერვიულა…

არ ეტყობოდა, მგონი, მაგრამ ძალიან დაძაბული იყო. მეც და მასაც ძალიან ბუნებრივი რეაქციები რომ გვქონდა, ეს ყველამ აღნიშნა. გიორგიმ მითხრა, რომ ამ სიურპრიზამდე ერთი კვირით ადრე არ სძინებია, უნდოდა, დაგეგმვის პროცესი ბოლომდე მიეყვანა… გიორგი არის ადამიანი, რომელიც მუდმივად ორიენტირებულია სხვისთვის ბედნიერების მინიჭებაზე…

ქორწილი როდის იქნება?

არც მე და არც გიორგის დიდი და გრანდიოზული ქორწილის გადახდა არ გვინდა. გვსურს, რომ ეს დღე დასამახსოვრებელი იყოს, ჯვრისწერაც და ხელის მოწერაც განსაკუთრებულ გარემოში გვინდა გავმართოთ, მაგრამ ჯერჯერობით დეტალები არ მოგვიფიქრებია და არც თარიღები ვიცით. ალბათ, მყუდროდ, ვიწრო წრეში აღვნიშნავთ.

ერთმანეთს დიდი ხანია იცნობთ?

ერთმანეთს ვიცნობთ ბავშვობიდან, მეზობელ კორპუსებში ვცხოვრობთ. ერთმანეთს, ოჯახებს შორიდან და გამარჯობით სულ ვიცნობდით. შემდეგ 5-6 წელი ვმეგობრობდით და მუდმივად გვქონდა კონტაქტი. მერე კი… ასე ვამბობ, რომ ერთმანეთი თავიდან გავიცანით, 23 წლის ვიყავი, როდესაც დავახლოვდით, დაიწყო მიმოწერა და აქტიური ურთიერთობა. სამი წელია, შეყვარებულები ვართ. მე და გიორგის, ორივეს თურმე იდენტური განცდა გვქონია, რომ მე მისთვის ვარ გაჩენილი და ის – ჩემთვის. წინათგრძნობა, ბედი, არ ვიცი, რას დავარქმევთ, მაგრამ სულ ვგრძნობდით, რომ აუცილებლად ერთად უნდა ვყოფილიყავით…

ინტერვიუ: ნინო მურღულია