პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი ჭირაქაძემ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, ასოციაციას პრემიერისთვის მომზადებული აქვს მნიშვნელოვანი თემები და საკითხები, რომელიც ბიზნესს აწუხებს.
,,გვინდა გავიგოთ მისი მოსაზრება ძალიან ბევრ თემასა და საკითხზე, რომელზეც ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. პრემიერ-მინისტრმა საკმაოდ მნიშვნელოვანი და რევოლუციური ინიციატივები წარმოადგინა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ერთ-ერთი თემა ეს არის მოგების გადასახადის გაუქმების საკითხი, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად ვუჭერთ მხარს. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხებზე, რისკებზე, გამოწვევებზე ვისაუბროთ პრემიერთან, რაც მნიშვნელოვანი თემების იმპლემენტაციას უკავშირდება”, – განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბიზნესი აქტიურად იყოს ჩართული იმ საკითხების განხორციელებაში, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა.
გიორგი ჭირაქაძემ იმედი გამოთქვა, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის აქტიური და მჭიდრო კომუნიკაცია იქნება. ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მსგავსი კომუნიკაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი.