საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაპატიმრებას მოითხოვს. პრემიერი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ორ კვირაზე მეტი გავიდა ამ დანაშაულიდან, თუმცა ამ დრომდე არანაირი ცნობა არ არსებობს, დაკავებულია თუ არა გიგა ოთხოზორიას მკვლელი.
“უკიდურესად შემაშფოთებელია ის გარემოებაც, რომ ამ ტრაგიკულმა ფაქტმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა პოზიტივი, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ნდობის აღდგენის მიმართულებით. მეტიც, ამ პირობებში, უაღრესად რთულდება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების გაგრძელება. ასევე, ეს ფაქტი მნიშვნელოვნად ართულებს ჟენევის დისკუსიების ფორმატში მიმდინარე დიალოგს, მანამ, ვიდრე დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები, გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებასთან დაკავშირებით, უმოქმედობას იჩენენ. გალის ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის ფარგლებში, რომლის აღდგენაც, ვფიქრობთ, ძალიან დიდი მუშაობის შედეგი იყო, ჩვენმა წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გადასცეს ყველა მასალა, მაგრამ სამწუხაროდ შედეგი არ დადგა.
მოცემულ ვითარებაში, არსებობს რისკი, რომ მკვლელს ვიღაც გაუსწორდეს. უფრო მეტიც, შეიძლება, ეს გააკეთოს იმ მხარემ, რომელიც პირდაპირ არის დაინტერესებული ნდობის აღდგენის პროცესის ჩაშლით. ამიტომ, ვფიქრობთ, სასწორზე დევს ძალიან დიდი რამ! რისკები ძალიან მაღალია. არის ერთადერთი რაციონალური და სწორი ქმედება – ესაა მკვლელის დაუყოვნებლივ დაპატიმრება, თუნდაც დე-ფაქტო ხელისუფლების ხელთ არსებული ცალმხრივი, ჩვენს მიერ არაღიარებული ჩარჩოს ფარგლებში” – ნათქვამია პრემიერის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პრემიერი მიიჩნევს, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობა უნდა აღდგეს. ასეთი სისასტიკით ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა კი მხოლოდ გახსნის იარებს, რაც მხოლოდ ქართველი და აფხაზი ხალხის მტრების ინტერესშია.