საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმას, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას ან მყისიერად მიაქვს მოქალაქეების სიცოცხლე ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე.
„კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე. ვფიქრობ, რომ, ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია. ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში უნდა შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს,“ – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ლიბერალური უნდა იყოს, არ უნდა მოხდეს მოქალაქეების დესოციალიზაცია და არ უნდა მოვტაცოთ მოქალაქეები ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.