პატიმარ, გიორგი მინდაძის დედის, ნანა წულაიას განცხადებით, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დარბაზში განაცხადა, რომ „წერილობითი განაცხადი დაეწერათ და პრეზიდენტი შეიწყალებდა“.
მისივე თქმით, „ის ვერ გრძნობს, რომ ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს და რომ დაწეროს განცხადება, სად წაიღოს, ან ვისთან, ისიც არ იცის“.
„გალუსტაშვილმა დარბაზში განაცხადა, რომ განცხადებას დაწერს და შეიწყალებს პრეზიდენტიო, არ ვიცი, მოურიდებლად უნდა ვთქვა, რომ საქართველოში პრეზიდენტი თუ გვყავს, არ მიგრძვნია, თუ გვყავს, კი ბატონო, დავწერ, მაგრამ, ვის შევუტანო და სად შევუტანო, არ ვიცი“, – განაცხადა წულაიამ გადაცემა „რეაქციაში“.
ცნობისთვის, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა პატიმარი, 21 წლის სტუდენტი, გიორგი მინდაძე დამნაშავედ ცნო და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გიორგი მინდაძეს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მის წინააღმდეგ გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის მტკიცებით, მინდაძე პიროტექნიკის საშუალებით პოლიციელს თავს დაესხა, რის შედეგადაც პოლიციელმა ფეხზე დაზიანება მიიღო.