LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ნაკაშიძე: „დედა ჩემი ერთგვარი კამერტონია. კრიტიკულია, მკვახედ იცის ხოლმე თქმა“

190
გიორგი-ნაკაშიძე

რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარია მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე, რომელმაც არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა და წამყვანის, გიგა ბატკუაშვილის შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა.

როგორი ბავშვობა გქონდა?

რეჟისორის და მუსიკოსის ოჯახში დავიბადე. შემოქმედებითად სავსე და მრავალფეროვანი მოგონებები მაქვს. ბავშვობა თეატრსა და კინოში გავატარე. კინოსახლში პირველი ფილმი რაც ვნახე, იყო „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“. „შატალოზე“ სულ კინოთეატრებში დავდიოდი ხოლმე, მოლარეები მიცნობდნენ და უბილეთოდ მიშვებდნენ. ერთსა და იმავე ფილმს ბევრჯერ ვუყურებდი. დედა ფორტეპიანოს მასწავლებელი იყო და მისი რეპერტუარი ზეპირად ვიცოდი. ხალხურ სიმღერაზე დავდიოდი „პიონერთა სასახლეში“.

შენი მამა და თუმანიშვილის თეატრი

როდესაც თეატრი ჩამოყალიბდა, ერთ-ერთი დამაარსებელი იყო მამაც. იცით, თეატრის მტვრის სინდრომი მართლაც არსებობს, მითუმეტეს პატარა ბავშვის შემთხვევაში. ყოველივე ეს, კულისები, რეკვიზიტები დიდ ზეგავლენას და მიჯაჭვულობას იწვევს ადამიანში. მახსოვს ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჭკორიც.

ლეგენდები, რომლებიც თქვენს სახლში თავს იყრიდნენ…

მუდამ იკრიბებოდნენ ხოლმე ჩვენთან სხვადასხვა მსახიობები. არამარტო თეატრის ხალხი, მამასთან მეცნიერები, ფილოსოფოსები მოდიოდნენ, ჩვენთან მიღებული იყო ყოველივე ეს, მე პატარა ვიყავი მაშინ, ვუსმენდი ხოლმე მათ და ვისრუტავდი ინფორმაციას, ამან კი უკვალოდ ნამდვილად არ ჩაიარა. არც ხუმრობა აკლდა მაშინ იმ სუფრას, არც სიმღერა და არც მაღალი დონის საუბრები.

ვის გაანდე პირველად სურვილი, გამხდარიყავი მსახიობი…

სახლში ვთქვი, დედას, მამას გავუზიარე. დედა არ მეწინააღმდეგებოდა, თუმცა მამა მეუბნებოდა, რომ ეს დაუფასებელი პროფესია იყო და სამწუხაროდ, დღემდე ასეა. მინდა ვთქვა, რომ რადგან მამაჩემის შვილი ვიყავი, ამ მიზეზით მე არავის არ დავუმტკიცებივარ როლზე. მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ყოველივე ამის მსხვერპლი არ ვყოფილიყავი.

შენი პირველი წარმატება…

პირველი წარმატებული როლი თეატრალურ ინსტიტუტში იყო. გოგი მარგველაშვილის სპექტაკლი – „6 პერსონაჟი ავტორის ძიებაში“. ძალიან კარგად მახსოვს, ჩემი პერსონაჟი ყველას დაამახსოვრდა.

ვინ იყვნენ შენი შემფასებლები?

დედა და მამა, დედა დღემდე მეუბნება ხოლმე, მოდი ისე ქენი, ასე ქენიო. დედა ჩემი ერთგვარი კამერტონია. კრიტიკულია ხოლმე. მკვახედ იცის ხოლმე თქმა, მაგრამ ჯობია, პირდაპირ გითხრას ახლობელმა ადამიანმა სათქმელი.

გიორგი და კინო…

პირველი ფილმი იყო, ოთარ შამათავას „ტურანდოტი“, მამა თამაშობდა მთავარ როლს, ეძებდნენ მსახიობს, რომელიც მამას პატარაობას შეასრულებდა. ოთარმა რომ მნახა, რაღა სხვა ვეძებოთო. ეს იყო ჩემი პირველი გამოცდილება. შემდეგ იყო დიტო ცინცაძის „ზღვარზე“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები