საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი უახლოეს დღეებში მთავარ პროკურორთან შეხვედრას გეგმავს,- ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის პოზიცია და მოსაზრებაა, რომ ის მაინც ენდობა საგამოძიებო ორგანოებს.
„შევხვდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რადგან სწორედ იგია აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი. ძალოვანი სტრუქტურები სწორედ აღმასრულებელ ხელისუფლებაში შედიან. კარგად მოგეხსენებათ, იუსტიციის მინისტრის ნეგატიური დამოკიდებულება საკონსტიტუციო სასამართლოსადმი, ამიტომ მასთან შეხვედრას აზრი არ ჰქონდა და მე შევხვდი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელს, რომელიც ზოგად კონტროლსა და მიმართულებას აძლევს ძალოვან სტრუქტურებს. მე რა თქმა უნდა, ჩემი კითხვის ნიშნები დამრჩა. პრემიერი თავის აზრზე დარჩა, რომ უნდა მივცეთ შესაძლებლობა პროკურატურას. მე ალბათ ამ დღეებში შევხვდები მთავარ პროკურორს, მასაც გავესაუბრები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.