თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე ქართულმა ოცნებამ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ შეთანხმებამ თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა.
ქართული ოცნება უარს ამბობს ვალდებულებაზე, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები 43%-ზე ნაკლების აღების შემთხვევაში. ამასთან, 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს და ამბობს, რომ არჩევნები, შესაძლოა, 53%-ის შემთხვევაშიც დაინიშნოს, თუმცა ეს მმართველი გუნდის “კეთილ ნებასა” და სხვადასხვა პირობაზე იქნება დამოკიდებული.
19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.
შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა, ძირს უთხრის ქვეყნის წინსვლის შეთანხმებულ გზას და პოლიტიკურ კრიზისში დაბრუნების საფრთხეს ქმნის: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
საერთაშორისო გზავნილები დღეს რადიო „ფორტუნას“ გადაცემაში დღის თემა ახლა საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტმა, ანალიტიკომა გიორგი რუხაძემ შეაფასა.
„როგორც ჩანს, გაზომეს „ოცნებაში“ პოლიტიკური შესაძლებლობები, დაინახეს, რომ 43 %-ს ვერ მიიღებენ ადგილობრივ არჩევნებზე და გადაწყვიტეს, რომ ააყირავონ მაგიდა და ძალაუფლების შენარჩუნების გამო „გადააგდონ“ ქართული საზოგადოებაც და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც.
ეს გადაწყვეტილება ასევე არის იმ საარჩევნო კამპანიის გაგრძელება, რომელიც უკვე დაიწყო ქართულმა ოცნებამ და რომელიც არის უკიდურეს პოლარიზაციაზე დამყარებული.
5 ივლისი იყო სტარტი ამ კამპანიის რეალურად და ახლა რაც ხდება ესეც ამის გაგრძელებაა.
„ქართული ოცნება“ ცდილობს ყველას აჩვენოს,რომ მას „ფეხებზე ჰკიდია“ ყველა და ყველაფერი.
სხვანაირი ახსნა ამ გადაწყვეტილებას არ მოეძებნება.
სკეპტიკოსები უნდათ, რომ უფრო სკეპტიკოსები გახადონ, თავიანთი მხარდამჭერები შეაგულიანონ, რომ მე არც ამერიკის და არც ევროკავშირის მეშინია.
რასაც მინდა იმას გავაკეთებ, როგორც მინდა ისე დავარღვევ ხელშეკრულებას.
რაც შეეხება მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებას რუხაძემ აღნიშნა, რომ დასავლეთის დასკვნა არის ის, რომ „ქართული ოცნების“ ნდობა არ შეიძლება და მასთან მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.
„ის რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადაიხედება, მიკრო-ფინანსური დახმარების შეზღუდვა პრობლემა იქნება, მაგრამ უფრო მეტი პრობლემა იქნება ურთიერთობების გადახედვა, რაც აისახება ასოცირების ხელშეკრულების შესაძლო გადახედვაში და ყველა ის სიკეთე, რომელიც აქვს საქართველოს აქვს ასოცირების ხელშეკრულებიდან ანულირების მიმართულებით წავა. ეს 2 დღეში არ მოხდება, მაგრამ „ქართული ოცნება“ თუ გააგრძელებს ამ მიმართულებით სვლას, მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობები იქნება სხვანაირი.
ვშიშობ, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილების შემდეგ საქართველო უფრო დაშორდა ევროკავშირს, ვიდრე იყო სამი თვის წინ: ვიოლა ფონ კრამონი
„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია ის, რომ შეცვალოს „ოცნებამ“ გადაწყვეტილება, რამდენად დაუბრუნდება პარტია 19 აპრილის შეთანხმებას, გიორგი რუხაძემ განაცხადა:
„მე იმედს ვიტოვებ, რომ საერთაშორისო პარტნიორები ახლა მუშაობენ ამაზე კულისებს მიღმა.
მგონია, რომ „ქართული ოცნების“ სიტყვას საერთოდ ფასი არ აქვს, იმიტომ, რომ ბევრჯერ გადაუთქვამთ რაც უთქვამთ.
ბაქი-ბუქით ამბობდნენ, რომ ჩვენ არ განვიხილავთ რიგგარეშე არჩევნების ფორმასო და მერე კობახიძემ თვითონ დაასწრო შარლ მიშელს ბრიფინგის დანიშვნა.
ასე იყო 8 მარტის შეთანხმებაზეც, ამბობდნენ, რომ არაფერს დათმობდნენ, აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ დასავლეთმა აიძულოს „ოცნება“ რომ დაუბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებას.
ჩემი აზრით, ჯერჯერობით დასავლეთის ტონი არის რბილი. დასავლეთი ამოცანად ისახავს, რომ ხელისუფლება დააბრუნოს მიშელის შეთანხმებაში და თუ დაინახავს, რომ ეს ვერ ხერხდება, აი მაშინ უკვე სიტყვას საქმე მოჰყვება, რითაც ძალიან ვიზარალებთ ყველა, მათ შორის ქვეყნის რეპუტაცია.
შეიძლება გამოუსწორებელი ზარალი მიიღოს ამ ქვეყანამ, უბრალოდ იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს, წესების გარეშე შეინარჩუნოს ხელისუფლება.”-განაცხადა გიორგი რუხაძემ “ფორტუნას” ეთერში.
ოპოზიციაში დიდი დაბნეულობაა... გეგმა, რაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა, „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით „იშლება“: ირაკლი ქადაგიშვილი
დღის მთავარ მოვლენებზე გადაცემაში „დღის თემა“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.