ცნობილმა ამერიკულმა გამოცემამ Variety ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტების სია გამოაქვეყნა. ნომინანტებს შორის მოხვდნენ ისეთი ფილმები და ტელესერიალები, როგორებიცაა Roma, A Star Is Born, Yellowstone, Cold War, The Handmaid’s Tale და სხვა.
ერთ-ერთ ნომინაციაში Spotlight Award წარდგენილია ქართველი ოპერატორი გიორგი შველიძე ფილმისთვის „ნამე“. მის გარდა ამ ნომინაციის ჯილდოსთვის იბრძოლებენ ფილმების Girl და The Rider ოპერატორები.
პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული ფილმის ოპერატორი ამ ჯილდოზე წარადგინეს, 2017 წელს იყო, როდესაც ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოების ნომინანტი ესპანელი ოპერატორი Gorka Gomez Andreu გახდა ფილმისთვის „სხვისი სახლი“.
ASC Awards, სადაც გამარჯვებულების ვინაობა გახდება ცნობილი, 9 თებერვალს 33-ედ გაიმართება. წლევანდელი წელი საიუბილეოა, რადგან ამერიკელ კინოოპერატორთა საზოგადოება 100 წლის იუბილეს იზეიმებს.