გურიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო, „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ოფისში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც მოხალისეებს კოორდინაციას გაუწევს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ძლიერი საქართველოს” წევრი გიორგი სიორიძე წერს.
მისი თქმით, შტაბი აქტიურად იმუშავებს და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სტიქიის ზონაში ჩასული მოხალისეების ორგანიზებას გაუწევს კოორდინირებას.
„ძალიან უმძიმს ჩემს გურიას.
„ლელოს-ძლიერი საქართველოს“ ოფისში საგანგებო შტაბი შევქმენით, სადაც კოორდინაციას გავუწევთ მოხალისეებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოემართებიან სტიქიის ზონაში.
ცხელ ხაზზე ჩვენი პირადი ნომრებია მითითებული და ზარები არ ჩერდება.
ხალხი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, უთავდებათ საკვებისა და მედიკამენტების მარაგი, ეზოების გადათოვლას ვერ ახერხებენ. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ელემენტარულადაც არ არის სტიქიებთან გასამკლავებლად მზად, პრაქტიკულად არ გვყავს სპეც. ტექნიკა, რომლის ყოლის შემთხვევაში ასეთი შედეგები არ დაუდგებოდა მოსახლეობას, გვარდიაც დროზე უნდა ჩაერთოთ და საჭიროებისამებრ-თავდაცვის ძალებიც. (მეტი საგანგებო მდგომარეობა რა უნდა იყოს). სოფლების უმრავლესობა მოწყვეტილია და სამწუხაროდ ფიზიკურად ვერ მივდივართ მათთან, მაგრამ სადაც შეგვეძლება და ადამიანური რესურსით ვეყოფით, ყველგან მივალთ, ფიზიკური მუშაობა იქნება საჭირო თუ პირველადი სამედიცინო დახმარება, მაქსიმუმს გავაკეთებთ. ღმერთო, დაიფარე გურია“, – წერს გიორგი სიორიძე.