„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ავრცელებს წერილს, რომლითაც ის პარლამენტთან მიმდინარე აქციების ფარგლებში, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული იუმორისტის, ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ჩვენი პატიმრობა არაფერია. მტკიცედ ვართ. შეგუებულნი იმ აზრს, რომ ზოგჯერ თავისუფლების გზა ციხეზეც გადის, მაგრამ დღეს, ონისე ცხადაძის ამბავმა შემძრა. ის ვერც კი დაემშვიდობა გარდაცვლილ მამას.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა სინდისის პატიმარს მშობელი აკლდება. ამ რეჟიმს აღარ ყოფნის ადამიანობა, რომ თუნდაც მშობელთან ბოლო განშორებისთვის გაუშვას ეს უდანაშაულო ახალგაზრდები.
ასეთ დროს კიდევ უფრო ხვდები, რომ ეს აღარ არის უბრალოდ პოლიტიკური ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ადამიანობისთვის.
ამიტომაც არის ეს რეჟიმი ბოროტება და ბოროტებასთან შერიგება და დანებება დანაშაულია!
მხოლოდ ერთიანობით შევძლებთ გამარჯვებას!“ – წერია გიორგი ვაშაძის წერილში.