GIPA-ს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამისთვის აკრედიტაციის გაუქმების შემდეგ, დღის წესრიგში ამავე უნივერსიტეტის სამართლისა და პოლიტიკის პროგრამის აკრედიტაციის საკითხი დგას. აკრედიტაციის საბჭომ პირველადი დასკვნა უკვე დადო.
“ფორტუნასთან” GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი, ბაკურ კვაშილავა, აცხადებს, რომ ეს დასკვნა რეალობას არის აცდენილი.
კვაშილავა განმარტავს, რომ დასკვნაში აქცენტი შინაარსობრივ და ხარიხსობრივ მხარეზე არ გაკეთებულა და არსებითი ხასიათისგან დაცლილი კრიტიკა იკითხება, რომელიც იმისთვის გამოიყენეს, რომ კონკრეტული კომპონენტი სტანდარტთან სრულად შეუსაბამოდ ჩათვლილიყო.
ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ პროგრამის შეფასებისას გამოკვეთილი გარკვეული ნეგატიური ტენდენციები შესაძლოა, განათლების სისტემაში დანერგილი ახალი პოლიტიკის არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი იყოს. კერძოდ, საუბარია უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირების ინიციატივაზე.
“მიგვაჩნია, რომ ამ პროგრამის შეფასებაში მექანიკურად აისახა ეს დირექტივა არასწორად ისე, რომ პრაქტიკულად არ გაკეთდა აქცენტი შინაარსობრივ და ხარისხობრივ მაჩვენებლებზე და აქედან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ, საჯაროდ გვეთქვა, რომ ასეთი მიდგომა ეჭვს იწვევს იმ მიმართებით, რომ ეს ხელს არ შეუწყობს საქართველოში უმაღლესი განათლების სფეროს შემდგომ განვითარებას, როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში,” – ამბობს კვაშილავა.
GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ ავტორიზაცია და აკრედიტაცია შესაძლოა, უნივერსიტეტების რაოდენობის ხელოვნურად შემცირების მექანიზმი გახდეს.
“თუკი ეს ბუნებრივი პროცესი იქნებოდა, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ჩვენ რაც კონკრეტულად ამ პროგრამასთან მიმართებით დავინახეთ, აქ საქმე გვაქვს არა მარტო არსებული სტანდარტების არასწორ და არაკომპეტენტურ ინტერპრეტაციასთან, არამედ პირდაპირ იკითხება ამ დავალების მექანიკურად შესრულების ტენდენცია, რაც მიგვაჩნია, რომ არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება, ხელს უწყოდბეს ამ უმნიშნელოვანესი სფეროს გაჯანსაღებას, მოდერნიზაციას და კონკურენტუნარიანობას ამაღლებას.
ეს რომ ყოფილიყო ჩვეულებრივი, რიგითი შეფასება, სადაც არის კონკრეტული, საღი აზრი გამოთქმული, მაშინ არ ჩავთვლიდით საჭიროდ ამის გახმოვანებას, მაგრამ ეს იმდენად განსხვავებული და განსაკუთრებული ხასიათის დასკვნა იყო, რომ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა,” – ამბობს კვაშილავა.
ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ ვინაიდან პროცესი მიმდინარეობს, ჯერჯერობით GIPA ამ დასკვნის საჯაროდ გამოქვეყნებას საჭიროდ არ მიიჩნევს.
GIPA-ს დეკანს დასკვნაში გამოკვეთილი ხარვეზების ხასიათის გასაგებად კონკრეტული მაგალითის დასახელება ვთხოვეთ. კვაშილავა ამბობს, რომ მაგალითად, აქცენტი გაკეთდა საგნის დასახელებაზე, მისივე თქმით, დასკვნაში გამოთქმული სხვა შენიშვნებიც მსგავსი ხასიათის იყო.
“საგნის დასახელების სათაური ერთ ადგილას ერთი ფორმით არის მოხსენიებული და მეორე დოკუმენტში სხვანაირად. კონკრეტულად იყო ასეთი რამ – “საოჯახო/მემკვიდრეობითი სამართალი”, მეორე დოკუმენტში მოხსენიებული იყო “საოჯახო და მემკვიდრეობითი სამართალი”, ამის საფუძველზე და მსგავსი რამდენიმე შეცდომის საფუძველზე ერთ-ერთ სტანდარტში დაიწერა, რომ საერთოდ არ შეესაბამება აკრედიტაციისთვის მოცემულ სტანდარტებს. დანარჩენი შენიშვნების ხასიათიც სწორედ ამ მიდგომას იზიარებს,” – აცხადებს კვაშილავა.
GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროს საკუთარი ინიციატივის განხორციელება სრული სიმკაცრით სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმარტებით უჭირს და ამიტომ რაოდენობის შემცირების პირველი კანდიდატები დამოუკიდებელი და კერძო უნივერსიტეტები ხდებიან.
“დარწმუნებული ვარ, თუკი ეს ასე გაგრძელდა და ამაზე არ გავხსენით დისკუსია, ეს შეეხება აბსოლუტურად ყველა უნივერსიტეტს, რომელიც არ არის სახელმწიფო სტრუქტურის ქვეშ.
“წარმოიდგინეთ, როგორი რთული იქნება უნივერსიტეტების დახურვა საქართველოს რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ GIPA ერთ-ერთი ლიდერია თავის დარგში და ეს არავისთვის დასამალი არაა, გაცილებით ადვილია ასეთ უნივერსიტეტებზე აქცენტის გაკეთება, ვიდრე ერთადერთი მოქმედი მნიშვნელოვანი დაწესებულებების მოსპობა საქართველოს რეგიონებში და თუნდაც, თბილისში,” – აცხადებს ბაკურ კვაშილავა.
“ფორტუნა” აღნიშნულთან დაკავშირებით “განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს” დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აკრედიტაციასთან დაკავშირებული პროცესი ჯერ არ დასრულებულა, ამიტომ კომენტარს ვერ გააკეთებენ.
რამდენად შეიძლება, ხელოვნურად ასახულიყო პროგრამის შეფასებაში განათლების სამინისტროს ახალი პოლიტიკა უნივერსიტეტების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით, ამ შეკითხვით “ფორტუნამ” განათლების სამინისტროსაც მიმართა, თუმცა, უწყების პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე კომენტარი არ გაკეთდება და საკითხზე საუბარი მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა კომისია გადაწყვეტილებას მიიღებს.
GIPA-ს საჯარო მმართველობის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის საკითხის საბოლოო განხილვა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში 16 თებერვალს არის დაგეგმილი.
თაკო ივანიაძე