6 თვეა საზოგადოება, და პირველ რიგში ოჯახი, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის განაჩენს ელის. გამოძიებამ და სასამართლოს გადაწყვეტილებამ თუ ვინ მოკლა ორი არასრულწოვანიდან ერთ-ერთი, დავით სარალიძე, მთავარ კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. ოჯახი 6 თვის განმავლობაში ცდილობდა გამოძიება, მათი აზრით, სწორ რელსებზე დაებრუნებინა, თუმცა ამაოდ. მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, 31 მაისამდე ელოდა სამართალს სასამართლოში… ის სამართალს უკვე სასამართლოს კედლებს მიღმა, ქუჩაში, საზოგადოების მხარდაჭერის იმედით ეძებს.
ასე იყო, 12 და 14 წლის წინაც, ხელისუფლებაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. მოკლული სანდრო გირგვლიანი და ბუტა რობაქიძე იყვნენ. მაშინაც და ახლაც ოჯახის წევრები სიმართლის დასადგენად ქუჩაში გამოვიდნენ.
პოლიტიკოსების შეფასებით ამ საქმეებს შორის მსგავსებაცაა და განსხვავებაც, თუმცა, მათი ნაწილი მოვლენების ერთნაირ განვითარებას ელის – ყოფილი ხელისუფლების მსგავსად, ხორავას ქუჩის საქმე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვისაც ბეწვის ხიდი იქნება.
„საზოგადოებრივი დატვირთვით ეს ორი საქმე ერთნაირია. გირგვლიანის შემთხვევაშიც საზოგადოებისთვის არ იყო სარწმუნო ის სამართალწარმოების პროცესი, რომელსაც იმდროინდელი ხელისუფლება ახორციელებდა, ამ უსამართლობის წინააღმდეგ გამოდიოდა მაშინ საზოგადოება და ამ შემთხვევაშიც „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ისეთი არასარწმუნო გამოძიება ჩაატარა ამ საქმეზე, რომ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი, ახლა უკვე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების უსამართლობის წინააღმდეგ. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც სწორედ სამართლიანობის აღდგენისა და ქვეყანაში სამართლის მოტანის დანაპირებით მოვიდა, ამ მიმართულებით არაფერი გააკეთა. დღეს ისევ რუსთაველის პროსპექტზე, ისევ ქართული საზოგადოება აპროტესტებს „ქართული ოცნების“ უსამართლობას, ამას ხომ უნდოდა მოხერხება“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა შავგულიძემ „ფორტუნასთან“ საუბრისას.
მისივე თქმით, გამოსავალი არის ერთადერთი – სწორი პოზიტიური ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის, სწრაფად უნდა ამოქმედდეს პარლამენტის მიერ შექმნილი საგამოძიებო კომისია და უნდა შეირჩეს მთავარი პროკურორობის სწორი და კეთილსინდისიერი კანდიდატი, საზოგადოებისთვის მისაღები პიროვნება.
როგორც შალვა შავგულიძე განმარტავს, თუ პროცესები სწორად განვითარდება „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე მივა.
„ქართული ოცნება“ უნდა მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლება მართვადი პროკურატურა და სასამართლო იყოს ცუდი სხვა პოლიტიკური ძალის ხელში და იყოს კარგი შენს ხელში. გირგვლიანის საქმის შემდეგ იყო კარვების ქალაქი, 7 ნოემბერი და რამდენ ხანს იყო ეს მუხტი და რა დრო დასჭირდა, მაინცდამაინც ჩვენმა ქვეყანამ კიდევ უნდა გამოიაროს ასეთი კოშმარული გზა, იმისთვის რომ მოძალადე ხელისუფლება ჩამოიცილოს?!“ – აღნიშნა შავგულიძემ.
შალვა შავგულიძისგან განსხვავებით „დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ფიქრობს, რომ ხორავას ქუჩის საქმე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას გადაიყოლებს.
„ის, რაც მოხდა 2006 წელს ეს იყო პირდაპირ სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დანაშაული, რასაც მოჰყვა სისტემური დანაშაული. დანაშაული ჩაიდინეს სახელმწიფოს მაღალჩინოსნებმა და შემდეგ უკვე მთელი სახელმწიფო და ხელისუფლება, სისტემა გადაეფარა დამნაშავეებს. ბუნებრივია, დღეს ვერ ვიტყვით, რომ კონკრეტული მკვლელობა ჩაიდინა სახელმწიფომ, მაგრამ მთელი ხელისუფლება მზადაა გადაეფაროს დამნაშავეს და გამოაძვრინოს სიტუაციიდან. ხელისუფლება, რომელიც ამის გამკეთებელია და ამაზე წამსვლელია, იმისი სახელმწიფოებრივი ინტერესი არის მეორე ხარისხოვანი. და გადაყვება კიდეც. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ურჩევნია გადაყვეს სუბელიანს და ყოფილ პროკურორებს“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა „ფორტუნასთან“ საუბრისას.
იურისტი დავით ჯანდიერი კი ფიქრობს, რომ ეს საქმე განზრახ არ იქნა გამოძიებული.
„ყველაზე ნაკლები პრეტენზია დღეს უნდა გვქონდეს სასამართლოსა და მოსამართლის მიმართ. ამ ძიების მიმართ არ აქვს ნდობა არც საზოგადოებას, არც დაზარალებულს და განსასჯელ მხარეს, ადვოკატებს, ამიტომ ყველაზე რაციონალური და სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა ამ საქმეში, ის რაც დადგა. გასაგებია, რომ ვერ მოხდებოდა დათო სარალიძის სიცოცხლის აღდგენა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ ისეთი გამოძიება ჩაეტარებინათ, რომლის მიმართ ნდობა ექნებოდა როგორც დაზარალებულს, ასევე საზოგადოებას,“ – აღნიშნა დავით ჯანდიერმა.
პოლიტოლოგები გირგვლიანი-რობაქიძის საქმესა და ხორავას ქუჩის საქმეს შორის მთავარ განსხვავებას მკვლელობის ჩამდენ „დამნაშავეებში“ ხედავენ. როგორც „ფორტუნას“ გია ნოდიამ უთხრა, გირგვლიანი-რობაქიძის საქმეში ჩართული იყო სუს-ი და პოლიცია და მკვლელობა სახელმწიფოს ბრალდებოდა, არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში კი მსგავსი ვითარება არაა.
„როდესაც ქალაქის ცენტრში მოხდა ასეთი საზარელი მკვლელობა, თავისთავად, მარტო ის, რომ ორი ბავშვი ამოარჩიეს და მათ დაბრალდა მკვლელობა, დანარჩენები თავიდანვე პასუხისმგებლობიდან გათავისუფლდნენ, ის, რომ ახლა განაჩენის შედეგად, შეიძლება ისე გამოვიდეს, რომ არავინ სერიოზულად არ დაისაჯოს, ცხადია, ეს იმის ბრალია, რომ ბრალდებულების მშობლები ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული და, ბუნებრივია, ამას გავლენა ექნება ხელისუფლების იმიჯზე“, – განაცხადა „ფორტუნასთან“ გია ნოდიამ და დასძინა, რომ ერთ-ერთი მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე საკუთარი განცხადებებით საზოგადოებაში აზრის ფორმირებას ხელს უწყობს, არ ნიშნავს იმას, რომ რევოლუცია მოხდება და ხელისუფლება შეიცვლება.
ნოდია იმასაც ამბობს, რომ საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ ხელისუფლება ხელს აფარებს მკვლელებს იმიტომ, რომ ერთ-ერთის მამა არის გავლენიანი პირი, ბუნებრივია, იქნება.
„ერთ-ერთი მოკლულის მამა აქტიურობს და რაღაც ნაბიჯებს დგამს, თუ გავიხსენებთ, ასევე აქტიურობდა სანდრო გირგვლიანის დედაც, მაგრამ მთავარია, საზოგადოება რას დაიჯერებს და რა შთაბეჭდილება დარჩება. საზოგადოების ეს წარმოდგენა ხელისუფლებისთვის არახელსაყრელი იქნება,“ – ამბობს ნოდია.