„გირგვლიანის შესწორებები” – ასე ერქმევა იმ საკანონმდებლო პაკეტს, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოამზადებს და მიზნად სსკ-ის იმ ნომრების გამკაცრებას ისახავს, რომლებიც მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან გამოძიებისათვის ხელის შეშლას ეხება. ამის შესახებ პარლამენტში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა და ინიციატივის მიღება „სააკაშვილის და მარგველაშვილის შეთანხმებულმა განცხადებებმა განაპირობა.“
როგორც მან აღნიშნა, სააკაშვილი „სრულიად უტიფრად შეეცადა, რომ გახმაურებული საქმე შეეფუთა, როგორც სახელმწიფო მანქანის მიერ, მკვლელობის სამწუხარო, მაგრამ ბანალური ფაქტი, ხოლო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულების შეწყალება – ინსტიტუტების მიერ მომზადებული პროცესი და არა მისი პიროვნული გადაწყვეტილება.“
მდინარაძემ ასევე განაცხადა, რომ „სააკაშვილის ამ თავხედობას მიზანმიმართულად უქმნიდა პოლიტიკურ და ფსევდოსამართლებრივ ფუნდამენტს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც წინამორბედის დაცვაში ისე შორს წავიდა, რომ შერჩევით მართლმსაჯულობის და პოლიტიკური დევნის მსხვერპლადაც კი გამოაცხადა სააკაშვილი“.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ხელისუფლების ვალდებულებაა და მისი პარტიის დანაპირებიც იყო, რომ დაიცავდა მოქალაქეებს და, შესაბამისად, ფრაქციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოამზადოს საკანონმდებლო ინიციატივა, რითაც მაღალჩინოსნებს გამოძიებაში ჩარევის საშუალებას კიდევ უფრო შეუზღუდავს. მისი თქმით, შეზღუდვები შეეხება როგორც ჩარევის დეფინიციას, ასევე მასზე რეაგირებას, თუმცა ის დეტალებზე ჯერჯერობით ვერ საუბრობს.