თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი ეხმიანება „ალტ ინფოს“ ეთერში გაჟღერებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ თითქოს ევროკავშირის ქვეყნებში სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებს ჰორმონალურ წამლებს უყრიან საკვებში რათა ზრდასრულობამდე სექსუალური იდენტობა შეიცვალონ.
ევროკავშირის განათლების სისტემაზე გიორგი ტიგინაშვილი საკუთარ გამოცდილებას უზიარებს მოქალაქეებს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„გურამ ფალავანდიშვილის ვაჟი – ალექსანდრე ფალავანდიშვილი “ალტ ინფოს” ეთერში (ამონარიდი ვნახე) ამბობს: “ევროკავშირის ქვეყნებში, სასკოლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში ბავშვებს ჰორმონალურ წამლებს უყრიან საკვებში რათა ზრდასრულობამდე სექსუალური იდენტობა შეიცვალონ და ტრანსები გახდნენო”!
ცხადია, ასეთი უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, კონსპიროლოგიური და ბნელი ბოდვები, სერიოზულ ყურადღებას არ იმსახურებს, უბრალოდ მე მხოლოდ ჩემი ოჯახის შთაბეჭდილებას და გამოცდილებას გაგიზიარებთ კონკრეტულად საფრანგეთის მაგალითზე:
როდესაც ჩვენი შვილები ბაღში (ანუ სკოლაში, რადგან აქ საბავშვო ბაღიც სკოლას ეკუთვნის) შევიყვანეთ, დირექტორი გამესაუბრა დეტალურად ყველა საკითზე და შემავსებინა კითხვარი და ანკეტა. შემდეგ მკითხა: ხომ არ მივეკუთვნებით აღმოსავლური ტრადიციის სამყაროს, მაგალითად, ჯაინისტებს, ბუდისტებს, ბაჰაისტებსა და ინდუისტებს და ხომ არ ვიცავთ მთელი ოჯახი ვეგანურ ან ვეგეტარიანულ სამზარეულოს, რადგან თუ ასეა, თქვენი შვილებისთვის ცალკე მოვამზადებთ მენიუს, განვსაზღვრავთ კვების რაციონს და დავითვლით კალორიებს და ავიყვანთ იქამდე, რაც მოზარდს სჭირდებაო. ამას გავაკეთებთ იმისათვის, რომ მათი დისკრიმინაცია არ მოხდესო. მე ვუთხარი, რომ მადლობელი ვარ ასეთი გულისხმიერებისთვის, მაგრამ ჩვენ მივეკუთვნებით ქრისტიანულ რელიგიას, კონკრეტულად კი მართლმადიდებელ კონფესიას და მსგავსი კვებითი შეზღუდვა არ გვაქვს ოჯახში.
ასევე მკითხეს: გვსურდა თუ არა რელიგიური სწავლება ბავშვებისათვის და არჩევანი იყო შემდეგი – კათოლიციზმი, ლუთერანობა, ბაპტიზმი, იუდაიზმი, ისლამი (შიიზმი, სუნიზმი), ბუდიზმი (ძენ ბუდიზმი), ზოგადად რელიგიების ისტორია, ან თუ არ გვსურდა და თუ ვიქნებოდით აგნოსტიკოსები ან ათეისტები, ამ მხრივაც ჩვენს შვილებს თავს არ მოახვევდნენ ინდოქტრინაციასა და პროზელიტიზმს. მე ავირჩიე კათოლიციზმის თეორიული სწავლება, ანუ ბიბლიის და ზოგადად საფრანგეთის კათოლიკური ისტორიის გაკვეთილები, რადგან სამწუხაროდ მართლმადიდებლური მიმართულება ამ სკოლაში არ იყო, მოთხოვნის არარსებობიდან გამომდინარე. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჯგუფში (კლასში) 10 ბავშვი მაინც მოგროვდება, რომელსაც ესა თუ ის რელიგიური სწავლება სურს (თუნდაც ეს იყოს ზოროასტრიზმი ან შამანიზმი) მათ აუცილებლად მოწვეულ პედაგოგს უნიშნავენ!
ასევე, დირექტორმა მკითხა: მივცემდი თუ არა უფლებას პედაგოგიურ კოლექტივს – გადაეღოთ ფოტოები ბავშვებისათვის სხვადასხვა ღონისძიებაზე.
აგრეთვე, მკითხეს: ვაძლევდი თუ არა უფლებას დირექციას, რაიმე ექსტრემალური თუ უბედური შემთხვევისას ადგილზე გაეწიათ სამედიცინო დახმარება ბავშვებისათვის.
ასევე გვკითხეს აქვთ თუ არა რაიმე ფსიქოლოგიური პრობლემა ბავშვებს და თუ აქვთ პერსონალურ ფსიქოლოგებსა და ინკლუზიური მიმართულების სოციალურ მუშაკებს ჩავრთავთო, ცხადია მე ვუთხარი რომ მათ ეს არ ესაჭიროებათ.
ამასთან, ბიჭებს ავარჯიშებენ განსხვავებულად, გოგონებს უფრო მსუბუქად. ასწავლიან საფრანგეთის დროშის, გერბის, ჰიმნის, არმიისა და რუკის პატივისცემას.
ასწავლიან ჰიგიენას და ეკოლოგიის მოფრთხილებას. ყოველ სამ დღეში ერთხელ რწყავენ მცენარეებს და თვეში ერთხელ ასუფთავებენ ეზოსა და სკვერს. აკვირდებიან ბავშვს თუ რისი ნიჭი აქვს, მაგ.: მუსიკა, ხატვა, ძერწვა, ფეხბურთი, ხელბურთი, ცურვა (ყველა სკოლას თავისი აუზი აქვს!) და იმ მიმართულებით გთავაზობენ მის განვითარებას.
ბავშვებს შთააგონებენ დედის და მამის სიყვარულს და ხშირად მშობლებისათვის უკეთებენ სიურპრიზებს სადაც თავად მოსწავლეები იღებენ მონაწილეობას საჩუქრების შერჩევასა და კრეატიულ შემოქმედებაში.
ასწავლიან საგზაო მოძრაობის წესებს, ცხოველების სიყვარულს, პატივისცემას განსხვავებული რასისადმი და სოლიდარობას გაჭირვებულისადმი, რასაც საქველმოქმედო აქციებში ბავშვების ჩართულობით ავითარებენ.
ასევე, ყოველი კვირის ბოლოს დამრიგებელი გვაჩვენებს ხოლმე ბავშვის შემოქმედებით აქტივობებს და გვიზიარებს მეთოდებს თუ როგორ უნდა დავხვეწოთ ესა თუ ის მიმართულება. ამასთან, გვეკითხება: არის თუ არა რაიმე ისეთი, რაც გასულ კვირას ბავშვს არ მოეწონა, ან არ აღმოჩნდა მისთვის კომფორტული და ჩვენი შენიშვნების მიხედვით იწყებს ახლებურ მიდგომას.
ამდენად, არანაირი “თავს მოხვევა, პროპაგანდა და გარყვნილება”, ეგ არის მტკნარი სიცრუე! არამედ, სახეზეა სამოქალაქო ღირსება, თანასწორობა და ჰუმანურობა.
ეს ყოველივე და კიდევ ბევრი სხვა სიკეთეა ცივილიზებულ ევროპასა და დასავლეთში და არა ის შავი მითები და დეგრადაცია, რასაც კრემლის პროპაგანდისტები ავრცელებენ საქართველოში!”, – წერს გიორგი ტიგინაშვილი.