LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანის მე-8 დაწესებულებაში 30 პატიმარი შიმშილობს

201
გლდანის მე-8 დაწესებულება

გლდანის მე-8 საპატიმროში, 30 მსჯავრდებული, რომელთაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი, მეორე დღეა შიმშილობს. პატიმრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც მათი მოთხოვნები 11 იანვრის საყოველთაო ამნისტიასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა.

როგორც მოძრაობა “ჰუმანურობისთვის” დამფუძნებელი, ალექსანდრე კაპანაძე, “ფორტუნასთან” საუბრისას ამბობს, მას პატიმრებთან და მათ ოჯახის წევრებთან უშუალო კომუნიკაცია აქვს და შესაბამისად, განგვიმარტავს პატიმრების პროტესტის ძირითად მიზეზებს.

მისი თქმით, 30-მა უვადო სასჯელის მქონდე პატიმარმა შიმშილობა გუშინ დილიდან დაიწყო. როგორც ალექსანდრე კაპანაძე ამბობს, აღნიშნული პატიმრები 2012 წლამდე არიან გასამართლებულნი და შესაბამისად, ეს ახალი საქმეები არ არის. კაპანაძის სიტყვებით, გუშინ, პატიმრებს ხელი მოაწერინეს ოქმებზე, სადაც მათ აღნიშნეს, თუ რას ითხოვენ.

“2012 წლის ამნისტიის მე-16 პუნქტში, სადაც ეწერა, რომ ეს ამნისტია ყველას ეხება (ერთი მეოთხედი ყველას უნდა შეეხოს) სასამართლოებმა თქვეს, რომ მათ ნამდვილად ეხებათ ერთი მეოთხედი, მაგრამ უვადო პატიმრობა რჩებათ, რადგან როგორც მათ აღნიშნეს, არ იციან საიდან უნდა აითვალონ.

არადა, ეს ადამიანებიც იმავე რეჟიმის მსხვერპლნი იყვნენ და შესაბამისად, არადამიანური მოპყრობა მათ მიმართაც, რა თქმა უნდა, განხორციელდა. შემდგომ იყო დაპირება, რომ პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმი ამუშავდება, 9 წელიწადია ველოდებით და მექანიზმი ჯერ კიდევ არ ამუშავდა. 2019 წლის სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულია, რომ დარღვევებია და ადამიანებს ვადაზე ადრე უკანონოდ არ ათავისუფლებენ,” – განუცხადა “ფორტუნას” მოძრაობა “ჰუმანურობის” დამფუძნებელმა.

ალექსანდრე კაპანაძე 2020 წლის, წინასაარჩევნო პერიოდსაც იხსენებს, როცა მისი თქმით,  ფართომასშტაბიანი ამნისტიის შესახებ დაპირება ასევე იყო, თუმცა, უშედეგოდ.

“როდესაც „ქართული ოცნება“ თავის „ფეიქ“ არასამთავრობო ორგანიზაციებს საპატიმროებში აგზავნიდა (მათი სახელები და გვარებიც ზეპირად ვიცი, თუმცა, ახლა დასახელებისგან თავს შევიკავებ) და პატიმრებს ეუბნებოდა, რომ მათ ფართომასშტაბიანი ამნისტია შეეხებოდათ, ოღონდ მხარი „ოცნებისთვის“ დაეჭირათ.

შემდეგ კი 2021 წლის ამნისტია იყო, რომელიც რეალურად, ხარკის გადახდა იყო და 183 ადამიანი გათავისუფლდა. ძირითადად კი, ნარკოდამოკიდებულ გასამართლებულ პირებს შეეხოთ და ისიც ყველას არა, მხოლოდ შერჩევითად. გამოდის, რომ დამნაშავეებს კი არ შეეხოთ, არამედ ნარკოდამოკიდებულებს, რომელთაც სხვა პროგრამები სჭირდებათ და არა ციხე,” – დასძენს “ფორტუნასთან” საუბრისას კაპანაძე.

მისი თქმით, ამავე პერიოდში, როცა საპროტესტო აქციები და პატიმრების შიმშილობა დაიწყო, პატიმრებთან “ქართული ოცნების” დეპუტატი,მიხეილ სარჯველაძე შევიდა და მსჯავრდებულებს უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ამიერიდან სასამართლოები მათ საქმეებს კანონის ფარგლებში განიხილავენ.

“სარჯველაძე პატიმრებს შეჰპირდა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ანუ, არ გამოიყენებენ დაზარალებულის კრიტერიუმს, რომელი კრიტერიუმიც ბუნებაში და სამართლებრივ სისტემაში არ არსებობს. დაზარალებულის პოზიცია მნიშვნელოვანი არ არის, მთავარი არის, გამოსწორდა პატიმარი თუ არა. ასევე სასამართლოები არ დაიწყებენ უკანონო უარის თქმას, მაგალითად, ისეთ პატარა დარღვევებზე, რომელიც 10 წლის წინ იყო ჩადენილი და რომელიც გაქარწყლებულია,”- განმარტავს კაპანაძე.

მისივე თქმით, სარჯველაძის საპატიმროში ვიზიტის შემდგომ, ორი სასამართლო იგივე მიდგომებით ჩატარდა და პატიმარს, რომელსაც 10 წლის წინ საკანში რადიო მაღალ ხმაზე ჰქონდა აწეული, ამნისტიაზე უარი უთხრეს.

“თურმე, რესოციალიზაციის მიზანი მიღწეული ვერ ყოფილა. არადა, დახასიათებითა და რეკომენდაციებით დგინდება, რომ პირი მართლა გამოსწორებულია,” – გვეუბნება ალექსანდრე კაპანაძე.

“ჰუმანურობის” დამფუძნებელი პატიმრების მოთხოვნების შესახებ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ მათი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, პატიმრები შიმშილობას გააგრძელებენ.

“მოთხოვნა ახლა მექანიზმის ამუშავება არაა, რადგან იტყვიან, რომ – ავამუშავებთ და ხვალ, ზეგ ისევ იგივე – უკანონო გადაწყვეტილებები იქნება.

ამჟამინდელი მოთხოვნაა – წლის ბოლომდე გადაიხედოს ყველა ის საქმე, რომელიც 2012 წლამდე გასამართლებულ პირებს ეხებათ და ეს სრულიად შესაძლებელია. არის უამრავი ადამიანი, რომელიც სასჯელს უდანაშაულოდ იხდის, ასევე არიან ადამიანები, რომელთაც უვადო პატიმრობა არაპროპორციულად მიესაჯათ. დღეს კი, ბოლო 9 წლის განმავლობაში, პრაქტიკა შეცვლილია და მსგავსი დანაშაულებისთვის უვადო პატიმრობას უბრალოდ არ აძლევენ,” – განუცხადა “ფორტუნას” კაპანაძემ და დასძინა, რომ ასეთი სულ 65 საქმეა, რომელიც უნდა გადაიხედოს – “აქედან ზოგიერთს სასჯელი შეუმცირდება და ვადიანში გადავა, ხოლო ზოგიერთი საერთოდ გათავისუფლდება.”

“არის ერთი პატიმარი (თამაზი), რომელიც საერთოდ უდანაშაულოა და არაფერ კავშირში საქმესთან არაა, მეორე მაგალითად არის დიასამიძე, რომელიც დანაშაულის მოხდის პერიოდში, სამხედრო ნაწილში იყო და 10 მოწმე ამბობს, (რომელთან ერთადაც მსახურობდა) რომ დილით პატიმარი სხვა, მოწვეული მოწმის საფუძველზე გაასამართლეს და უვადო პატიმრობა მისცეს, რადგან ვიღაცას ასე სჭირდებოდა,” – აღნიშნავს
მოძრაობა „ჰუმანურობისთვის“ დამფუძნებელი, ალექსანდრე კაპანაძე.

“ფორტუნა” დეტალების დაზუსტებას პენიტენციურ სამსახურში ცდილობს, ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

 

პოპულარულები