მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, უკვე შეერთებულ შტატებშიც კორონავირუსის ე.წ. “დელტა შტამი” დომინანტი გახდა.
ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ იმატებს მაშინაც კი, როცა იმუნიზაციის პროცესი ფართოვდება და ვაქცინას უფრო და უფრო მეტი ამერიკელი იკეთებს.
სწორედ დელტა ვარიანტის მასშტაბური გავრცელების ფონზე, აშშ-ში მეცნიერების აზრი ორად იყოფა და ერთი ნაწილი უკვე ფიქრობს – ხომ არ არის საჭირო, ტესტირება ჩაუტარდეთ უკვე ვაქცინირებულ პირებსაც.
❓ მიზეზი კი არის ის, რომ ამ ეტაპზე, კვლევებით, არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, თუ რამდენად ეფექტიანად მოქმედებს ვაქცინები “დელტა შტამის” შემთხვევაში გადამდებობის თვალსაზრისით და გადასცემენ თუ არა ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს სხვებს.
არის თუ არა საჭირო ვაქცინირებული ადამიანების ტესტირება – ფაქტები, არგუმენტები, კონტრარგუმენტები
Reuters-ი ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ში “დელტა” ვარიანტი უკვე დომინანტი გახდა. შტატებში, ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევების 51.7%-ი სწორედ ამ ვარიანტს უკავშირდება.
? ამ დროისთვის, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს შეუძლიათ რუტინული ტესტირებისგან თავი შეიკავონ.
? მეცნიერების ნაწილი კი აღნიშნული რეკომენდაციის გადახედვას ითხოვს და ტესტირების საჭიროებაზე საუბრობს. ერთ-ერთი ასეთია ბეილორის სამედიცინო კოლეჯის ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის დეკანი, დოქტორი პიტერ ჰოტეზი, რომელიც აღნიშნავს, რომ შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს იმის დადგენა, რომ ვაქცინა “დელტა შტამზეც” ეფექტიანად მოქმედებს:
“აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს მონაცემებს, მხოლოდ იმ “მწვავე” ინფექციების შესახებ, რომლებიც მძიმე დაავადებას იწვევს. ეს შესაძლოა ნიშნავს იმას, რომ მეცნიერებმა და ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებმა არ იციან, რამდენ ვაქცინირებულ ადამიანს აქვს მსუბუქი ან უსიმპტომო ინფექცია და ძალიან რთული იქნება იმის დადგენა, გადასცემენ თუ არა, ან რა სირთულით გადასცემენ უკვე აცრილი ადამიანები ვირუსს სხვებს.” – ამბობს პიტერ ჰოტეზი.
ჰოტეზი ასევე ამბობს, რომ mRNA ვაქცინები კვლავ განაგრძობს ადამიანების დაცვას ვირუსის მწვავე გართულებებისგან, თუნდაც დელტა შტამით ინფიცირების დროს.
აქვე – კოვიდ-19-ის ვაქცინების გარკვეული სახეობა ახალი მიდგომების გამოყენებით შემუშავდა და მათ მესენჯერ RNA ან mRNA ვაქცინებს უწოდებენ. mRNA ვაქცინა ორგანიზმს გენეტიკურ კოდს სძენს, რომელიც იმუნურ სისტემას ანტიგენის გამოსამუშავებლად სჭირდება. ამ ტექნოლოგიით დამზადებული ვაქცინები არ შეიცავს ცოცხალ ვირუსს და ადამიანის დნმ-ზე ზემოქმედებას არ ახდენს. შეგახსენებთ, ამ ტექნოლოგიებით ვაქცინებს აწარმოებს “მოდერნა” “ფაიზერ-ბიოენტეკი” და “ჯონსონ-ენდ-ჯონსონი”.
? ჯანდაცვის ექსპერტების მეორე ნაწილი კი რეკომენდაციების შეცვლას არ თანხმდება და ამბობს, რომ ეს საჭირო არ არის, რადგან ვაქცინები იცავს.
მსგავსი მოსაზრება აქვს ფილადელფიის ბავშვთა საავადმყოფოს ვაქცინების სწავლების ცენტრის დირექტორს პოლ ოფიტს, რომელიც აღნიშნავს: “მე მაინც ვფიქრობ, რომ ვაქცინირებულ და ასიმპტომურ ადამიანებში დადებითი ტესტირების ალბათობა ძალიან მცირეა”.
საბოლოო ჯამში კი, ტესტირების მომხრეები ამბობენ, რომ ვაქცინირებულ ადამიანებში, “დელტა შტამით” გამოწვეული შემთხვევების შესახებ მონაცემები ძნელად მოსაპოვებელია – მით უმეტეს, თუ ეს შემთხვევები ასიმპტომურია და მათი რაოდენობა ვერ აღირიცხება CDC-ს საერთო სტატისტიკურ ანგარიშში.
“დელტა” შტამით ინფიცირებულებში, “ფაიზერის” ვაქცინა ნაკლებად ეფექტიანია – ისრაელის კვლევის შედეგები
ტესტირების საჭიროებას მით უფრო განიხილავენ მას შემდეგ, რაც წინასწარი კვლევის შედეგებით აღმოჩნდა, რომ გარკვეული კოვიდვაქცინები “დელტა” შტამის მიმართ ნაკლებად ეფექტიანად მოქმედებს.
ერთ-ერთი ბოლო კვლევა, რომელიც “დელტა” შტამზე “ფაიზერის” ვაქცინის ეფექტიანობის ხარისხს ადგენს, ისრაელში ჩატარდა, ცდის შედეგები კი რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა.
იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ეს ვაქცინა “დელტა” ვარიანტის წინააღმდეგ 70%-ით ეფექტიანია მაშინ, როდესაც სხვა შტამების შემთხვევაში ეს პროცენტული მაჩვენებელი 95 %-ს აღწევს.
ცდის ავტორები იმასაც ამბობენ, რომ “ფაიზერის” ვაქცინა შედარებით ნაკლებ ეფექტიანად იცავს “ინდური” შტამით ინფიცირებულს – არ განუვითარდეს სერიოზული სიმპტომები.
ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში ბოლო ორი კვირის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 90 % სწორედ “დელტა” ვარიანტზე მოდის.
აქვე შეგახსენებთ:
➤ ისრაელში მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გასული წლის 19 დეკემბერს სწორედ “ფაიზერის” ვაქცინით დაიწყო.
➤ მიმდინარე წლის თებერვალში, ასევე ისრაელში კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომელიც ადასტურებდა, რომ “ფაიზერის” ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, შემთხვევებმა 85%-ით იკლო.
➤ გასულ თვეში კი ისრაელში “დელტა ვარიანტის” გავრცელების ფონზე, თითქმის ორთვიანი სტაბილურობის შემდეგ, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – ახალი შემთხვევების 70% ინდური შტამი იყო, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვი და რაც ასევე საყურადღებოა, ინფიცირებულთა მესამედი აცრილი იყო.
ისრაელის მიერ წარდგენილ კვლევის უახლეს შედეგებს ეხმიანება აშშ-ს ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორ ენტონი ფაუჩი და ამბობს, რომ სასურველია ისრაელმა სრულად წარადგინოს მონაცემები, სანამ მტკიცებით იტყვის, რომ “დელტა” ვარიანტი ვაქცინაციის შედეგად წარმოქმნილ ანტისხეულებს გაცილებით მარტივად აღწევს თავს.
ფაუჩი ამბობს, რომ ისრაელისგან უფრო დეტალური და კონკრეტული მონაცემები უნდა მიიღონ.
მანამდე, აშშ-ში კვლავ აცხადებენ, რომ იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების ფონზე, ასევე მნიშვნელოვნად იზრდება შემთხვევების რიცხვი, რომელიც გამოწვეულია “დელტა” შტამით. ეს კი ხდება დამატებითი არგუმენტი იმ მეცნიერებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ ვაქცინირებულთა ტესტირებაც უნდა მოხდეს, რათა მიღებულმა მონაცემებმა დაადასტუროს ან უარყოს – გადასცემენ თუ არა ვაქცინირებული ადამიანები ვირუსს გარშემომყოფებს.