LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მე-4 და მე-6 კლასელების მიღწევები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე, მათემატიკაში ტესტირებით შეფასდება – რას ითვალისწინებს NAEC-ის ახალი პროექტი

112
1469350515

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე საზოგადოებას ცენტრის ახალი პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ წარუდგინა. როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პროექტის მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე მათემატიკაში.

ცენტრის დირექტორი სოფო გორგოძე განმარტავს, რომ პროექტის მიზანია მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირების ჩატარება, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაეხმარებათ.

ტესტირება ელექტრონულ ფორმატში ჩატარდება. ტესტირება მოიცავს როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის დავალებებს. დახურული დავალებები გასწორდება კომპიუტერის მეშვეობით, ღია დავალებების შესწორებაში კი პედაგოგები ჩაერთვებიან.

„პროექტის იდეა გახლავთ ის, რომ მეოთხე და მეექვსე კლასებში ისეთი ტესტირება ჩავატაროთ, რომელიც სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგვეხმარება. ეს არ არის შეფასებები, სადაც მოსწავლეები მხოლოდ ქულებს იღებენ, არამედ ეს არის შეფასება, რომელიც გვეხმარება გავარკვიოთ, რა უჭირს მოსწავლეს, რაში სჭირდება დახმარება და როგორ დავეხმაროთ მათ მიაღწიოს უკეთეს შედეგებს. პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტესტირება იქნება ორ საგანში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში და მათემატიკაში. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება არის სრულად ელექტრონული, ეს კიდევ ერთი სიახლეა. მოსწავლეები შეძლებენ ელექტრონული რეჟიმში კომპიუტერის საშუალებით ეს ტესტირება გაიარონ.

საერთაშორისო შეფასებებში, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და რომლის მიხედვითაც ქვეყნების რეიტინგი დგება, შემდეგი წლებიდან სრულად ელექტრონულ შეფასებაზე გადადიან და ფურცელზე შეფასება აღარ მოხდება. ამიტომ ჩვენც ფეხი, რომ ავუწყოთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენც გვინდა მოსწავლეები ელექტრონულად ტესტის შესრულებას შეეჩვიონ. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის დროს გამოცდის დაწერა აღარ გაუჭირდებათ. ტესტირება ელექტრონულად ტარდება და გასწორების ნაწილის შემთხვევაში იქნება როგორც დახურული, ასევე, ღია დავალებები.

რაც შეეხება დახურულ დავალებებს, ის გასწორდება კომპიუტერის საშუალებით, ღია დავალებების შემთხვევაში მასწავლებლები იქნებიან ჩართულები, თუმცა, ესეც ელექტრონულად მოხდება და არა ფურცელზე. მასწავლებლის როლი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ მასწავლებელი იღებს არა მარტო მოსწავლის შედეგს, არამედ თითოეული დავალების მიხედვით შეიძლება ნახოს კონკრეტულ მოსწავლეს რა გაუჭირდა, რა გააკეთა კარგად, შეუძლია თავისი კლასის შედეგი შეადაროს პარალელური კლასის შედეგს, ასევე, შეუძლია თავისი კლასის საშუალო ქულა ქვეყნის საშუალო ქულას შეადაროს. ეს შედეგები მათ აჩვენებთ გაიგონ თავისი მოსწავლეები რა ეტაპზე არიან სხვა მოსწავლეებთან შედარებით”, – განაცხადა გორგოძემ.

მისივე განმარტებით, პროექტი საპილოტე რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს.

პოპულალურები