LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GLP-1 პრეპარატების გავლენა სამომხმარებლო ბაზარზე – სამოსის მწარმოებელი ბრენდებისთვის ახალი კომერციული შესაძლებლობა იხსნება

184
GLP-1 პრეპარატები

GLP-1 ჯგუფის პრეპარატების ხელმისაწვდომობის ზრდასთან ერთად, აშშ-ში სულ უფრო მეტი ადამიანი იკლებს წონაში, რაც ახალი სამოსის შეძენის სტიმული ხდება. ეს კი მოდის ინდუსტრიისთვის ახალ კომერციულ შესაძლებლობას ქმნის – სამოსის მწარმოებლებსა და საცალო მოვაჭრეებს საშუალება ეძლევათ, პროდუქცია ისეთ მომხმარებლებს შესთავაზონ, რომლებიც სრულ ტრანსფორმაციას გეგმავენ.

ბაზრის მკვლევარი კომპანიის „Circana“ თანახმად, გარდერობის განახლების წინმსწრებ ინდიკატორად დიდი ზომის ბიუსტჰალტერების გაყიდვების შემცირება უნდა მივიჩნიოთ. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ტანსაცმლის სხვა კატეგორიებზეც აისახება.

ჯანდაცვის პოლიტიკის წამყვანი ამერიკული ორგანიზაციის „KFF“ მიერ გასული წლის შემოდგომაზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, აშშ-ში ყოველი მერვე ზრდასრული ადამიანი, ანუ მოსახლეობის თითქმის 13%-ი, ისეთ GLP-1 პრეპარატს იღებს, როგორიცაა Ozempic ან Zepbound.

​JP Morgan-ის პროგნოზით, 2030 წლისთვის GLP-1 პრეპარატებს, შესაძლოა, 30 მილიონზე მეტი ამერიკელი მოიხმარდეს, რაც მნიშვნელოვანი ზრდაა 2026 წლისთვის ნავარაუდევ 10 მილიონთან შედარებით.

​წონაში დაკლებული ადამიანების ზრდამ, შესაძლოა, შესყიდვების მკვეთრი მატება გამოიწვიოს. „Circana“-ს მიერ იანვარში ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, GLP-1 პრეპარატების მომხმარებელთა, დაახლოებით, 80%-ი ვარაუდობს, რომ ზომის ცვლილების გამო ახალი ტანსაცმელი დასჭირდება.

​ანალიტიკური კომპანიის „Bernstein“ მიერ მარტის ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, თუ GLP-1-ის ყოველი მომხმარებელი წონაში, საშუალოდ, სამი ზომით დაიკლებს და თითოეულ დაკლებულ ზომაზე ხუთიდან რვამდე ნივთს შეიძენს, ეს 2026 წელს 150-დან 700 მილიონამდე ერთეული ტანსაცმლის რეალიზაციას ნიშნავს, ხოლო ტანსაცმლით საცალო მოვაჭრეებისთვის – წლიურად დამატებით 13 მილიარდ დოლარამდე შემოსავალს.

ცნობისთვის, აშშ-ში ტანსაცმლის ერთეულის საშუალო გასაყიდი ფასი, დაახლოებით, 18 დოლარია. ​თუმცა Bernstein-ის თანახმად, იქიდან გამომდინარე, რომ GLP-1 მომხმარებლები, როგორც წესი, მაღალშემოსავლიან სეგმენტს განეკუთვნებიან, ისინი უფრო ძვირად ღირებულ ნივთებსა თუ ბრენდებს მიანიჭებენ უპირატესობას.

„Bernstein“-ის წამყვანი ანალიტიკოსის ​ანიშა შერმანის განმარტებით, GLP-1 პრეპარატების მოხმარებელთა ზრდით ყველაზე მეტად იხეირებენ:

  • ​ფასდაკლების პლატფორმები და მეგა რითეილერები (T.J. Maxx, Marshalls, Walmart, Target), რადგან მომხმარებლები წონის კლების პროცესში ეკონომიურ ვარიანტებს ეძებენ.
  • სპორტული ბრენდები (Nike, Adidas, Lululemon), რადგან ელასტიკური სამოსი უკეთ ერგება ტრანსფორმირებულ სხეულს. გარდა ამისა, წონის კლება ადამიანს უფრო აქტიური ცხოვრების წესისკენ უბიძგებს.
  • სამკერვალო ატელიეები და პერსონალიზებული სერვისების მიმწოდებლები (Stitch Fix, Rent the Runway, Nuuly) – ისინი მოიზიდავენ კლიენტებს, რომლებიც ეძებენ სტილისტის რჩევებს ან სამოსს გარდამავალ პერიოდში მოხმარებისთვის.
  • ჰიპერმარკეტები და საწყობები, რომლებსაც საკუთარი აფთიაქები აქვთ (Costco, Target, Walmart) – მომხმარებელმა, შესაძლოა, მედიკამენტთან ერთად ხელს სამოსიც გააყოლოს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g