LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოუსმინეთ რა ამაზრზენია სისტემა: ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია გააზიარა

163
BeFunky-collage (2)

ქალთა ორგანიზაცია „საფარის“ თავმჯდომარემ, ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორია გააზიარა.

“აი გაუპატიურებული გოგო, რომელიც გადარჩა. მას მაინც მოუსმინეთ რა ამაზრზენია სისტემა და რა ძნელია ამ სისტემაში გადარჩენა”,- დაწერა ბაია პატარაიამ.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალის პოსტს “ფორტუნა” უცვლელად გთავაზობთ:

“რეალურად, არ ვიცი ამ პოსტის წერა როგორ დავიწყო, თან არ მინდა, რომ ვინმემ ჩემი ემოციები პათეტიკურად ჩათვალოს, ან საკუთარ გამოცდილებაზე ხაზგასმით ვინმეს ეს თემა ყელში ამოვუყვანო, აღარც გადაცემებში დავდივარ იმიტომ, რომ, ერთი მხრივ, არ მსურს ეს თემა ვინმესთვის საპამპულავო გახდეს, მეორე მხრივ, კი სხვა ჩემნაირი ქალების მრცხვენია.

უბრალოდ რომ ვფიქრობ, რომ როდესაც მე არანაირი ემოციური მიჯაჭვულობა აღარ მაქვს იმ ამბავთან, როცა ვამბობ, რომ მსხვერპლი კი არა survivor ვარ და დაცემის ნაცვლად, ამ ამბავმა გამაძლიერა და საკუთარი თავის სიყვარული მასწავლა, მეორე მხარეს არიან გოგოები, ქალები, რომლებიც გააუპატიურეს, სამართლებრივად მსხვერპლის სტატუსიც კი არ მისცეს, ნათესავებმა შემარცხვენელი უწოდეს და სასტიკად გაუსწორდნენ, შემდეგ კი ამ ქალებმა თავი მოიკლეს. მერე ვფიქრობ, რომ როგორ შეიძლება ჩემი გამოცდილება ამ ქალებისთვის ვალიდური აღმოჩნდეს ან როგორ უნდა დამიჯერონ იმაში, რომ რაღაცები შეიძლება ტრავმად არ დარჩეს, ბედნიერიც იყო და ბევრი საყვარელი და კარგი ადამიანიც გეხვიოს გარშემო. ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ ჩემს გამოცდილებას ვერ განვაზოგადებ, ყველა გაუპატიურებული ქალის ისტორია ინდივიდუალური და უნიკალურია სამწუხაროდ კი, ხშირ შემთხვევაში – ტრაგიკული.

თუმცა, საქართველოში, რაც ყველას გვაერთიანებს ეს იმ სისტემის ხარვეზებია, რომელიც წესით უნდა გვიცავდეს და არა იმაზე უარეს ტრავმას გვაყენებდეს, ვიდრე თავად გაუპატიურებაა.

დღეს ამ ამბის ქვეშ კომენტარებს ვკითხულობდი, მთავრობა რა შუაშია, გაუპატიურება ყველგან ხდებაო. კი, გაუპატიურება განვითარებულ ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ როგორ ექცევიან იქ ძალადობაგამოვლილ ქალებს, ეგაა საკითხავი. აქ კი:

პოლიციაში მისვლისთანავე გიყურებენ ეჭვის თვალით, გეუბნებიან, რომ არ ჰგავხარ “ოჯახის გოგოს”. იმდენად ეზარებათ ეს საქმე და ისეთი გაზულუქებულები არიან, გეუბნებიან, რომ არ იჩივლო, იმიტომ, რომ “ნუ ახალგაზრდა გოგო ხარ და ეს შემარცხვენელი ამბავი ხომ არ იდება შენს საქმეში”.

არ არსებობს რამე განცალკევებული ოთახი, სადაც წყნარად, მშვიდად მისცემ ჩვენებას და ხუთასი კაცი არ მოისმენს დეტალებში შენს გაუპატიურების აქტს.

ნუ ოდნავ ნორმალური გამომძიებელი თუ შეგხვდა, გაგიმართლა იმიტომ, რომ სამხარაულიდან შეიძლება იმ დღესვე დაეზაროთ შენი გარეგანი დათვალიერება და, ბოლოს და ბოლოს, ეს ოდნავ ნორმალური გამომძიებელიც ჰკითხავს, აბა, მე ხო არ დავათვალიერებო.

ცალკე “სახალისო” ისტორიაა, როგორ ხდება სამხარაულში შენი დათვალიერება. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? მე, ყოველ შემთხვევაში, ასე წარმომედგინა: რომ იქნებოდა ძალიან სუფთა, განათებული ოთახი, კლინიკის ოთახის მსგავსი, სადაც კარს ჩაკეტავდნენ, უცხო პირი რომ არ შემოსულიყო. ნუ კომფორტისთვის, ძალიან ემპათიური ქალი გინეკოლოგი გამსინჯავდა. რეალურად კი, სამხარაულის “შესამოწმებელი” ადგილი ძალიან შორს არის ზემოთ აღწერილისგან, კაცი და ქალი გსინჯავენ და შენი ვაგინის ხვეულებში თუ ჩაიკარგნენ, არ მოერიდებათ და სხვა სართულიდან ერთ სამ-ოთხ კაცს ჩამოიყვანენ და შეახედებენ :)) შენ კი უყურებ 6 ზრდასრულ დოყლაპიას, რომლებიც უმზერენ შენს ვაგინას

რა თქმა უნდა, არ არსებობს არანაირი ფსიქოლოგი, რომელსაც სახელმწიფო გამოგიყოფს. არ არსებობს არანაირი დაფინანსება, რომლითაც საავადმყოფოში გაგსინჯავენ, იქნებადა რამე სქესობრივად გადამდები დაავადება გადმოგედო. ვაიდა, ორსულად დარჩი, პირადობის მოწმობა კი პოლიციაში აქვთ ექსპერტიზაზე, მისვლისას, შეიძლება ზურგსუკან მათი ქირქილიც გაიგო და თუ იქვე ჟურნალისტიც არის, იმასაც ჩაუკაკლავენ ყველაფერს :)) ის კი ყველაფერს ისე დაწერს, რომ შენი ნაცნობები აღმოგაჩენენ და საღამოს აუცილებლად მოგწერენ, შენზეა ეს სტატიაო?!

რადგან პროკურატორა არის ბრალის წარმდგენი, საკუთარ საქმეში შენ თვითონ ხარ მოწმე. თავს კი იმაზეც არ იწუხებენ, რომ გითხრან, სასამართლო პროცედურები როდის ტარდება. შენ კიდევ შეიძლება ერთ დღეს ისე მიხვიდე პროცესზე, ისიც არ იცოდე, რომ საბოლოო პროცესია და კარს უკან დამნაშავის აგრესიული ოჯახი გელოდებოდეს.

რაც ყველაზე მთავარია, ეს 9 მთა და 9 ზღვა თუ გადაიარე, კაი ნაცემი და ნაბეგვი თუ არ ხარ, სასამართლოს თავისუფლად შეუძლია თქვას, რომ გაუპატიურება არ მომხდარა. იმიტომ, რომ ეგეთი კანონი გვაქვს, სადაც წერია, რომ გაუპატიურება არის ის, რაც ჩადენილია ძალადობით. რეალურად კი, გაუპატიურება უნდა იყოს სექსუალური ხასიათის ქმედება, რომელიც მსხვრპლის თანხმობის გარეშეა ჩადენილი. ძალადობა კი დამამძიმებელი გარემოება იყოს.

ნუ “მადლობა” ჩემზე მოძალადეებს, ძალადობის ლურჯი კვალი ბლომად რომ დამიტოვეს და მართლა მადლობა ნორმალურ მოსამართლეს, რომელმაც უმაღლესი სასჯელი, 13 წელი, შეუფარდა მათ.

საბოლოოდ კი იმას ვფიქრობ, რომ ზოგჯერ უკეთესია ბრძოლაში მარტო იყო, ვიდრე იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც ზურგში დანას გირტყამენ”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g