გადაცემის სტუმარი გოჩა ჩერტკოევი იყო. საუბარი პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გარშემო წარიმართა.
– გოჩა, დიდი მადლობა, რომ გვესტუმრე. როგორც ვიცი არ გიყვარს გადაცემებში სიარული…
– ნამდვილად ასეა, ვცდილობ მინიმალურად ვიარო ინტერვიუებზე და თუ წავედი, რა თქმა უნდა, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამო, არანაირი პირადი.
– ხალხს აინტერესებს შენი პირადი…
– მე არ მაინტერესებს ჩემი პირადი (იცინის) და ყველა ჟურნალისტმა იცის უკვე, რომ ამ თემაზე არ ვსაუბრობ. მე აქ სამუშაოდ ვარ ჩამოსული და არა პირად ცხოვრებაზე სალაპარაკოდ.
– მართლა გქონდა თუ არა წინა ქორეოგრაფებთან დაპირისპირება?
– ეს მხოლოდ ზღაპრებია. არავინ არავის არ უპირისპირდება.
– დღეს ქორეოგრაფი თქვენი ცოლის ძმა, გიგი გაჩეჩილაძეა. ამბობენ, რომ რადგან თქვენი ახლობელია, მას ნაკლებად აკრიტიკებთ.
– ნახეთ წინა გადაცემა და მიხვდებით როგორ არ ვაკრიტიკებ (იცინის). რა თქმა უნდა ეს ასე არ არის. მე ძალიან პირდაპირი ადამიანი ვარ და ფილტრი არ მაქვს არავისთან მიმართებაში, რაც არ უნდა ოჯახის წევრი იყოს.
– რამდენად რთულია, როდესაც ადამიანს ემეგობრებით და მეორე დღეს მას სცენაზე აკრიტიკებთ?
– მეგობრობა და საქმე სხვადასხვა რამეა და თუ არ იციან, უნდა ისწავლონ. თუ ვინმე ამდენს ვერ ხვდება, მისი პრობლემაა. თუ ასეთი სუსტი ხარ, საერთოდ არ უნდა იყო შოუ-ბიზნესში.
– ამბიციურები არიან ქართველები?
– არასაკმარისად.
– იშვიათად წერ 10 ქულას…
– სხვათაშორის წელს ძალიან კარგი ჯგუფია და ხშირად მიწევს (იცინის). ამ საკითხში თვალს ვერ დავხუჭავ. შეცდომა ყველას მოსვლია, მათ შორის მეც. თვალს იმ შემთხვევაში დავხუჭავ თუ იმ კონკრეტულ მოძრაობას დააბალანსებენ ან გავაანალიზებ, რამდენად რთულ ცეკვას ასრულებდა წყვილი.
– ყველას ეშინია შენი კრიტიკის…
– ჩემი კრიტიკის არ ეშინიათ. უბრალოდ იციან, რომ რასაც ვფიქრობ იმას ვიტყვი.
– 6 სეზონია უკვე ამ გადაცემის ჟიურიში ხარ, რატომ ვერ დახვეწე ჯერ კიდევ ქართული ენა თუ ეს ერთგვარი იმიჯია?
– არა, რომელი ნორმალური ადამიანი მოიფიქრებს სულელურ იმიჯს თავის თავზე? აბსოლუტურად არა. ვინმეს თუ მოსწონს არ ვიცი, მე ნამდვილად არა.
– შენი შეფასება ყოველთვის განსხვავდება ჟიურის სხვა წევრების აზრისგან. რამდენად გაღიზიანებს ეს ყველაფერი?
– არანაირად უარყოფითი, პირიქით. ეს ასეც უნდა იყოს. არა მგონია, ვინმე ბრაზდებოდეს ამის გამო, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც ჩემი მენტალიტეტი გაიგეს და მე გამიცნეს.
– გოჩა, თავისუფალ დროს რას აკეთებ?
– შეუძლებელია, თბილისი არ მოგწონდეს, მაგრამ გარეთ ქუჩაში მოსეირნეს ვერ მნახავთ. მეუხერხულება, არ მიყვარს ზედმეტი ყურადღება. რეალურად სულ სხვანაირი გოჩა ვარ.

– რატომ გადაწყვიტე, რომ წვერის ფერი შეგეცვალა?
– არ ვიცი თბილისში ეს როგორ ჩანს, მაგრამ ჩემი იმიჯი ჩემი სტილის ზუსტი გამოსახულებაა, ამიტომ უცნაურს ვერაფერს ვხედავ. თან ჩემი სამყარო დამაქვს და სულ ეგ არის.
– თავად რატომ აღარ ცეკვავ?
– იმიტომ, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს.
– მეუღლესთან ერთად თუ იცეკვებ ქართველი მაყურებლის წინაშე?
– არა, არ ვაპირებ. ბოლო 15 წელი საერთოდ არ მივარჯიშია, ამიტომ რთლი იქნება, სხეული და გონება ერთმანეთს შევუსაბამო. ცეკვა არის აბსოლუტურად ფიზიკური ვარჯიშის შედეგი.
– წლევანდელ სეზონზე რას იტყვი?
– ჯგუფი ყველაზე ძლიერია, რაც ეს შოუ საქართველოში არსებობს. რომ ჩართოთ წინა სეზონების ჩანაწერები და წლევანდელი, მიხვდებით, რომ ისინი სათამაშოები არიან.
– რას აპირებ, როდესაც პროექტი დამთავრდება?
– წავალ სახლში და ცოტას დავისვენებ. არ მიყვარს დიდად დასვენება, უსაქმურობა დეპრესიაში მაგდებს.
– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– სახლში, ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად.
– თქვენმა შვილმა სხვა გზა აირჩია…
– კი, ასე გამოვიდა. არ გამოიჩინა ინტერესი ცეკვის მიმართ, უფრო ინტელექტუალური კუთხით წავიდა. დღეს ერთ-ერთი უძრავი ქონების მენეჯერია და ძალიან კარგად უძღვება საქმეს.
– როგორ წარმოგიდგენია შენი თავი მამამთილის როლში?
– (იცინის) არ ვიცი, ჯერ ვერ წარმომიდგენია.
– ერთად თუ დადხართ დასასვენებლად?
– რა თქმა უნდა, სულ ერთად დავდივართ.
– სამზარეულოში ფუსფუსი თუ გეხერხება?
– არა, არც მეუღლეს. რომ მოინდომოს ალბათ გამოუვა, მაგრამ მზარეული არ არის.
– რომელი ცნობილი ადამიანის გაცნობა გინდა ყველაზე მეტად?
– არავისი. სამწუხაროდ მე არ მახასიათებს მსგავსი რაღაცეები. ყველა ჩემნაირი რომ იყოს ალბათ საერთოდ არ იარსებებდა შოუ-ბიზნესი. მე უფრო მარტივი და უბრალო ხალხი მომწონს.
– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– ძალიან საინტერესო და სასიამოვნო ინტერვიუ იყო.
– წარმატებებს გისურვებ.