LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოცირიძე: ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი ღარიბაშვილმა „მოინელა“

1332
Untitled design (18)

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, რომ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომა მოწმობს იმას, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არსებობს ერთიანი პოზიცია და შეთანხმება.

როგორც ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, ჯანდაცვის მინისტრის გადადგომიდან მეორე დღესაც კი, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კომენტარი ან შეფასება არ გაუკეთებია, რითაც, გოცირიძის თქმით, საზოგადოებას ეუბნება, რომ მას პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ნდობა აქვს.

„ეს კიდევ მორიგი აურზაურია „ქართული ოცნების“ გუნდში, მორიგი პოლიტსაბჭოს წევრი მიდის და ამბობს, რომ რჩება პოლიტსაბჭოში – ეს არის ფორმალური განცხადება. ეს ნიშნავს, რომ სადღაც წავა. ჩვენ ვიცით, სად წავიდა მაია ცქიტიშვილი, რომელიც ვიცე-პრემიერი და ინფრასტრუქტურის მინისტრი იყო, რომლის კვალიფიკაცია გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ჯანდაცვის მინისტრის? თუმცა, ხომ გაქრა?

ივანიშვილის ორი ფავორიტი ქალი ღარიბაშვილმა მოინელა, გადაყლაპა. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობაში არ არის ერთიანი პოზიცია, თანხმობა თუნდაც ამ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში. ამ მთავრობამ, რომლის შემადგენლობაში ტიკარაძე იყო, – როგორადაც არ უნდა გვინდოდეს მისი შეცოდება, რადგან ის ბოლო ეტაპზე დაუპირისპირდა ღარიბაშვილს ამ კოვიდპასპორტთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ჰუმანურად მოიქცა მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით, როდესაც მან კომისია შექმნა და ფაქტობრივად, ციხის საავადმყოფოდან ნახევრად სამოქალაქო კლინიკაში მის გადაყვანას შეუწყო ხელი – ეს არ ამართლებს იმ პოლიტიკას, რომელმაც 12 700 ადამიანი მოკლა.

საქართველო დღეს არის ყველაზე მძიმე და ცუდ მდგომარეობაში პანდემიასთან ბრძოლის საქმეში. საქართველო არის სიკვდილიანობით უკვე მთელ მსოფლიოში მერვე ადგილზე და ინფიცირების მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის, პრემიერ-მინისტრის მომყვანის და მთელი ამ გუნდის არის. ბიძინა ივანიშვილი ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, რომ პანდემიის განმავლობაში ასეულობით მილიონი ფული გაიფლანგა და ამდენი ადამიანი დაიხოცა, კიდევ რა მოხდება მომავალში, არავინ იცის. შეიძლება ვთქვათ, რომ მოკვდება კიდევ 1000 კაცი წლის ბოლომდე.

ეკატერინე ტიკარაძე არა მარტო გუნდის, ოჯახის წევრი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში მინისტრი გადადგა, რომელსაც ასეთი სფერო მიჰყავდა, თანაც ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში, როდესაც პანდემია მძვინვარებს ქვეყანაში და ხმა არ ამოუღია ღარიბაშვილს.

ერთი დღე გავიდა, არც მადლობა, არც კომენტარი, ან საყვედური, „ღირსია, რომ წავიდა,“ „მე ანტივაქსერი ვარ და კოვიდპასპორტების ჩემს პოლიტიკას არ დაეთანხმა,“ – გატრუნულია. ეს იმას ნიშნავს, რომ დემონსტრაციულად გვეუბნება საზოგადოებას, რომ მას, ტიკარაძის დემარში იქნებოდა თუ მისი პოზიციები, მას ივანიშვილისაგან ნდობა აქვს. ივანიშვილს, რომ ნდომოდა, დაიცავდა ტიკარაძეს და გააგდებდა ღარიბაშვილს.

რატომ არ უშვებს ღარიბაშვილს? – მას სჭირდება ადამიანი, ეს არის „უკანასკნელი მოჰიკანი,“ ამ შემადგენლობაში ბოლო, რომელიც ნებისმიერ დავალებას ბიძინა ივანიშვილისგან სიამოვნებით მიიღებს და იქით ეტყვის „მადლობა, ბატონ ბიძინას.“ მისი მსგავსი შემსრულებელი, მონური მორჩილებით და დიდი აზარტით, ამ კაბინეტის შემადგენლობაშიც კი ძალიან ძნელად მოიძებნება. ამიტომ, მას ის სჭირდება, როგორც ყველაზე მორჩილი და ნებისმიერი საქმის გამკეთებელი. ამიტომ გაწირა თავისი საახლობლო“, – განაცხადა რომან გოცირიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ დირექტორის, ლევან რატიანის კანდიდატურა განიხილება, რომან გოცირიძემ აღნიშნა, რომ ეს არ იქნებოდა სწორი გადაწყვეტილება, რადგან, მისი შეფასებით, ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს პოლიტიკური ფიგურა და არა ექიმი.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა 9 დეკემბერს დატოვა.

პოპულალურები