დღეს, როდესაც მსოფლიო ბაზარზე მრავალფეროვანი ღვინოებია წარმოდგენილი, მაღალი ხარისხის ღვინისთვის უპირატესობის მინიჭება არა მხოლოდ გემოვნების საკითხი, არამედ გაცნობიერებული არჩევანიცაა, პატივისცემაა მეღვინის შრომისა და საუკუნეების გამოცდილების. შესაბამისად, მაღალი ხარისხის ღვინის დაგემოვნებით არა მხოლოდ გემო და არომატი ფასდება, არამედ ამა თუ იმ ქვეყნის ღვინის დაყენების ტრადიციაც. იმისთვის, რომ მაღალი ხარისხის ქართული ღვინო ღვინის მსოფლიოს რუკაზე გამორჩეულ ადგილს იკავებდეს, და იკავებს კიდეც, 2018 წლიდან მოქმედი მცირე მარანი „გოცირიძის მეღვინეობა“ საკუთარი წვლილის შეტანას ცდილობს. მისი თითოეული ბოთლი ორგანული სასმლით მხოლოდ იმ რწმენით ივსება, რომ ვაზი არა მხოლოდ მიწის ნაყოფი, არამედ კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და ეროვნული იდენტობის სიმბოლოა.
ანდრო გოცირიძე, მცირე მარნის „გოცირიძის მეღვინეობა“ თანადამფუძნებელი:
– მამაჩემი ცნობილი აგრონომი და მეღვინე, ვენახზე გადაყოლილი ადამიანი გახლდათ. მან მთელი შეგნებული ცხოვრება მეღვინეობას მიუძღვნა, რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტშიც იყო ჩართული, მაგალითად, მონაწილეობდა აფხაზებისთვის რუსული ოკუპაციის შედეგად დაკარგული აფხაზური ენდემური ჯიშების დაბრუნებაში – ისინი უკრაინის, მოლდოვის კოლექციიდან აღდგა და გაეროს ეგიდით, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, ისევ აფხაზეთის კოლექციებში დაბრუნდა. იყო ძველი ქართული ვაზის ჯიშების მოძიებასთან დაკავშირებული რამდენიმე ექსპედიციის წევრი ტაო-კლარჯეთში. ასევე, თანამშრომლობდა ჯიღაურაში არსებულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ქართული ვაზის კოლექციის გაშენების საკითხებში, რისი წყალობითაც, ის მემკვიდრეობა, რასაც ხშირად ვახსენებთ – 8000 წლოვან ისტორიას და 500-ზე მეტ ჯიშს, საქართველოში ამ ბაზაზე არსებობს. ამიტომ არ გაგიკვირდებათ თუ ვიტყვი, რომ ვენახი მუდმივად ჩვენი ოჯახის თანმდევი იყო, უბრალოდ, შემდეგ ცხოვრებამ ისე მოიტანა, რომ მე სხვა პროფესიას ვემსახურებოდი და როგორც საჯარო მოხელეს, ბიზნესთან არანაირი შეხება არ შეიძლება მქონოდა. ამიტომ პირველი ვენახები შევიძინე სუფთად იმ მიზნით, რომ ბავშვებს სცოდნოდათ, როგორ იზრდება ყურძენი, როგორ მიიღება ღვინო. წინანდალში ძალიან პატარა ვენახი გვქონდა, სადაც ხარობდა ტრადიციული ქართული ჯიში რქაწითელი და ფრანგული კაბერნე სოვინიონი, რომელიც ძირითადი, წამყვანი ჯიშია ევროპული ღვინოების ასორტიმენტში და რომელიც ძალიან კარგად შეეგუა წინანდლის მიკროზონას და კახურ ტექნოლოგიებს.
თავდაპირველად ღვინის დაყენება ჰობისთან უფრო იყო დაკავშირებული, ვიდრე ბაზარზე პოზიციონირებასთან, მაგრამ წლების მანძილზე მივხვდი, რომ უბრალოდ ვენახის გაშენება და ღვინის მოყვანა ფუჭი ხარჯია, თუ ის ბოთლში არ ისხმება. ასეა, სხვათა შორის, ევროპაშიც, ამერიკაშიც და ყველა განვითარებულ ქვეყანაში – მევენახეობა და მეღვინეობა გაყოფილი არ არის და არც შეიძლება რომ იყოს. ამიტომაც ჩემს ძმასთან ერთად, რომელსაც ვენახი ჰქონდა ართანაში, საოჯახო მარანი „გოცირიძის მეღვინეობა“ ჩამოვაყალიბეთ. ჩვენ-ჩვენი ვენახებიდან მოსავალს ვაერთიანებთ და რამდენიმე ტიპის ღვინოს ვაყენებთ, მაქსიმუმ, 4000-5000 ბოთლს. თითოეული ეგზემპლარი განსხვავებულია, რადგან ჩვენ ბიოლოგიურ მეღვინეობას მივდევთ და ქიმიკატებით არ ვამუშავებთ არც ვენახს და არც ღვინოს. აქცენტს უფრო საკოლექციო ღვინოებზე ვაკეთებთ. მაგალითად, საკოლექციო ჯიშებიდან გვაქვს მუსკატური რქაწითელი, რომელიც ქართული ტრადიციული ჯიშია, გვაქვს ვარდისფერი რქაწითელი, ასევე ქართული ჯიში, მისი ძალიან მცირე ნარგაობები არსებობს საქართველოში, გვაქვს ტრადიციული საფერავიც, მის გარეშე ქართული მეღვინეობა წარმოუდგენელია და როგორც ზემოთ მოგახსენეთ, კაბერნე სოვინიონი წითელი ღვინოებიდან, რომელსაც კახური ტექნოლოგიით ვაყენებთ ქვევრში – ეს გარკვეული სიახლეა და ძალიან იზიდავს მომხმარებელს.
მეღვინეობა ახლაც არ არის ჩვენი ძირითადი საქმიანობა, თუმცა ღვინო იმდენ დროს და იმხელა ძალისხმევას მოითხოვს, ზოგჯერ ჰობად ნამდვილად ვერ აღვიქვამთ. ძირითადი საქმიანობა არ არის ფინანსურადაც, რადგან საქართველოში მცირე მარნად პოზიციონირებას ბევრი სირთულე ახლავს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ „გოცირიძის მეღვინეობას“ ვუყურებთ, როგორც ხანგრძლივვადიან პროექტს, ამ ბიზნესს, განვითარების ამ დონეზე მყოფს, აღარ შევეშვებით, ვერ შეველევით.
– სად არის შესაძლებელი თქვენი მარნის ღვინის შეძენა ამჟამად?
– ორგანული მეღვინეობა, მოგეხსენებათ, ნიშნავს მცირე მოსავლის მიღებას, იმიტომ, რომ ვენახს არ ვამუშავებთ მძიმე ქიმიკატებით, სისტემური ქიმიკატებით, მხოლოდ შაბიამნით და კირით, ტრადიციული მეთოდებით ვებრძვით სოკოვან დაავადებას, ჭრაქს, ნაცარს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ სტანდარტული დატვირთვა ვენახზე არის 8-10 ტონა 1 ჰექტარზე, ჩვენ მოსავალს ვამცირებთ და 4-5 ტონა მოგვყავს, შესაბამისად, მცირეა ღვინის რაოდენობა. სამაგიეროდ ღვინო ხასიათდება მაღალი ხარისხით, მაღალი გემოვნური თვისებებით და ის განკუთვნილია ღვინის პროფესიონალი მომხმარებლებისთვის, ანუ იმ ადამიანებისთვის, ვისაც კარგი ღვინის დაფასება შეუძლიათ.
ჩვენი ღვინო თბილისში წარმოდგენილია ღვინის სპეციალიზებულ, უფრო ბუტიკური ტიპის რესტორნებსა და მაღაზიებში, ასევე „8000 მოსავალში“, ღვინის გალერეაში, ერთი სიტყვით, ისეთ ადგილებში, სადაც ადამიანი მაღალი ხარისხის ღვინის შესარჩევად შედის. ვერც რაოდენობით და ვერც ხარისხით სუპერმარკეტის სეგმენტს ვერ დავფარავთ, ჯერ ერთი იმიტომ, რომ დიდი რაოდენობით მიწოდებაა საჭირო და მეორეც, ჩვენი ღვინო არ არის სტანდარტული, მის შესაძენად და შესაბამის საკვებთან შესახამებლად სპეციალისტი, სომელიე გჭირდება დამკვალიანებლად.
ვცდილობთ დასავლეთის ბაზრებზე მოხვედრასაც, იქ ქართული ორგანული ღვინო განსაკუთრებულად ფასობს. სტანდარტულ წარმოებაში ქართული ღვინო მოცულობით კონკურენციას ვერ გაუწევს ევროპულს, ამერიკულს ან ახალი მსოფლიოსას – ჩილე, ახალი ზელანდია და ა.შ. ამ მხრივ პირველი და სასიკეთო ნაბიჯი იყო ის, რომ „8000 მოსავლის“ ეგიდით, ცოტა ხნის წინ მოვხვდით ბერლინში და ქართული ღვინის ასორტიმენტში ევროპელ მომხმარებელს უკვე ჩვენი ღვინის დაგემოვნების საშუალებაც აქვს. ამას აუცილებლად უნდა მოჰყვეს დასავლურ ბაზარზე გაფართოება, იმიტომ, რომ ეს არის ქართული ღვინის, განსაკუთრებით მცირე მარნების და მაღალხარისხიანი ღვინის გადარჩენის ერთადერთი საშუალება.
– ქართული ღვინის საქართველოს ფარგლებს გარეთ რეალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისას ხშირად წამოიწევს ხოლმე რუსული ბაზრის თემაც, რომელიც დიდია და თან ახლოს მდებარე. რამდენად მიმზიდველია ის მცირე მეღვინეობისთვის?
– შემიძლია გავუგო ყველა ადამიანს, ვინც რუსულ ბაზარს ეტანება, რუსული ბაზრის უარყოფაც არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცას ფინანსების სიკეთე არ ესმოდეს. საქმე ის გახლავთ, რომ რუსულ ბაზარს, ზემოთ ნახსენები ბენეფიტების გარდა, აქვს უზარმაზარი რისკებიც – უპირველესად, ის უაღრესად პოლიტიზებულია. სულაც არ ვაკნინებ იმ მეწარმეებს, ვისაც საქართველოდან რუსეთში გააქვს ღვინო (არ გამოვრიცხავ და დარწმუნებულიც ვარ, რომ მათ შორის მაღალხარისხიანი ღვინოცაა), რუსებმაც იციან კარგი ღვინის დალევა, ეს საბჭოთა კავშირის დროს იყო, როცა ფალსიფიცირებულს სვამდნენ, თორემ ახლა შესანიშნავ დასავლურ ღვინოებს მიირთმევენ და ქართულსაც, ბუნებრივია. მაგრამ აქ ძირითადი რისკი, და განსაკუთრებით მცირე მეწარმეებისთვის, გარდა ეროვნული შეხედულებებისა, რატომაც შეიძლება არ გინდოდეს რუსეთში ღვინის გატანა, პოლიტიკური რისკებია. რუსეთმა ქართული ღვინის ექსპორტი ერთხელ უკვე აკრძალა საკუთარ ბაზარზე (2006 წელს), რამაც ძალიან ბევრი მეწარმისთვის მძიმე შედეგები გამოიღო. რუსეთი ამას, შესაძლოა, კიდევ ეცადოს ნებისმიერი მოტივით და ეს მცირე მეწარმეებისთვის დამანგრეველი იქნება, რადგან მათ არ აქვთ შესაბამისი რეზერვები ვითარების დასაბალანსებლად. სხვათა შორის, რუსეთის მიერ ქართული მეღვინეობის საწინააღმდეგოდ მაშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ მაღალხარისხიანი ღვინის ქართველ მწარმოებლებს სხვა ბაზრებზე გასვლისკენ უბიძგა, რის შედეგადაც ღვინის ხარისხი ამაღლდა, ევროპულ სტანდარტებს დავუახლოვდით და დღეს ქართულ ღვინოს ვხედავთ ლონდონში, ბერლინში და ევროპის სხვა ცენტრალურ ქალაქში.
– ბოლო დროს ხშირად მონაწილეობთ ქართული ღვინის ფესტივალებში. უახლოეს მომავალში სად იქნება თქვენი ღვინოები წარმოდგენილი?
– სულ რამდენიმე დღეში მონაწილეობას მივიღებთ გურული ღვინოების ფესტივალზე, რომელიც, ტრადიციულად, ჩოხატაურში ტარდება. მართალია, ჩვენ გურული ღვინო არ გვაქვს ასორტიმენტში, მაგრამ, როგორც სტუმრები, სიამოვნებით ვმონაწილეობთ ხოლმე აღნიშნულ ფესტივალში და ადგილობრივ მომხმარებელსაც ვაცნობთ აღმოსავლეთის, კახური ტექნოლოგიით დამზადებულ ღვინოებს. ასევე მუდმივად ვმონაწილეობთ ახალი ღვინის ფესტივალში, რომელიც მცირე მარნებისთვის დიდი შესაძლებლობაა შეხვდეს მომხმარებელს, ვენდორს, გადამზიდავს და აბსოლუტურად ყველა რგოლს იმ ლოგისტიკისა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.