აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე გოდერძის უღელტეხილის ბეშუმთან დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, ხულოს მერთან გოჩა მელაძესთან ერთად, გაეცნო.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სამუშაოები ერთი თვეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და 6, 2 კმ მონაკვეთს მოიცავს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის თქმით, ეს ინფრასტრუქტურული პროექტი არის კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ მაღალმთიან აჭარაში კურორტების განვითარება არის მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. აღნიშნულის განხორციელება მთაში უფრო მეტ ტურისტს განაპირობებს, ადგილობრივთა უფრო მეტ დასაქმებას და მოსახლეობის კეთილდღეობას მოიტანს.
გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია გაბიონების და სანიაღვრე არხების, ასევე 5 ახალი და 1 არსებული ხიდის რეაბილიტაცია-მოწყობა. ამ ეტაპზე სანიაღვრე არხების და მოხრეშვის სამუშაოები მიმდინარეობს.
როგორც შემსრულებელი კომპანიის შპს „არალის“ წარმომადგენლები აცხადებენ, პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, ხოლო მიმდინარე ზაფხულს ბეშუმისკენ გადაადგილება უკვე ბევრად უფრო კომფორტული გზით იქნება შესაძლებელი.