LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოდერძი შარაშია: მაყურებელს იაფფასიანი შოუები უფრო მოსწონს, ვიდრე რეალური ადამიანური ისტორიები

27

გადაცემის სტუმარი ჟურნალისტი გოდერძი შარაშია იყო.  საუბარი მისი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების შესახებ წარიმართა.

– დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, დამოუკიდებლად გადაწყვიტე ჟურნალისტობა?
– დიახ, დაახლოებით 18 წლის წინ იყო ეს. დამთავრებული მაქვს თეატრალური უნივერსიტეტი, პროფესიით ვარ ხელოვნებათმცოდნე. მქონდა დაახლოებით ხუთი საოცნებო პროფესია, რომელიც მინდოდა გამოვსულიყავი: მსახიობი, ექიმი, მაღაზიის გამყიდველი, არქეოლოგი და ჟურნალისტობა. ჩავაბარე თეატრალურში, უფრო კონკრეტულად ვარ მუზეუმებისა და არქივების სპეციალისტი, მალევე მივხვდი, რომ ჩემი ეს პროფესია დიდად რავის სჭირდებოდა, ამიტომ მალევე შევიცვალე მიმართულება.  მივედი პრაქტიკანტად „პირველ არხზე“, გადაცემაში „ქვიშის საათი“, იქიდან დაიწყო ყველაფერი.

– შედგი პირველად ფეხი ტელევიზიაში და…
– და მოხდა ის, რომ მოვხვდი ჯულიეტა ვაშაყმაძესთან ერთად. ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, როდესაც ადამიანს წლების განმავლობაში უყურებ ეკრანზე და უცებ მასთან უშუალო კონტაქტი გიწევს, ამიტომ დიდი ხანი ვიყავი დაბნეული. ჩვენ დღმდე ვმეგობრობთ. ასე ვთქვათ, შევისუნთქე ტელევიზიის მტვერი და მას შემდეგ ვარ მასთან ერთად. თუმცა ადრე ეს სრულიად სხვაგვარად იყო და ახლა ყველაფერი არეულია.

– გახსოვს შენი პირველი რპეორტაჟი?
– დიახ, პოლიტიკური რეპორტაჟი იყო და სხვათაშორის, წლების შემდეგ რომ ვუყურე, ძალიან გამიკვირდა, როგორ არავინ მომცა შენიშვნა.

– ამის შემდეგ როგორ განვითარდა შენი კარიერა?
– 5-6 წელი ვიყავი „პირველ არხზე“ და ამ დროის განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე.
– შენი ოცნება იყო მსახიობობაც, ეპიზოდური როლი მაინც არ შეგისრულებია ამის შემდეგ?
– არა, არსად, თუმცა „ორ ვარსკვლავში“ ნაწილობრივ შევძელი ჩემი სამსახიობო ნიჭის გამოვლენა.

– შენი პროფესიით თუ გიმუშავია?
– არა, არ მიმუშავია.

რომელი ტელევიზია იყო „პირველი არხის“ შემდეგ?
– ეს იყო ტელეკომპანია „მზე“, მე და ინგა გრიგოლიამ გადავწყვიტეთ გადავსულიყავით იქ. თუ ოდესმე ადამიანებს თავის კარიერაში აქვთ ოაზისები, ჩემთვის ეს იყო „მზე“. თავისუფლების ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ამას ყველა აღნიშნავდა, ვისაც იქ უმუშავია.  ასევე აქ დავიწყე არასაინფორმაციო გადაცემა და ჩემთვის ამიტომაც ორმაგად მნიშვნელოვანია. ეს იყო „ჟურნალისტის დღიური“.

– რომელი იყო „მზის“ შემდეგ?
– ეს იყო „იმედი“, სადაც გაგრძელდა ჩემი „ჟურნალისტის დღიური“, ამის შედეგ კი უკვე მეხუთე წელია ვაკეთებ „იმედის გმირებს“, რაც ასევე ძალიან დიდი კომფორტია ჩემთვის. ზოგადად, მე ვერ გავჩერდები ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება იმისი საშუალება, რომ უფროსს საკუთარი მოსაზრება ვუთხრა და გავუზიარო. შსაბამისად, ამ მხრივ მე ფუფუნება სულ მქონდა.

– როგორ ეძებთ ადამიანებს  „იმედის გმირებისთვის“?
– მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ კი არ ვეძებთ, არამედ ვარჩევთ საუკეთესოს, რადგანაც ისინი ძალიან ბევრნი არიან. უამრავი  ისტორია შემოდის ჩვენთან, რომელსაჩ შემდეგ პროდიუსერები აზუსტებენ, მართლა ასეა თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ ხვდებიან ისინი ჩვენს ეთერში. ეს არის საზოგადოების ის ნაწილი, რომლზეც სახელმწიფო დღეს დგას. ისინი გაცილებით მეტს აკეთებენ, ვიდრე ის ადამიანები, ვისაც ეს ოფიციალურად ევალება. მათ მუდმივი კონფლიქტი აქვთ სამყაროსთან, რომელშიც ცხოვრობენ, ხშირად გაუსაძლის პირობებშიც კი. თავად ცხოვრობენ ძალიან დიდ დისკომფორტში და იქით ეხმარებიან სხვებს.  ბევრჯერ, როდესაც დაგვირეკავს უშუალოდ ამ ადამიანებთან, მათ უარი უთქვამთ ტელევიზიაში გამოჩენაზე, რადგან ისინი ამას პომპეზურობისთვის არ აკეთებენ. მაგალითად, სამი წელია ვთხოვთ, რომ დაგვრთოს ნება მასწავლებელმა, რომელიც ერთ-ერთ რეგიონში სკოლის ერთადერთი მასწავლებელია და ის ერთადერთ მოსწავლეს ასწავლის. სკოლაში მისასვლელად ისინი ყოველ დღ სამ კილომეტრს გადიან. ეს მოსწავლე და მასწავლებელი მამა-შვილია და იმისთვის, რომ სკოლა არსებობდეს, ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ.  ასევე უამრავი ემოციური ისტორიის მოყოლა და გახსენება შეიძლება. ასეთ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა და არა მათზე, ვინც გაცილებით ხშირად ჩანს ეკრანზე და ჩაცმისა და გახდის მეტი არაფერი გაუკეთებია.  მაყურებელს კი ასეთი იაფფასიანი შოუები უფრო მოსწონს, ვიდრე რეალური ადამიანური ისტორიები.

– ოჯახი როგორ შეხვდა შენს „ორ ვარსკვლავში“ გამარჯვებას?
– ალბათ უფრო უნდა გეკითხათ, მე როგორ შევხვდი, თორემ ოჯახი  ბუნებრივია, ძალიან გვერდში მედგა მთელი სამი თვის განმავლობაში და მათი ძალიან დიდი დამსახურებაა, რომ გავიმარჯვე, ასევე რა თქმა უნდა, ჩემი მეგობრების და ადამიანების, რომლებმაც მხარი დამიჭირეს.  არცერთი მოწოდება სოციალურ ქსელში არ დამიწერია დამესიჯებისა და მხარის დაჭერის შესახებ, იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც დღემდე, გარკვეულ ადგილებსა და კონკრეტულ ოჯახებში არიან სიღარიბის ღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანები, რომლებიც შვილებს ვერ კვებავენ, მე ვერ მოვითხოვ, რომ მხარი დამიჭირონ და დამიმესიჯონ. ვისაც ამისი სურვილი ჰქონდა, დამიჭირა.
– ოჯახის საქმეები თუ გეხერხება?
– ელარჯის გაკეთება რომ ვიცი ეს ყველამ იცის ჩემს გარშემო. ასევე შემიძლია თავადაც გამოვიგონო ესა თუ ის კერძი.

– რომელია ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს?
– სახლში, ოჯახთან ერთად.

– როგორი იყო ეს ერთი საათი, რომელიც ჩვენს სტუდიაში გაატარე?
– მნიშვნელოვანია თუ რა მ,იიღო ამ ერთ საათში მსმენელმა, რას ფიქრობენ და რა ხასიათზე დადგნენ. თუ ეს მოვახერხე, მაშინ ჩავთვლი, რომ ამ ერთმა საათმა გაამართლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები