გოგა ჩანადირი აქვეყნებს ფოტოს, რომელიც 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვების შემდეგ აქვს გადაღებული და წერს:
„ჰერიო, ბიჭებო!
დღეს თქვენ ახალი ისტორიის დაწერას იწყებთ ევროპირველობის პირველივე თამაშით.
არავინ გთხოვთ ზედმეტს. ისედაც ბევრი გააკეთეთ. ახლა, უბრალოდ, თავი მაღლა ასწიეთ და გაილაღეთ. იბურთავეთ გულით. იბრძოლეთ გულიანად, იბრძოლეთ თავდადებით. ამ ბრძოლაშია სიდიადე. ამ ბრძოლას მოაქვს სიამოვნება, ამ ბრძოლაშია ბედნიერება.
ითამაშეთ მთელი გულით და მედგრად.
თქვენ უკან სრულიად საქართველოა. თქვენ უკან ქართული ფეხბურთის დიადი წარსულია. თქვენ მარტონი არ ხართ.
დღეს მილიონობით ადამიანი გიყურებთ, ბევრი შორიდანაც, მაგრამ იცოდეთ, რომ მაინც ძალიან, ძალიან, ძალიან გულიანად გიგულშემატკივრებთ. ერთი სული გვაქვს, გოლები გაიტანოთ. ისე ვიყვირებთ, ხმას გერმანიაში გაგაგონებთ.
გმუხტავთ და გამხნევებთ.
არავინ გთხოვთ ზედმეტს. მხოლოდ თავი ამაყად ასწიეთ და იბრძოლეთ. ბრძოლაშია ბედნიერება. თქვენ კი ბედნიერებისთვის დაიბადეთ.
წმინდა გიორგიმ გიწინამძღვროთ გამარჯვებებში!
ჰერიო, ბიჭებო!“
დღეს, 18 ივნისს საქართველოს ეროვნული გუნდი არსებობის ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე თავის პირველ მატჩს გამართავს. „ჯვაროსნები“ თურქეთის ნაკრებს დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე“ ეთამაშებიან.