LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექსკლუზივი: როგორ ჩააგდო შოკში მეუღლე გიორგი გველესიანმა: „მე არასდროს მომიყოლია… პირდაპირ მივახალე, მომწონხარ-მეთქი. ალბათ, თავიდან იფიქრა, რომ თავზე ხელაღებული ვიყავი…“

2130
გიორგი-გველესიანი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი, გიორგი გველესიანი და მისი მეუღლე, ლინდა კიკოლაშვილი fortuna.ge-ს ექსკლუზიურად ესაუბრებიან თავიანთი ურთიერთობის, ცხოვრებისეული ფილოსოფიისა და დიდი სიყვარულის შესახებ…

გიორგი, ემოციები, რაც მთელ საქართველოსთან ერთად გაიზიარეთ, შესანიშნავი იყო… როცა ასპარეზობდით ევროპის ჩემპიონატზე, იქ იგრძნობოდა ის მხარდაჭერა, რაც მთელი ქვეყნისგან გქონდათ?

ბუნებრივია, ველოდით ხალხის სიყვარულსა და სიხარულს, თუმცა არ გვეგონა, თუ ასეთი მასშტაბური იქნებოდა. ჩვენ ვიხილეთ თავისუფლების მოედანზე ანშლაგი, გადაჭედილი იყო მთლიანად რუსთაველის გამზირი, მელიქიშვილის, ჭავჭავაძის გამზირები. რა თქმა უნდა, ველოდით დიდ დახვედრას საქართველოში, მაგრამ არა მსგავსს.

ლინდა, თქვენი ემოციებია საინტერესო თამაშების პერიოდში? როგორი იყო მეუღლისთვის ეს განცდები?

საოცარი განცდები იყო, რაც ახლაც მაქვს გამოყოლილი. ფეხბურთელების მეუღლეები ვგულშემატკივრობდით ნაკრებს, მაგრამ როცა მოედანზე გიორგი დავინახე, დამატებით სხვა ნერვიულობა შემოვიდა. მას ჰქონდა დიდი პასუხისმგებლობა ნაკრებისა და ქვეყნის წინაშე. ბედნიერი ვარ, რომ გიორგიმ თავი ყველაფერს ძალიან კარგად გაართვა.

გიორგი, სპორტსმენისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ მომზადებას, რაც განაპირობებს მოედანზე წარმატებულ გამოსვლას. თქვენ გაწონასწორებული ადამიანი ჩანხართ, მაგრამ საკუთარ თავზე როგორ იმუშავეთ, რომ წნეხი და მოლოდინი გადაგეფარათ და მხოლოდ თამაშზე გეფიქრათ?

ფეხბურთელის კარიერა ხანგრძლივია და მუდმივად შედგება სტრესული მომენტებისგან. ფეხბურთელის წარმატების მთავარი კომპონენტი ამ სტრესის კონტროლია – როდესაც შენ შეგიძლია საკუთარი თავის ხელში აყვანა, შიში გადალახვა, იქ უფრო უკეთ გამოგდის ყველაფერი, იმიტომ, რომ თავდაჯერება გემატება. ბუნებრივია, ჩვენ არასდროს გვქონია ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შესაძლებლობა, მაგრამ გვქონია ძლიერი გუნდების წინააღმდეგ მოედანზე თამაშის გამოცდილება. როცა მოედანზე გადიხარ, გაქვს სტრესი, მაგრამ ერევი და გადალახვისკენ მიგყავს, ასეთ შემთხვევაში, საკუთარ შესაძლებლობებს უფრო კარგად ავლენ. გარკვეულწილად, სტრესი საჭიროც კია, არ შეიძლება მთლად მოშვებული ყოფნა. ჩვენთვის ეს იყო პირველი გამოცდილება, ვფიქრობ, სხვა ტურნირებში კიდევ უფრო დამაჯერებლად წარმოვაჩენთ თავს.

რასაკვირველია, ეჭვი არ გვეპარება… ყველაზე კარგი მომენტი ევრო 2024-ზე რა იყო თქვენთვის?

პორტუგალიასთან გამარჯვება, მსაჯის სასტვენი და ის მომენტი, როცა ყველა ჩვენგანი მოედანზე გარბის… ზღაპრის ბოლო მართლა კეთილია… აღმოვაჩინეთ, რომ თურმე ეს ზღაპარი არ არის. მეორე დილას, რომ გავიღვიძე, ვიპწკინე კანზე და აღმოვაჩინე, რომ ეს სიზმარი არ ყოფილა, ევროპის ჩემპიონატზე ეს იყო ჩემთვის დასამახსოვრებელი.

რონალდოს რომ ხელი შეუშალეთ ბურთის გატანაში, ეს არ დაგამახსოვრდათ?

სხვა ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, ალბათ, ამ კითხვას არ დამისვამდით, რადგან რონალდოა, ამიტომ გახდა საინტერესო საფეხბურთო ეპიზოდი. გუნდური წარმატება, რომ საქართველომ შეძლო მერვედფინალში გასვლა, ეს უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის…

გიორგი დიდი ხანია, ირანში თამაშობს, სადაც ოჯახის გარეშე უწევს ყოფნა. ლინდა, როგორია თქვენთვის მეუღლის გარეშე ყოფნა?

რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული გამოწვევაა. ირანში მე ჩავდივარ ძირითადად, თვეში ერთხელ, ან ორჯერ. ერთმანეთის გარეშე ყოფნაში მე უფრო უარყოფითს ვხედავ, ვიდრე დადებითს, მაგრამ მისი კარიერისთვის ასეა საჭირო და ყოველთვის გაგებით ვეკიდებოდი ამ ამბავს.

ამ ბოლო დროს გავიცანით გიორგი გველესიანი, როგორც ფეხბურთელი, თავისი საინტერესო ფილოსოფიური მოსაზრებებით და ა.შ. ლინდა, თქვენ რით მოგხიბლათ?

პირველ რიგში, გიორგი არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც ქალს სჭირდება მამაკაცში. ის, რომ კარგი მოსაუბრე და განათლებული ადამიანია, ეს დამატებითი ბონუსია. ქალი, პირველ რიგში, ეძებს ძლიერ პარტნიორს, რომლის იმედიც შეუძლია ჰქონდეს. ძალიან ერთგული ადამიანია და ვაფასებ მის ამ თვისებასაც…

გიორგი, სიყვარულის ამბავი თქვენ უნდა გკითხოთ…

ჩემმა მეუღლემ რამდენჯერმე უკვე ისაუბრა ტელეეთერებში, მაგრამ მე არასდროს მომიყოლია. ლინდა ვნახე ერთ-ერთ „ინსტაგრამ“-სთორიში, ჩვენს საერთო მეგობარს ედო მისი ფოტო. ერთმნიშვნელოვნად გადავწყვიტე, თუ როგორი ტიპაჟი უნდა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მომხიბლა ვიზუალურმა მხარემ, მერე კი ფანტაზიებს გასაქანი მივეცი, არ ვიცნობდი, თუმცა წარმოვიდგინე, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო – მაგალითად, ეწეოდა თუ არა სიგარეტს, ჩახლეჩილი ხმა ჰქონდა თუ წრიპინა. ჩემი თხოვნით, ჩემმა საერთო მეგობარმა მოაწყო შეხვედრა ისე, რომ ლინდამ არაფერი იცოდა. ძალიან ცოტა დრო მქონდა, ირანში უნდა გავფრენილიყავი. როცა ადამიანს პირველად ხვდები და იცი, რომ მეორედ შეხვედრის შესაძლებლობა, შეიძლება აღარ მოგეცეს შანსი და დაკარგო, პირდაპირ მივახალე, ვუთხარი, მომწონხარ-მეთქი. ალბათ, ცოტა შოკირებულიც იყო. როცა ადამიანი არ გიცნობს, მოდის პირდაპირ და გეუბნება, რომ მოსწონხარ, ბუნებრივია, გიჩნდება კითხვა, საიდან მოსწონხარ, რაზე დაყრდნობით… ალბათ, თავიდან იფიქრა, რომ თავზე ხელაღებული ვიყავი. ქარიზმატული ბუნების იდენტიფიცირებაც მოხდა, ალბათ. შემდეგ არ ამოვასუნთქე, შეტევას შეტევაზე ვახორციელებდი, სხვა გზა არ დავუტოვე და ბოლოს გამაბედნიერა თავისი თანხმობით, როცა გამომყვა ცოლად. შევქმენით ჩემთვის ყველაზე ძვირფასი რამ, ულამაზესი ოჯახი. ამ ადამიანმა შემმატა თავდაჯერება, ჩემს წარმატებას ვუკავშირებ მის ჩემთან ერთად ყოფნას. რაც უნდა ძლიერი იყოს მამაკაცი, ურთულესია რამე წარმატებაზე საუბარი, როცა ოჯახური ჰარმონია არ გაქვს.

ისე საუბრობთ, მგონი, წიგნი უნდა დაწეროთ. რომანტიკული ამბებისთვის არის ადგილი?

ლინდა:

მუდმივად დროის დეფიციტი გვაქვს და ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ გიორგიმ იცის სიურპრიზები, არის რომანტიკული, სულ ცდილობს გამახაროს, რადგან იცის, როგორი მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის.

გიორგი:

რომანტიკა ძალიან პირადული და ინდივიდუალურია – ზოგისთვის ვარდების მირთმევაა რომანტიკული, ზოგისთვის – კინოში წასვლა. მინდა, მიგახვედროთ, ჩვენთვის რომანტიკა რა შეიძლება იყოს, შეიძლება, ძალიან ბანალურიც კი, როცა ერთმანეთი გვენატრება. მაგალითად, წავაწყდი ფილმს, რომელიც მინდა, ლინას ვანახო, გადმოვიწერ და როცა ერთად ვართ, მინდა, ლინდასთან ერთად ვუყურო. ერთ ფილმს რომ ვნახავთ ერთად, შესაძლოა, ამანაც გაგვაბედნიეროს. ხშირად ვერ ვახერხებ, რომ რომანტიკული ვიყო. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, დღევანდელი ყოველდღიურობა იმდენად გადატვირთულია, რომ ზოგჯერ სახლში ასვლას და ტანსაცმლის გამოცვლასაც ვერ ახერხებ ადამიანი. მით უმეტეს, როცა ირანში ვცხოვრობ და საქართველოში მცირე ხნით ჩამოვდივარ, ამის მენეჯმენტი უფრო რთულია…

10 წლის შემდეგ როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავები და თქვენი ოჯახი?

ლინდა:

10 წლის შემდეგ, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დაბალანსებული ცხოვრება გვექნება, კიედვ უფრო მეტად შევსისხლხორცდებით, დროს დამატებით მოაქვს სიყვარული და მოგონებები. რა თქმა უნდა, ისევ ერთად ვიქნებით, ბავშვები კი უკვე გაზრდილები იქნებიან. წარმომიდგენია ბედნიერი მომავალი, რაც მთავარია, ერთად…

რამდენი შვილი გყავთ?

საერთო ერთი შვილი გვყავს, თუმცა ჯამში – ხუთი…

გიორგი:

მე მყავს ორი შვილი პირველი ქორწინებიდან, ლინდასაც – ორი შვილი, ასევე პირველი ქორწინებიდან. როცა მე ჩამოვდივარ, ჩემი შვილებიც ჩემთან მოდიან, როცა მე მივდივარ ირანში, დედასთან ბრუნდებიან. ლინდას შვილები და ჩვენი დუდუნა კი ერთად ცხოვრობენ.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან გამიჭირდება იმის თქმა, რა იქნება 10 წლის წინ. შევეცდები, რომ რაიმე სასიკეთო საქმე ვიპოვო.

როგორც ფეხბურთელს, რაიმე სინანულის შეგრძნება ხომ არ გაქვთ კარიერასთან დაკავშირებით?

არანაირი სინანული არ მაქვს. ხშირად მიფიქრია, რა შეიძლებოდა, უკეთ გამეკეთებინა. რა თქმა უნდა, ჩემს კარიერულ გზაზე თუ ცხოვრებისეულ საკითხებში, იყო ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორი, ჩემით თუ გარემოებებით გამოწვეული. პრობლემების გადალახვას თავისი ხიბლი აქვს. არაფერს ვნანობ, სინანულით არაფერს ვუყურებ, მთელი რიგი მომენტებით ვამაყობ. ყველაფერი რაც კარგად მთავრდება, კარგია… ერთადერთი, რასაც ყველგან ვამბობ, როცა მეკითხებიან, თქვენით ევროპული კლუბები ხომ არ ინტერესდებიანო, გაცნობიერებული მაქვს, რომ კარიერის ბოლო ეტაპზე ვარ, 33 წლის ასაკში მარკეტინგულად კარგად გასაყიდი „პროდუქტი“ არ ხარ, ლოგიკურია, რომ კარგი შემოთავაზებები ევროპული კლუბებისგან არ გამოჩნდეს, ჩემი კარიერა უფრო კარგად განვითარდებოდა, ეს შესაძლებლობა, რაც ახლა მომეცა, ადრე მქონოდა, მაგრამ ზოგ ფეხბურთელს საერთოდ არ მიეცა იმის საშუალება, რომ ეროვნულ ნაკრებში ეთამაშა, დიდი მადლობა ყველას, მწვრთნელებს, ფედერაციას, ქომაგებს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც რაიმე წვლილი შეიტანა ჩემი კარიერის განვითარებაში.

გიორგი, რას ეტყოდით ბავშვებს, რომლებიც ოცნებობენ ფეხბურთელობაზე?

ბანალურად გიპასუხებთ, არასდროს შეწყვიტოთ თქვენი ოცნებებისთვის ბრძოლა – ეს ვუთხარი ერთ პატარას, რომელიც სტადიონზე შემხვდა და მითხრა, რომ სურს, ჩემნაირი იყოს. არასდროს უნდა დანებდე…

გსურთ, თქვენი შვილები სპორტსმენები იყვნენ?

რა თქმა უნდა, მინდა, ჩემი ბიჭები ფეხბურთელები იყვნენ, მაგრამ თავიანთი არჩევანია. მინდა, თავად გაიკვალონ გზა, არ მინდა ჩარევა ისეთ რაღაცაში, რაც მათი მოსაგვარებელია. ფეხბურთელის გზა ია-ვარდით მოფენილი არ არის, ბევრი ეკალ-ბარდია, ამას მამა ვერ გაგატარებს და თუ გაგატარებს, წარმატებას ვერ მიაღწევ. გზა თავად უნდა გაიარონ, მე, რითაც შემეძლება, დავეხმარები!..

ინტერვიუ: ნინო მურღულია

ფოტო: დათუნა აგასი