LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ალბათ, ცალი ფეხით იქით ვიქნები, ცალი ფეხით აქეთ. ძალიან გამიჭირდება…“ – სოფო ხალვაშის უფროსი ქალიშვილი იტალიაში პრესტიჟულ უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ჩაირიცხა – როგორი დედაა ცნობილი მომღერალი

1781
სოფო ხალვაში

სოფო ხალვაშს ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლი აქვს, რადგან წლებია, ბათუმის მერის მოადგილეა. სწორედ მისი ორგანიზებით იმართება ამ ქალაქში. მთელი წლის განმავლობაში ღონისძიებები, სხვადასხვა კომპოზიტორის საღამო და მომღერლების ბენეფისები.

ახლახან სოფო ხალვაში თბილისში პროექტ „ქართულში“ მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა და სწორედ იქ შედგა ჩვენი ინტერვიუც.

სოფო ორი შვილის დედაა და ამბობს, რომ მის ცხოვრებაში ეს ყველაზე მთავარი მისიაა…

სოფო, ბათუმი კულტურის დედაქალაქად იქცა ბოლო წლებში და ამაში შენი წვლილია…

(იღიმის) მე ვარ ჩართული ბათუმის კულტურულ ცხოვრებაში 2018 წლიდან. დღემდე ამ ქალაქში უამრავი ღონისძიება გაიმართა, მაგრამ წლევანდელი წლიდან, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ 4 სეზონის განმავლობაში იმართება პროექტები. ჩვენ ვამზადებთ ბათუმობას, ახალი წლის დღეებს, 26 მაისის, პირველი ივნისის სადღესასწაულო ღონისძიებებს, ეს ის თარიღებია, რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენი ქალაქისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის. ვცდილობთ, ყველას მიეცეს საშუალება, რომ ჩვენს ქალაქში ღონისძიებები გამართოს. მოგეხსენებათ, ბათუმში უამრავი კარგი მუსიკოსია. ერთ-ერთი ღონისძიება, რომელსაც ხელს ვუწყობთ და ვაფინანსებთ, მზადდება აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს მიერ და არის საავტორო მუსიკის ფესტივალი. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ახალი ფესტივალი შეემატა ქალაქს და ეს ორმაგად უფრო სასიამოვნო და სასიხარულოა ჩემთვის. დაფინანსება სამჯერ თუ ოთხჯერ გაიზარდა. ადრე საერთაშორისო ფესტივალები იყო პრიორიტეტული, ახლა კი მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ხელი შევუწყოთ ასევე იმ ფესტივალებსაც, რომლებიც ახლა იწყებს არსებობას…

სოფო, ამ საქმიანობამ ბათუმის მერიაში ცოტათი უკან ხომ არ გადასწია შენი სასიმღერო კარიერა?

ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი მთავარი ამბავია სცენა, მაგრამ დავინახე ჩემი როლი სხვა საქმიანობაშიც – ვფიქრობ და მაქვს ის შეგრძნება, რომ საჭირო ვარ იმ ადამიანებისთვის კულტურის სფეროში, რომელთაც ხელშეწყობა სჭირდებათ. ვცდილობ, ვიყო ჩართული ჩემს სასიმღერო საქმიანობაში, მაგრამ ძველებურად, რა თქმა უნდა, ვეღარ.

ეს გულისწყვეტას ხომ არ იწვევს?

სადღაც კი, სადღაც – არა. ბევრი საქმე ერთად იყრის თავს, არის ხოლმე თავისუფალი დღეები, ამიტომ ბავშვებს ყურადღებას არ ვაკლებ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის.

უფროსმა ქალიშვილმა პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და სასწავლებლად იტალიაში მიეგმგზავრება…

ქეთომ ჩააბარა ინტერიერის დიზაინზე, მილანში, მარანგონის უნივერსიტეტში, რომელიც მოდის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასწავლებელია. მისი ხატვის ნიჭი და ხედვა ამ კუთხით ყოველდღიურად გვაოცებს. ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იპოვოს საკუთარი თავი. სამსახური უნდა იყოს სიხარულთან დაკავშირებული და ამ საქმეს სიამოვნებით უნდა აკეთებდე. ვფიქრობ, თავისი საქმით დიდ სიამოვნებას მიიღებს და ეს ძალიან მახარებს. მაქსიმალური დაფინანსება აიღო, რაც თავად უნივერსიტეტს ჰქონდა გამოყოფილი. მარანგონის უნივერსიტეტზე იმიტომაც შევაჩერეთ არჩევანი, რომ სამწლიანი სწავლებაა და არა ოთხწლიანი. მერე მაგისტრატურაზეც ვფიქრობთ. ინტერიერის დიზაინის შესწავლა, რა თქმა უნდა, ღირს სად თუ არა, იტალიაში.

ქეთოს გამგზავრების შემდეგ სხვა ქვეყანაში, როგორი იქნება შენი ცხოვრება, ამაზე ფიქრობ?

ძალიან მძიმე. ვფიქრობ, როგორ უნდა გადავანაწილო დრო, რადგან ცალი ფეხით იქით ვიქნები, ცალი ფეხით – აქეთ. რთულია, როცა შენს შვილს ეხება რაღაც. მაქსიმუმ ორი კვირით გამიშვია და ისიც რთულად გადავიტანე. ჩემს თავს ვეუბნები, რომ მთავარია, ქეთო იყოს კარგად, მისი არჩევანი კი სწორი აღმოჩნდეს.

მეორე ქალიშვილზეც მოგვიყევი…

მარიამ ძოძუაშვილი ძალიან მგავს ფიზიკურადაც და ისედაც. ბევრი მისწრაფება აქვს, სულ ეცვლება მისწრაფებები. მარიამი ხდება 13 წლის. სხვათა შორის, მუსიკალურ ნაწილშიც კარგად ვართ და ხატვის მიმართულებითაც. ახლა დაიწყო ყინულზე სრიალი და გადადებული აქვს თავი, სულ არის დარბაზში.

გენეტიკაში სპორტი აქვს…

ნამდვილად, მაგრამ ვნახოთ. მე არ ვაჩქარებ მოვლენებს. თავად არის ძალიან სულსწრაფი. სულ იმაზე ფიქრობს და დარდობს, რა პროფესია უნდა აირჩიოს, ჩვენ კი ვამშვიდებთ, რომ დრო არის და ყველაფერი წინ აქვს. ინსტრუმენტზე უკრავდა, ფორტეპიანოზე დადიოდა, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ თავი დაენებებინა. ძალიან კარგი სმენა აქვს, მღერის, მაგრამ ზოგჯერ უნდა, ზოგჯერ – არა.

გინდა, რომ მომღერალი იყოს?

ეს ისეთი რამაა, რაც აუცილებლად უნდა გინდოდეს შინაგანად, მაგრამ აუცილებელია, ჰქონდეს სხვა პროფესიაც. წინასწარ მაინც ვერ ვიტყვი ვერაფერს, რადგან მერე სხვანაირად სრულდება ხოლმე…. (იღიმის).

დედა-შვილს შორის როგორი ურთიერთობაა?

ძალიან მეგობრული. თუ მეგობრობა არ არსებობს, ვერც აღზრდა მოხერხდება და ვერც წინ წახვალ. მე და ჩემი შვილები, პირველ რიგში, ვართ მეგობრები და ყოველთვის ვარ საქმის კურსში, ვიცი ჩემი შვილების გადადგმული თითოეული ნაბიჯი.

თავად თუ გაქვს პროფესიასთან დაკავშირებით რაიმე სინანულის გრძნობა?

არა. რაც მინდოდა მთელი გულით, თავიდან ბოლომდე ვიყავი ჩართული. უფრო მეტის გაკეთება შემიძლია დღესაც, შესაძლებლობაც მაქვს და დროსაც გამოვნახავ, მაგრამ ვფიქრობ, ის ჟინი, რაც ადრე მქონდა, ასაკთან ერთად შემცირდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, ბევრი რამ შეიცვალა. ჩემ შემთხვევაში, მაშინ, როცა ჯერ ერთი შვილი გამიჩნდა, ხუთი წლის შემდეგ – მეორე. შენი პირადი თემები პირველ ადგილზე აღარ დგას. მირჩევნია, ჩემი სურვილები უკან გადავწიო, მაგრამ ჩემს შვილებს არაფერი მოვაკლო.

ბათუმში ცხოვრება როგორია?

როცა თბილისში გადმოვედი, 17-18 წლის ვიყავი. ხშირად ვიყავი დეიდასთან. მე თბილისმა სხვანაირად მიმიღო. ბათუმში თბილისის შემდეგ მიმიღეს. ეს ჩემთვის ძალიან ფასეულია და ამას არასდროს დავივიწყებ. საქმიანობის და ოჯახის გამო გადავედით ისევ ბათუმში და ჩემთვის ძალიან კარგი გარემოა, რა თქმა უნდა…

საოცნებო რა გაქვს?

ჩემი შვილები მინდა იყვნენ კარგად, რეალიზებული და თავი იგრძნონ ბედნიერად. სხვა რამეზე ვოცნებობ-მეთქი, რომ გითხრათ, არ იქნება სიმართლე. ალბათ, ყველა ქალის ცხოვრებაში დედობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და ჩემ შემთხვევაშიც ასე მოხდა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g