ლინა სიჭინავა ანსამბლ „სუხიშვილების“ ახალი თაობის მოცეკვავეა. სოციალურ ქსელში 18 წლის მომხიბვლელი გოგონა ძალიან აქტიურია. მის გაზიარებულ ვიდეოებს მილიონობით ნახვა და ათი ათასობით მოწონება აქვს. ახლახან ლინამ ერთ-ერთ ქორწილში ულამაზესი კაბით გაიბრწყინა და კვლავ მიიქცია საზოგადოების ყურადღება. fortuna.ge ლინას ახლოს გაგაცნობთ.
„სუხიშვილებში“ როგორ მოხვდით? რამდენი ხანია, ცეკვავთ?
მე ვარ ანსამბლ „სუხიშვილების“ ახალი თაობის მსახიობ-მოცეკვავე. 5 წლის წინ მივედი „სუხიშვილებში“. მანამდე ექვსი წლიდან ვცეკვავდი პატარა ანსამბლებში. ჯერ სტუდიაში მივედი და ძალიან დიდი შრომის შედეგად, მოვხვდი სტაჟიორთა ჯგუფში. ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ვვარჯიშობდი. ძალიან დიდი შრომის ფასად დამიჯდა ეს. გადასვლისთანავე კვლავ დიდი შრომა და აქტიური ვარჯიში, ცეკვების ათვისება მიმდინარეობდა. ამის შემდეგ ნელ-ნელა დამაკავეს კონცერტებში. ვფიქრობ, ბოლო პერიოდში უფრო გავიზარდე, როგორც მოცეკვავე.
რატომ გინდოდათ ამ ანსამბლის წევრობა?
ბავშვობიდან ჩემი ოცნება იყო, მეცეკვა „სუხიშვილებში“. პატარაობიდან ვეძებდი ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეთა ვიდეოებს. ვცდილობდი, იგივე მოძრაობები ამეთვისებინა.
ოჯახში გყავს მოცეკვავეები?
ოჯახში მხოლოდ მე ვარ მოცეკვავე. ჩემი ოჯახის წევრები ძალიან ბედნიერები არიან, რადგან ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივრები არიან. ყველანაირად გვერდში მიდგანან, მით უმეტეს, რაც ცეკვას ეხება.
ცეკვის გარდა რით ხარ დაკავებული?
ილიაუნიში მენეჯმენტზე ვსწავლობ, დავასრულებ სწავლას და დრო გვიჩვენებს, ამ პროფესიით თუ ვიმუშავებ. ვარ აქტიური ინფლუენსერობის მხრივ სოციალურ ქსელებში, ვთანამშრომლობ ბრენდებთან, დამოუკიდებელი მოდელი ვარ, არ მაქვს კონტრაქტი არც ერთ სააგენტოსთან. გარდა ამისა, ვმუშაობ სუხიშვილების აკადემიაში, ვასწავლი 5-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს ცეკვას.
სოციალურ ქსელებში შენს ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს…
თავიდან ტიკ-ტოკზე დავიწყე აქტიურობა, მგონი, 2018 წლიდან. ბავშვურ ვიდეოებს ვდებდი და ვარდებოდა. ახლა უკვე სხვა კონტენტი მაქვს. ძირითადად, მიდევს ცეკვის ვიდეოები, სარეპეტიციო დარბაზიდან, სცენიდან, კონცერტებიდან. ბევრი ჩვენი მეგობარი გათხოვდა „სუხიშვილებიდან“ და ძალიან ბევრ ქორწილში მომიწია წასვლამ. ქორწილის ძალიან ბევრი ვიდეო მიდევს, რამაც უამრავი ნახვა მოაგროვა.
ქორწილში „სუხიშვილების“ გამოსვლა ყოველთვის დიდი დღესასწაულია…
ბევრს ჰგონია, რომ ეს ცეკვები წინასწარ გვაქვს დადგმული. რეალურად ასე არ არის. ყოველდღიურად ვცეკვავთ და ჩვენთვის ძალიან მარტივია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ სად იდგება, არ გვჭირს ნახაზის აწყობა. ვფიქრობ, ეს ისედაც ძალიან ბუნებრივად ჩანს. რადგან „სუხიშვილების“ სახელი გვაქვს, ყველაფერი დადგმული ჰგონიათ, ნახაზებს კი მივყვებით, მაგრამ იმპროვიზაციაც არის.
რამე თუ გაქვს ჰობი?
ფოტომოდელობა არის ჩემი ჰობი.
ძველი თაობის მოცეკვავეებისგან რას სწავლობთ?
მუდმივად ყოველთვის ვაკვირდები მათ და ვცდილობ, ანსამბლის სტილის შესაბამისად ვიცეკვო, მათ მსგავსად, სრულყოფილად შევასრულო მოძრაობები. ყოველთვის ვეკითხები ხოლმე, რა შეიძლება, უკეთესად გავაკეთო.
რა კომპლიმენტებს იღებ გამომწერებისგან?
ყველა ერთსა და იმავე კომპლიმენტს მიწერს, ყველა თბილი სიტყვა და მხარდაჭერა მაყურებლისგან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მახარებს მათი ასეთი ყურადღება და სიყვარული. განსაკუთრებულ კომპლიმენტს ვერ გამოვარჩევ.
რა არის შენი მთავარი ოცნება, როგორც მოცეკვავის?
ჩემი მთავარი მიზანია, ვიცეკვო ანსამბლის შემადგენლობაში. დიდი შრომისა და მონდომების ფასად, იმედია, რომ გამომივა…
