ნინი შერმადინი მსახიობ გოგა პიპინაშვილისადმი საკუთარ დამოკიდებულებაზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.
„ფილმი „გარიგება“ – ნამდვილად ერთ-ერთი შედევრია ქართულ კინემატოგრაფიაში, იმედია, ამაზე ვთანხმდებით. აღარ ჩამოვთვლი სხვა როლებს… მოკლედ, მე ჩემი ისტორია მაქვს და მოვყვები. 9 წლის ვიყავი, როცა პირველად დიდ სცენაზე დავდექი, კონკურსზე „გაზაფხულის ზარები“. მოგეხსენებათ, ეს ის გარდამტეხი ასაკია, როდესაც ბავშვი ან აგრძელებს სცენაზე დგომას ან თავს ანებებს და სამუდამოდ რჩება კომპლექსი, „მე საკმარისად კარგი არ ვარ“.
მე გამიმართლა, იცით, რატომ? როცა ვერც ერთი საპრიზო ადგილი ვერ ავიღე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად ვიმღერე, მაშინ ყველაზე მთავარი ჯილდო მერგო ქართული კინოს ვარსკვლავისგან, გოგა პიპინაშვილისგან, არტ ჰოლში უფასო სწავლება. ეს ჯილდო ყველა გრანპრის და პირველ ადგილს მერჩივნა, მთელი გულწრფელობით ვამბობ. ამის შემდეგ გავდიოდით მასტერკლასებს ისეთ საოცარ მსახიობებთან, როგორიც გახლავთ მზია არაბული, ზინაიდა კვერენჩხილაძე, თავად გოგა პიპინაშვილი, ნანული სარაჯიშვილი და ა.შ. ამას მოჰყვა არტ ჰოლიდან ჩემი პირველი გასტროლი იტალიაში საერთაშორისო ფესტივალზე – „ევროფოლკი“, სადაც პირველი ადგილით დავბრუნდით. იქაც გოგა მასს ჩამაბარეს, რადგან დედა ვერ გამომყვა, მართლა მამასავით მივლიდა. ჩემსავით უფასო მოსწავლეებით სავსე იყო არტ ჰოლი, იმიტომ რომ ეს ადამიანი გახლავთ მოსიარულე სიკეთე და ადამიანობის მაგალითი.
გოგა მას! მადლობა, რომ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში. თქვენ, რომ არა ალბათ მე არც თეატრალურში ჩავაბარებდი და ალბათ, არც ვიმღერებდი. თქვენ იყავით ის პირველი და განუმეორებელი ჟიური, ვინც დამაჯერა რომ საკმარისად კარგი ვარ! მიყვარხარ და მინდა, ყოველთვის ჩემი იმედი გქონდეთ!
გოგა პიპინაშვილს იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ჩუმად და გაუხმაურებლად, თქვენ რომ არც დაგესიზმრებათ, ჩემნაირი უფულო და „უპატრონო ბავშვებისთვის“, ვის ოჯახსაც არც შესაძლებლობა ჰქონდა და არც სანაცნობო ჰყავდა. რადგან თვითონვე ახსენა ვიდეოში, მეც გავბედავ და ვიტყვი. ანო ჩვენთან ერთად გაიზარდა, ჩვენ რომ ვცეკვავდით ან ვმღეროდით უცებ გაიქცეოდა აიწევდა მუცელზე მაისურს, ხან გოგა, ხან დედიკო გაუკეთებდა ნემსს და მოირბენდა ისევ აგრძელებდა ჩვენთან ერთად ყოფნას. ახლა რაც შეეხება ძაღლებს, ანომ იპოვა ქუჩაში 7 ლეკვი წვიმაში და მიიყვანა სახლში. 7 ძაღლი ჰყავს შეფარებული, ქუჩაში ნაპოვნი, უვლის და პატრონობს, აქედან 4 დააბინავა, 3 ისევ თავისთან ჰყავს. დიაბეტი აქვს გოგოს, იხვეწება დამიბრუნეთო ან უკან მომყიდეთო. 68 წლის კაცი გამოდის და კაცურ სიტყვას იძლევა, მიგულეთ მეგობრადო, ადამიანი როცა ასეთი ტკივილით ჰყვება, რომ პატარა ლეკვი დაკარგა და თქვენ ამაზე ღლიცინებთ, ან ვითომ აშავებთ, ჯერ დაფიქრდით 1 პროცენტი მაინც თუ გაგიკეთებიათ რამე რაც გოგას და სიტყვა ბუმერანგი ცოტა ფრთხილად ახსენეთ. სირცხვილია მეგობრებო…
ადამიანის დარდი თქვენთვის თუ სასაცილოა მართლა გულწრფელად მეცოდებით.
პ.ს. თუ ვინმეს გყავთ ლეკვი და არ აჩენთ თქვენი სიამოვნების გამო, არ იფიქროთ, რომ სხვისი გამწარება შეგრჩებათ. იქნებ გეყოთ ადამიანობა და გამოაჩინოთ. სადღაც იქნებ კიდევ იყოს სინდისის ნაპერწკალი დარჩენილი…“
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე დღეა, მსახიობ გოგა პიპინაშვილის ძაღლი დაკარგულია, მსახიობი საზოგადოებას დახმარებას სთხოვს მის მოძებნაში.
