გოგი ხოშტარია პოლიტიკოს ქალიშვილზე, ელენეზე ჟურნალ „გზას“ უყვება და ამბობს, რომ შიმშილობის შესახებ მან და მისმა მეუღლემ მოგვიანებით შეიტყვეს.
ფოტო: ელენე ხოშტარიამ ლანა ღოღობერიძისგან მოულოდნელი საჩუქარი მიიღო
გოგი ხოშტარია:
„შიმშილობას რომ იწყებდა, არაფერი უთქვამს, მერე დედას და მე ბოდიში მოგვიხადა, რადგან ფაქტის წინაშე დაგვაყენა. მისმა მეუღლემ იცოდა. ელენეს ეს ნაბიჯი არ გამკვირვებია, მაგრამ გული მტკივა, რომ შიმშილობს, ვღელავ. არ ვეტყვი, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ვიცი, ამას აზრი არ აქვს. ამბობს, არ ვაპირებ სიკვდილსო და როცა ექიმებმა უთხრეს, დაუჯერა და ორჯერ გაიკეთა გადასხმა… ჩემი მეუღლე პარლამენტში სულ აკითხავს. მე კი არ დავდივარ, ასაკში ვარ, 83 წლის გახლავართ უკვე. ვიცი, ელენე ჩემზე ძალიან ღელავს და რომ დამინახოს, როგორ ვნერვიულობ, ეს არ მინდა, ამიტომაც არ მივდივარ იქ. თუმცა გაუჩერებლად ვურეკავ და ვიგებ, როგორ არის. ჩემი მეუღლეც მიყვება მის მდგომარეობაზე…“
როგორც გოგი ხოშტარია ამბობს, ბრძოლა საქართველოსთვის, საქართველო, როგორც უმაღლესი იდეალი, მის ქალიშვილში თავიდანვე იყო ჩადებული: „ ძლიერად აქვს განვითარებული დაჩაგრულის გამოქომაგების სურვილი. ყველას მხარში უდგას. 12-13 წლის იყო, როცა ჩვენს დავრდომილ, ლოგინად ჩავარდნილ ახლობელს ელენე უვლიდა. მას მომვლელი არ ჰყავდა, საკმაოდ შორს ცხოვრობდა და ელენე დადიოდა მასთან, თავისი ხელით აჭმევდა, საცვლებს უცვლიდა. მზრუნველობა ადამიანის მიმართ მის ხასიათშია. მას უკან დახევა არ სჩვევია და არ შეუძლია. ამიტომაც ახლა ძალიან ვღელავ მისი ამ თვისების გამო, მის ჯანმრთელობაზე“.