LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გონჩარენკო: არ ველოდებით თქვენგან HIMARS-სა და F16-ებს, მაგრამ გაქვთ თუ არა ერთი დანა ან ერთი ტყვია?.. მადლობელი ვართ ქართველი ხალხის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვართ საქართველოს ხელისუფლებით

163
gonCarenko palitra

ჩვენ ძალიან მადლობელი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, მაგრამ ძალიან უკმაყოფილო ვართ იმით, რომ საქართველოს ხელისუფლება საერთოდ არ დაეხმარა უკრაინას, – ამის შესახებ ტელეკომპანია „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის რადას დეპუტატმა, ალექსეი გონჩარენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, უცნაურია, რომ „საქართველოს ხელისუფლებას უკრაინისთვის არ გაუგზავნია არც ერთი ტყვია, არც ერთი დანა, სრულიად არაფერი რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად“.

„ეს ძალიან უცნაურია, რადგან როდესაც რუსეთი საქართველოს თავს დაესხა, უკრაინა იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერდა მას, არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ იარაღითაც. ახლა ჩვენ საქართველოს ხელისუფლება უარს გვეუბნება ყოველგვარ იარაღზე. ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომაა და ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ მხარეს არის ომში.  გეკითხებით, აქვს თუ არა საქართველოს ერთი დანა ან ერთი ტყვია? ეს არის პასუხი თქვენს კითხვაზე. ჩვენ არ ველოდებით საქართველოსგან HIMARS-სა და F16-ებს, ეს შეუძლებელია და ჩვენ კარგად გვესმის, მაგრამ თუნდაც ერთი იარაღი, ერთი ავტომატი, ერთი ტყვია, სიმბოლურად ცხადყოფს, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინას ჩვენს საერთო მტერთან ბრძოლაში. რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. რუსეთს აქვს ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიების 20%-ც და ჩვენ აბსოლუტურად ერთ მდგომარეობაში ვართ. ჩვენ გვესმის, რომ ქართული შეიარაღება არც თუ ისე ძლიერია და ნებისმიერი დახმარება სიმბოლურია, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება უარს აცხადებს დახმარებაზე.

საუბარი იმაზე, რომ თუ საქართველო ერთ ტყვიას მისცემს უკრაინას, ნიშნავს იმას, რომ საქართველო ჩაერთვება ომში, აბსოლუტური სისულელეა. ათობით ქვეყანა მთელ მსოფლიოში – ახალი ზელანდიიდან დაწყებული, ბალტიისპირეთის ქვეყნებით დამთავრებული და მრავალი სხვა, რომელიც რუსეთის ფედერაციის მეზობელია, უკრაინას მხარს იარაღით უჭერდა და ეს აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ისინი ომში არიან ჩართული. ისინი უბრალოდ უკრაინას უჭერენ მხარს. იგივე სიტუაციაა აქაც. ეს ანტიდასავლური პროპაგანდა აჩვენებს, რომ მოსკოვის გავლენა საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ძლიერია. მე ძალიან მიყვარს საქართველო. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქვეყანა, რაც კი ოდესმე მინახავს და ქართველები გულუხვი და შესანიშნავი ხალხია. ბევრი ქართველი ჩემი მეგობარია და ჩემთვის ძალიან მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ აფერხებს საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას ამ ისტორიულ დროს“, – განაცხადა გონჩარენკომ.

რაც შეეხება საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებების ურთიერთობას, გონჩარენკოს თქმით, “პრობლემა ცუდ სიტყვებში არ არის, პრობლემა ცუდ მოქმედებებშია”.

„თუ საქართველოს ხელისუფლება შეიცვლის პოზიციას და დაიწყებს იარაღის მიწოდებას, ეს დამოკიდებულება შეიცვლება, რადგან ჩვენ საბავშვო ბაღის ბავშვები არ ვართ. ჩვენ ზრდასრულები ვართ ძალიან რთულ სამყაროში, სადაც მთავარია, რას აკეთებ და არა რას ამბობ“, – აღნიშნა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g