თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გონიოში, ზღვაში ორი ჯარისკაცის სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში აშშ-ს ევროპული სარდლობის სამხედრო ძალებია ჩართული. ორი სამხედრო მოსამსახურის სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს.
მომხდართან დაკავშირებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეთანხმებით, დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის II ნაწილით.
”სპეციალური ოპერაციების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე – კაპრალი იაგო შარაძე და I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი, რომლებიც მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ, შავ ზღვაზე გეგმიურ საზღვაო სპეცდანიშნულების სწავლებაში მონაწილეობდნენ. საწვრთნელი ვარჯიშის დროს, ზღვაში სიღმითი ჩაყვინთვის შემდეგ, გიორგი ნანიტაშვილმა და იაგო შარაძემ ვერ შეძლეს ზღვის ზედაპირზე ამოსვლა და ამ დრომდე მათი ადგილსამყოფელი დაუდგენელია”, – ნათქვამია განცხადებაში.