გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდსა (გპფ) და ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ ჰიპერმარკეტების ქსელს „გორგია“ შორის ურთიერთთანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობას და დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნასა და განვითარებას საქართველოში.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს „გორგიას“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე გურულმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა ზურაბ კერვალიშვილმა.
მემორანდუმის მნიშვნელობის შესახებ გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ „გორგიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინა ოქროპირიძემ ისაუბრა:
დეკორატიული მებაღეობის სასწავლო პროგრამა მოიცავს დეკორატიული მცენარეების სისტემატიკისა და კლასიფიკაციის საფუძვლებს, სამუშაო გარემოს სწორ ორგანიზებას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვით. მონაწილეები ასევე შეისწავლიან შიდა და გარე სივრცეებში დეკორატიული მცენარეების დარგვასა და მოვლას.
„გორგია აკადემიის“ მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კადრები, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სხვადასხვა სირთულისა და ტიპის სამუშაოს შესრულებას როგორც გარე, ისე შიდა სივრცეების დეკორატიული მცენარეების მიმართულებით.
სასწავლო პროგრამა მოიცავს 9 კვირიან კურსს. სწავლა დაფინანსდება 100%-იანი სტიპენდიით.
მიღება გამოცხადდება აპრილის ბოლოს, ხოლო სასწავლო პროცესი დაიწყება 2026 წლის მაისში.
რეგისტრაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2 960 960
გპფ ერთ-ერთი პირველი კერძო ფონდია საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან საგანმანათლებლო პროექტებს აფინანსებს. ფონდის ფილანთროპია 6.5 მილიონ ლარს აღემატება, ხოლო მისი ჩართულობით საქართველოში უკვე 65-ზე მეტი საგანმანათლებლო პროექტი განხორციელდა.
„გორგია“ ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელია, რომელმაც 2024 წელს „გორგია აკადემია“ შექმნა. მას უკვე 300-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს. აკადემიაში ხელმისაწვდომია 7 სასწავლო კურსი, საქართველოში სამ ქალაქში: თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში. კურსდამთავრებულს გადაეცემათ საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატები.
(R)
