ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში ვაპირებთ გორის ქარის ელექტროსადგური გავასხვისოთ, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო ქონების პრივატიზების გეგმებზე საუბრისას განუცხადა.
როგორც მინისტრი ამბობს, სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილია საკმაოდ რთული საპრივატიზაციო ობიექტები, რომელთა გაყიდვამდე სპეციალური მომზადებაა საჭირო.
„ახლა რაც დარჩა გასასხვისებელი, საკმაოდ რთული ობიექტებია. ესენია ისეთი ობიექტები, რომელთაც სპეციალური მომზადება სჭირდება. მაგალითად, ჩვენ დაახლოებით ერთ თვეში, თვენახევარში ვაპირებთ გორის ქარის ელექტროსადგური გავასხვისოთ, რომელსაც აქვს EBRD-ს სესხი, აქვს თავისი ვალდებულებები, ცვლილებები. ესაა მოსამზადებელი ობიექტი. პირობითად ასეთივეა „საქართველოს ფოსტა“. სხვა ობიექტებიც გვაქვს, რომელთაც სჭირდებათ შეფუთვა,“ – აცხადებს ნათია თურნავა.