გორის რაიონში ახალი საკონსერვო ქარხანა გაიხსნება, რომლის მშენებლობაც თითქმის დასრულებულია და მუშაობას გვიან გაზაფხულზე დაიწყებს. საკონსერვო ქარხნის ბრენდის სახელი კი „ბატონო“ იქნება.
”ახალი ქარხანა იმუშავებს საკონსერვო პროდუქციის წარმოების მიმართულებით. ძირითადად ორიენტირებული იქნება კომპოტების და წვენების წარმოებაზე, თუმცა გარკვეული რაოდენობით იგეგმება მწნილებისა და ტყემლის წარმოებაც. პროდუქციის გარკვეული ნაწილი რეალიზაციაში გაეშვება 2016 წლის ზაფხულიდან. ნედლეულის – ხილის და ბოსტნეულის მიღების პარალელურად მოხდება პროდუქციის ასორტიმენტის ეტაპობრივი გაფართოვება და წლის ბოლომდე ქსელში წარმოდგენილი იქნება სრული ასორტიმენტი”, – განაცხადეს შპს ”ბატონოში”.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, „ბატონოს“ ბრენდის ფასები იქნება მისაღები ქართველი მომხმარებლისათვის. ”კომპანიის მენეჯმენტი მაქსიმალურად ეცდება რომ მომხმარებელმა შეძლოს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიღება მინიმალურ ფასად. „ბატონოს“ პროდუქცია იქნება 100%-ით ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა, ყოველგვარი ქიმიური დანამატების გარეშე. წარმოებაში არ იქნება გამოყენებული ნედლეული, რომელიც შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს”, – განაცხადეს ახალ საკონსერვო ქარხანაში.
საკონსერვო ქარხნის წარმოება დაფინანსდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში და ამ ეტაპზე პროექტის განხორციელებისათვის ჩაიდო 1 000 000 ლარზე მეტის ინვესტიცია. ახალ საწარმოში მუდმივად დასაქმდება 40-50 ადამიანი, ხოლო სეზონურად 80-90 ადამიანი. პირველ ეტაპზე პროდუქციის რეალიზაცია მოხდება საქართველოში, სხვადასხვა ქვეყანაში პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმოების შემდეგ კი პროდუქცია ექსპორტზეც გავა.